საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა ჰერცილიის ინტერდისციპლინარულ ინსტიტუტში

დიდი მადლობა ჩემი აქ მოწვევისათვის და იმისათვის, რომ მომეცით შესაძლებლობა მქონდეს ურთიერთობა სტუდენტებთან.
მაქვს საშუალება გავიხსენო ჩემი წარსული გამოცდილება, რომელიც თქვენც ახსენეთ და უკავშირდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA) საქმიანობას. ამ ინსტიტუტში ძირითადად წარმოდგენილია ის მიმართულებები, რომლებიც თქვენ ახსენეთ, მაგალითად, მმართველობის სკოლა, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა, ადგილობრივი მთავრობის სკოლა.
ჩვენ ასევე გვქონდა დისციპლინური დისკუსიებისა და სტუდენტებთან ინტერაქციის შესაძლებლობა, სადაც ვმსჯელობდით ჩვენს გამოწვევებზე, მათზე რეაგირების გზებზე. ასევე სწორედ იყო აღნიშნული, რომ ჩვენ გვაქვს ბევრი საერთო, რომელიც ემყარება ჩვენს ერებს შორის ხანგრძლივ ურთიერთობას.
მე წარმოვადგენ ქვეყანას, რომელიც მდებარეობს ძალიან დიდი გამოწვევებისა და შესაძლებლობების სივრცეში.  ეს გამოწვევები და შესაძლებლობები არსებობს 3000 წლის განმავლობაში, რომლის დროსაც გვიწევდა ბრძოლა ჩვენი იდენტობისათვის, დამოუკიდებლობისა და სახელმწიფოებრიობისათვის იმ დიდ იმპერიებთან, რომელთა ინტერესებიც გადიოდა ჩვენს ქვეყანაზე. საქართველომ ისრაელის მსგავსად შეძლო თავისი იდენტობის, სახელმწიფოებრიობის შენარჩუნება და მისი გაძლიერება 21-ე საუკუნეში.
საბჭოთა კავშირის დაშლიდან ჩვენ დავიწყეთ საკუთარი სახელმწიფოს მშენებლობა, რომელიც ეფუძნება ჩვენს წარსულს. ეს წარსული საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ებრაელ ხალხთან და ებრაულ დასახლებებთან საქართველოში, რომელიც გაჩნდა ტაძრის პირველი დანგრევის შემდეგ. ამ დროიდან მოყოლებული ებრაული დასახლება მშვიდობიანად და მცირედი კონფრონტაციის გარეშე ცხოვრობს ქართველ ხალხთან ერთად.  ამ 10 საუკუნის განმავლობაში ჩვენ ერთად ვაშენებდით ქართულ სახელმწიფოს.
ებრაული დასახლებები, საქართველოში ეთნიკური ქართველების მსგავსად, ბევრი პრობლემის წინაშე დგებოდნენ და ამ პრობლემების შემდეგ ისინი ქართველებთან ერთად კვლავ ცდილობდნენ სახელმწიფოს თავიდან აშენებას.
ისრაელი და საქართველო წარმოადგენენ სტაბილურ ერებს, რაც ემყარება ჩვენს ისტორიას და ასევე იმ ფაქტს, რომ ვართ პატარა ერები და ვაკონტროლებთ პატარა ტერიტორიებს.
 
21-ე საუკუნეს მოაქვს ახალი გამოწვევები. საქართველოს უამრავი გამოწვევა აქვს რეგიონში. ჩვენ ვემეზობლებით თურქეთს, სომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს. ასევე, ევროპასაც შავი ზღვის გავლით. ამ თვალსაზრისით, ჩვენ ვცდილობთ, რომ კავკასია ვაქციოთ შესაძლებლობების რეგიონად, სადაც აღმოსავლეთის ქვეყნები, განსაკუთრებით, კასპიის ზღვის აუზიდან და დასავლეთის ქვეყნები გამონახავენ შესაძლებლობებს პარტნიორობისათვის, თანამშრომლობისა და საერთო პროექტების განვითარებისათვის.
