საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დღეს ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრის მთავარი თემა ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების ეკონომიკური მიმართულები იყო. შეხვედრისას საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკის ინკლუზიური განვითარების მნიშვნელობა, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, რეგიონის ეკონომიკური თანამშრომლობა, ლარის კურსის მერყეობა და ეკონომიკური ზრდის შენელება, კონკურენციის პოლიტიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის მცირე წილი ეკონომიკაში, ბიზნესგარემოს გაუარესების რისკის არსებობა, მთავრობის მხრიდან მეტი კომუნიკაციის საჭიროება ბიზნესთან, ეკონომიკური გუნდის მხრიდან სტრატეგიული ხედვის არსებობა ეკონომიკაში და შესაბამისად აღნიშნული მიმართულებით გადაწყვეტილებათა სწრაფად მიღების აუცილებლობა.
როგორც გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, შეხვედრაზე მოხდა საქართველოს პრეზიდენტის პარლამეტში დაგეგმილი ყოველწლიური მოხსენების ეკონომიკური პრინციპების წარდგენა და ბიზნეს კომპანიების მხრიდან გამოითქვა მოსაზრებები აღნიშნულთან დაკავშირებით.
გიორგი აბაშიშვილთან შეხვედრას 20-ზე მეტი ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი დაესწრო.
სახელმწიფოს მეთაურის ყოველწლიური მოხსენება საქართველოს პარლამენტში მომდევნო კვირას არის დაგეგმილი. გამოსვლის მოსამზადებელად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სხვადასხვა სექტორთან შეხვედრები იმართება.