საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი გარდაბანს ესტუმრა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი დღეს გარდაბანს ესტუმრა და ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ეთნიკურად აზერბაიჯანელ სტუდენტებთა ერთად აზერბაიჯანულ ენაზე მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები გაავრცელა. სოფიო შამანიდი მოსახლეობასაც გაესაუბრა და მათ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობა გააცნო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელშეწყობით აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე მომზადებული ბუკლეტები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში გავრცელდება.
პროექტის მიზანია ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება. ხვალ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები სტუდენტებთან ერთად მარნეულის რაიონს ეწვევიან, ხოლო შემდეგ ახალქალაქსა და ნინოწმინდის სოფლებში სომხურ ენაზე მომზადებულ ბუკლეტებს გაავრცელებენ.