საქართველოს, რომელიც თავისი მდებარეობით ასრულებს სატრანზიტო ფუნქციებს, ძალიან კარგი მეზობლური ურთიერთობები აქვს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და ავითარებს სატრანზიტო მარშრუტებს. ამავე დროს, გვაქვს სერიოზული პრობლემები რუსეთის ფედერაციასთან. პატარა ქვეყნისათვის, რომლის მოსახლეობა 4 მილიონია, ეკონომიკა სათანადოდ არ არის განვითარებული და წარმოადგენს ახალ დემოკრატიას, ძალიან რთულია დაძაბულობა ისეთ დიდ სახელმწიფოსთან როგორიც რუსეთია. როგორც საუბრისას აღვნიშნე, საქართველო ოკუპირებულია და დროებით დაკარგული აქვს საკუთარი ტერიტორიის 20% და ქართველები, ეთნიკური იდენტობის გამო, გახდნენ იძულებით გადაადგილებული პირები საკუთარ ქვეყანასა და სახელმწიფოში.
რა არის ამ შემთხვევაში ჩვენი მიდგომა? ჩვენ ძალიან ძლიერი ერი ვართ, რომლსაც მოუწია არაერთი სირთულის გადალახვა;  ერი, რომელმაც შეინარჩუნა თავისი იდენტობა, ენა, ანბანი, რომელიც ერთერთი უნიკალური დამწერლობაა მსოფლიოში.
ჩვენ შევძელით ყოველივე ამის შენარჩუნება 3000 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ გავაგრძელებთ არსებობას და გავაძლიერებთ საკუთარ სახელმწიფოს. მსგავსი განწყობაა თითოეულ ქართველში და ეს არის ის, რის საფუძველზეც ვმოქმედებთ ქართველი პოლიტიკოსები, როდესავ ვფიქრობთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე.
ჩვენ არასოდეს შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას და ჩვენი მეზობელი სახელმწიფოს მხრიდან სუვერენიტეტისა და იმ უფლებების დარღვევას, რომლებიც აღიარებულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ.
მიუხედავად ამ სირთულისა, ჩვენ ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ეს დამოკიდებულება არ შეიცვლება. გარდა ამისა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციის, ლტოლვილების არსებობის მიუხედავად, რომლებსაც იძულებით მოუხდათ საკუთარი სახლების დატოვება, ჩვენი დამოუკიდებლობა, არჩევანის თავისუფლება არ შეიცვლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ხანდახან შენს წინააღმდეგ მიმართული ძალისხმევის მიზანია თავისუფლების, თავისუფალი არჩევანის შეზღუდვა, რომ ვეღარ შეძლოს საკუთარი განვითარების გზის განსაზღვრა. თუმცა ჩვენ ძალიან მტკიცე დამოკიდებულება გვაქვს, რასაც ხედავს საკუთარი საზოგადოება, პარტნიორები და ის სახელმწიფოები, რომლებიც ცდილობენ პრობლემები შეგვიქმნან. ოკუპაცია არ შეცვლის ჩვენს ბედს.
კიდევ ერთი პრინციპული მიდგომა მდგომარეობს პრობლემების დასაძლევად მშვიდობიანი გზების მონახვაში. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვაკონტროლებთ ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტს და ჩვენი მოქალაქეების უფლებები შელახულია, იმ ეთნიკურ ჯგუფებს, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოს ტერიტორიაზე, ჩვენ განვიხილავთ როგორც საქართველოს მოქალაქეებს.
