საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

დღეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ეკონომიკის საკითხებში გიორგი აბაშიშვილი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფონდების წარმომადგენლებს შეხვდა.
საუბრისას მათ ასოცირების შეთანხმების ფარგლებში სავაჭრო და ეკონომიკური საკითხები განიხილეს. შეხვედრისას, ყურადღება ბიზნესწრეებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის აუცილებლობაზე გაამახვილეს და ამ მიმართულებით დაგეგმილ აქტივობებზე იმსჯელეს.
„დღევანდელი შეხვედრა შეეხებოდა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებიდან გამომდინარე ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოსახლეობის, მცირე და საშუალო ბიზნესის ინფორმირებასთან დაკავშირებულ საკითხებს. გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება. ხაზგასმით აღინიშნა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში სახელმწიფოს მხრიდან განსახორციელებელი რეფორმების დროს, რეფორმების წარმატებულობის ხაზი ხშირად სწორედ მოსახლეობის სათანადო ინფორმირებასა და, შესაბამისად, მოსახლეობის მხარდაჭერაზე გადის. ამ მიმართულებით ვისაუბრეთ სამომავლო გეგმებზეც, იმ პროექტებზე, რომლებიც შეიძლება განხორციელდეს. ვფიქრობთ, არის საინტერესო ინიციატივები, კონკრეტული იდეები და უკვე გადავდივართ აქტიურ თანამშრომლობაზე ამ პროექტების განსახორციელებლად“, - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა. 
პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრას 12 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა, მათ შორის იყო "კონრად ადენაუერის ფონდი", "ფრიდრიხ ებერტის ფონდი", "ევრაზიის ფონდი", "ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი", "ღია საზოგადოება - საქართველო", ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში და გერმანიის ეკონომიკური გაერთიანება.