საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შეხვდა

პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი დღეს მარნეულის მუნიციპალიტეტში აზერბაიჯანელ ჟურნალისტებს შეხვდა, რომლებიც სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიწვევით პროექტის "საქართველო აზერბაიჯანელი ჟურნალისტების თვალით" ფარგლებში ჩამოვიდნენ. ჟურნალისტები საქართველოში ეროვნული და რელიგიური უმცირესობების მდგომარეობით, ასევე ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრაციასა და პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის დეტალებით დაინტერესდნენ. პრეზიდენტის მრჩეველი მათ იმ პროექტებზე ესაუბრა, რომლებიც ეთნიკური უმცირესობების ქართულ საზოგადოებაში ინტეგრირებას უწყობს ხელს, მათ შორისაა ქართული ენის შემსწავლელი პროგრამა, პროგრამა ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი აბიტურიენტებისთვის და სხვა. საუბარი ასევე შეეხო მეჩეთების მშენებლობის საკითხს თბილისსა და ქვემო-ქართლში.
შეხვედრას მარნეულის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ესწრებოდნენ.