საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი EBRD-ის ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი დღეს გამართულ EBRD-ის ყოველწლიურ ღონისძიებას დაესწრო. 
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით EBRD-ის ყოველწლიური ღონისძიება არის შესაძლებლობა, რომელიც მთავრობამ ბიზნესს მისცა.
“ახლა უკვე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ბიზნესმენებზე და მათ აქვთ შესაძლებლობა, კონკრეტული წინადადებით მოახერხონ უცხოელი კოლეგების დაინტერესება, კავშირების დამყარება, რაც შემდგომში იქნება წყარო ინვესტიციებისთვის.
ფაქტი, რომ EBRD-მა გადაწყვიტა, ჩაატაროს თავისი ყოველწლიური შეხვედრა ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, თავისთავად მსოფლიოს უმაღლესი რანგის უმსხვილესი ინვესტორებისთვის ძალიან სერიოზული მესიჯია. EBRD-ი არ შეარჩევდა ქვეყანას, რომელსაც არ აქვს განვითარების პერსპექტივა, არ არის ორიენტირებული რეფორმებზე და არ გააჩნია დიდი პოტენციალი. ეს ყველაფერი კი ხაზს უსვამს რომ საქართველოს აქვს მნიშვნელოვანი საინვესტიციო შესაძლებლობები და საინტერესო ქვეყანაა ინვესტორებისთვის.“- განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა.