საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე - აზერბაიჯანთან ურთიერთობები, როგორც პოლიტიკური, ისე ენერგოუზრუნველყოფის კუთხით უალტერნატივოა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძემ საქართველოს მთავრობის მიერ „გაზპრომთან“ წარმოებული მოლაპარაკებების შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა.
ჩიხრაძის განცხადებით, საქართველოს „გაზპრომთან“ ურთიერთობის  ძალიან მწარე გამოცდილება აქვს, არსებობს  ასევე, ჩვენი პარტნიორების ევროპული გამოცდილებაც, როდესაც „გაზპრომის“ გამოყება ხდებოდა პოლიტიკურ იარაღად.
„პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამ საკითხის შესწავლა მიმდინარეობს. ჩვენთვის, საქართველოს ხელისუფლებისათვის, უმნიშვნელოვანესია ქვეყნის სტრატეგიული ურთიერთობები აზერბაიჯანთან. ეს ურთიერთობები, როგორ პოლიტიკური,  ისე ენერგოუზრუნველყოფის და ენერგოდამოუკიდებლობის თვალსაზრისით უალტერნატივო და უნიკალურია“, -აღნიშნა ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აზერბაიჯანთან ურთიერთობას უნდა გაუფრთხილდეს, მით უფრო, რომ დღევანდელი მოცემულობით, საქართველოსათვის  ბუნებრივი აირის მოწოდების დივერსიფიცირების აუცილებლობა არ არსებობდა.
„ისიც ვიცით, რომ აზერბაიჯანიდან მოწოდებული ბუნებრივი აირი ერთგვარად დივერსიფიცირებულიც არის - გაზის ნაკადის შემცირების არანაირი საფრთხე არ არსებობდა და არ იგეგმებოდა ფასის ზრდა. 
აქედან გამომდინარე, პრეზიდენტის ადმინისტრაცია მიიჩნევს, რომ საკითხი ძალიან მგრძნობიარე და მნიშვნელოვანია და პირადაპირ უკავშირდება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას“, - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს პოლიტიკურ საკითხებში მრჩევლად დანიშნა.