ოდესღაც ჩვენ ვიცხოვრებთ გაერთიანებულ საქართველოში, სადაც ყველა ამ ეთნიკური ჯგუფის უფლებები იქნება დაცული და აღიარებული ქართული საზოგადოების მიერ. ეს მნიშვნელოვანია, რადგან ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობისათვის აუცილებელია ყველა ინდივიდის, ჯგუფების უფლებისა და თავისუფლების აღიარება. ეს ის არის, რასაც ჩვენ წარსულიდან ვიღებთ. თუ ისრაელის წარსული დაკავშირებულია მეფე დავითთან, თქვენი ისტორიის ერთ-ერთ ლეგენდარულ პერიოდთან, ჩვენი ისტორიაც დაკავშირებულია მეფე დავითთან, რომელიც გვაძლევს ძლიერი ქართული სახელმწიფოს მაგალითს, რაც გულისხმობს ყველა მხარის გაერთიანებას ერთ ძლიერ საქართველოში. იმ დროსაც ძალიან რთული ვითარება იყო. ქვეყნის ნაწილი ოკუპირებული იყო სხვადასხვა ძალების მიერ, ხოლო მეფე დავითმა მისცა შესაძლებლობები ყველა რელიგიურ, ეთნიკურ ჯგუფს, რომ შეენარჩუნებინათ საკუთარი უფლებები და იდენტობა მას შემდეგ, რაც საქარველო გაერთიანდა. ეს არის ის, რაც წარსულთან გვაკავშირებს.
ჩვენ ვცდილობთ ყველა შესაძლებლობის გამოყენებას, რომელიც ჩვენს გარშემო არსებობს. ჩვენ ვართ ქვეყნა, რომელსაც აქვს დიდი ეკონომიკური პოტენციალი, მზარდი ეკონომიკური ურთიერთობები ევროკავშირთან, ჩვენ ვცდილობთ აქტიურად დავუკავშიროთ ერთმანეთს აღმოსავლეთისა და დასავლეთის სახელმწიფოები, ჩვენ ასევე გამოვირჩევით ბიზნესის კეთებისა და დაწყების სიმარტივით, დაბალი კორუფციისა და კრიმინალის მაჩვენებლით. ბოლოს, ჩვენ ვართ საზოგადოება, რომელიც ცხოვრობს და ვითარდება მრავალფეროვნებაში, რაც არის ჩვენი ქვეყნის არსის გამომხატველი.
როდესაც მე ვსაუბრობ თქვენთან, როგოც მომავალ ლიდერებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, მინდა ხაზი გავუსვა საერთო მახასიათებლებს. ჩვენ ერთდროულად გვაქვს ბევრი გამოწვევა და შესაძლებლობა. როდესაც ხარ პატარა სახელმწიფო, პრობლემების გადაწყვეტა შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანი თანამშრომლობისა და მოლაპარაკებების გზით. ჩვენ გვაქვს ამ კონცეფციის რწმენა, რომელიც გამყარებულია საერთაშორისო დოკუმენტებით. ჩვენ ვეყრდნობით როგორც პატარა, ისე დიდი სახელმწიფოების არჩევანის თავისუფლებას. ამ თვალსაზრისით, საქართველოს ბევრი რამის გაზიარება შეუძლია და დაახლოებით იგივე განწყობას ვხედავთ ჩვენს ებრაელ მეგობრებში.
მინდა ბოლოს მოგიყვეთ რეგიონში არსებულ სირთულეებზე. საქართველო პირველი მაგალითი იყო, როდესაც რეგიონის უსაფრთხოებას შეერყა საფუძველი. ეს ბუნდოვნება განპირობებული იყო რუსეთის მხრიდან, რომელმაც 2008 წელს გადაწყვიტა ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია.
 
სათანადო რეაგირების არ ქონის გამო დავინახეთ, რომ უკრაინას იგივე ბედი ეწია.  რადგან უკრაინის მაგალითზეც ვერ ვხედავთ ერთიან გზავნილს აგრესიის დაუშვებლობაზე, ვხედავთ, რომ რეგიონში უფრო მეტი სირთულე იქმნება, რასაც ემატება ახალი პრობლემებიც სირიის, ISIS-ისა და სხვა მაგალითების ხარჯზე.
ჩვენ გვსურს, რომ იყოს უფრო მყარი პოზიცია და სახელმწიფოთა უფლებების მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ეს არის ძირითადად რისი თქმაც მინდოდა, უმჯობესი იქნება თუ მოგცემთ კითხვების დასმის საშუალებას და დისკუსიას გავაგრძელებთ ინტერაქციულ რეჟიმში.
