საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ოსური თემის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი სოფიო შამანიდი ოსური ფორუმის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრისას ოსური თემის პრობლემური საკითხები განიხილეს და საქართველოს სკოლებში ოსური ენის სწავლების შემოღების შესაძლებლობაზე იმსჯელეს, რისი სურვილიც თემის წარმომადგენლებს დიდი ხანია აქვთ. პრეზიდენტის მრჩეველთან მათ ზოგადი უნარების ოსურენოვანი ტესტების გამოცემის შესაძლებლობაზეც ისაუბრეს და იმედი გამოთქვეს, რომ ოს აბიტურიენტებს მისაღები გამოცდების მშობლიურ ენაზე ჩაბარების საშუალება მიეცემათ.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ახალგაზრდებს, რომლებსაც სკოლა ოსურ ენაზე აქვთ დამთავრებული, ალტერნატიული ვარიანტი შესთავაზონ. როგორც სოფიო შამანიდმა განაცხადა, ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მონაწილეობა, რათა შესაბამისი პროექტი განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად შემუშავდეს. მხარეებმა ყურადღება რესტიტუციის კანონის თაობაზეც გაამახვილეს, რომელიც იმის მიუხედავად, რომ 2006 წელს მიიღეს, ჯერაც არ ამოქმედებულა.
შეხვედრა ომბუდსმენის ოფისში გაიმართა, რომელსაც სახალხო დამცველის აპარატის  წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.