 
  • გამარჯობა, ჩემი სახელია მარკი, მე ვარ რუსეთიდან. როდესაც თქვენ საუბრობდით, რუსეთზე, ის წარმოაჩინეთ როგორც საქართველოს ყველაზე დიდი მტერი. ჩვენ ვხედავთ, რომ სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელი ქვეყანაა და რუსეთს არ სურს, რომ ის იყოს მისი ნაწილი. ერთადერთი რაც გვინდა, არის დიპლომატიური, მეგობრული ურთიერთობების დამყარება. გარდა ამისა, ქართველები, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, არ ფიქრობენ, რომ რუსეთი მათი მტერია. თქვენ რატომ თვლით ასე?
მე მიხარია, რომ ეს თქვენი მოსაზრებაა და გსურთ საქართველოსთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება. ეს არის ის, რის მიღწევასაც ჩვენ ვცდილობთ. გვაქვს ახლო მეგობრული ურთიერთობები თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან და გვაქვს მზაობა რუსეთთან ამგვარი ურთიერთობისა, თუმცა მეგობრობა ვერ ჩამოყალიბდება, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის სამხედროები გააგრძელებენ ყოფნას ჩემს ქვეყანაში.
მე ვფიქრობ, რომ ბევრ ქართველს, მათ შორის მეც, აქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება რუსი ხალხის, კულტურის მიმართ, თუმცა არსებობს ერთი სიცხადე: არ შეიძლება, რომ ოკუპირებული ვიყო მეგობრის მიერ და პირველ რიგში, უნდა მოგვარდეს ეს საკითხი. მე ვფიქრობ, რომ რუსი ერის და კულტურის ნებისმიერი წარმომადგენელი ასევე აქტიურად უნდა მოითხოვდეს თავის სახელმწიფოსგან, რომ ჰქონდეს მეგობრული ურთიერთობები პატარა სახელმწიფოსთან, რომლის ინტერესებიც შეიბღალა. მე ვფიქრობ, რომ გამოსავალი არის რაციონალური დიალოგი, სადაც პატივს ვცემთ და ვაღიარებთ ერთმანეთის უფლებებს და მივმართავთ დიპლომატიურ ფორმატებს სამხედრო აგრესიის ნაცვლად.
 
  • ძალიან მოხარულები ვართ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტით ჰერცილიის ინტერდისციპლინარულ ინსტიტუტში, რომელიც  არის წამყვანი კერძო უნივერსიტეტი ისრაელში. მე აღფრთოვანებული ვარ პრეზიდენტის ცოდნითა და გონიერებით და ვფიქრობ, რომ ეს იყო ერთ-ერთი გამორჩეული საუბარი ჩვენს უნივერსიტეტში ბოლო ხანებში.
 
  • საინტერესო იყო იმ საერთო გამოწვევების დანახვარომლებიც საქართველოსა და ისრაელის წინაშე დგას მიუხედავად, მათ შორის ტერიტორიული სიშორისა: ორივე სახელმწიფო არის პატარა ზომის, აქვს გამოწვევები უსაფრთხოების თვალსაზრისით, იბრძვის დამოუკიდებლობისათვის და .. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საუბარი შედგა სტუდენტებთან, რადგან პრეზიდენტი წარმოადგენს იმ მაგალითს, რომელსაც გვსურს, რომ ჩვენი სტუდენტები გაყვნენ: მეცნიერი, ფილოსოფოსი, რომელმაც გადაწყვიტა დაეტოვებინა უნივერსიტეტის კომფორტული სავარძელი, რათა ემსახუროს ხალხს, როგორც პოლიტიკოსმა და ჩვენ ვიცით, თუ რა რთულია იყო პოლიტიკოსი. ეს არის, რასაც ჩვენ საკუთარ სტუდენტებს ვურჩევთ, რომ მიიღონ აკადემიური ცოდნა და გამოცდილება და ემსახურონ თავიანთ საზოგადოებასა და ქვეყანას.