საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი უკრაინის საგარეო ურთიერთობათა მინისტრის პირველ მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე კიევში უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეს ნატალია გალიბარენკოს შეხვდა. შეხვედრისას მხარეებმა საქართველო-უკრაინის ურთიერთობა, კერძოდ კი 2015 წელს მაღალი რანგის ორმხრივი შეხვედრების წინასწარი გეგმა განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს იმ გადაწყვეტილებათა იმპლემენტაციაზე, რომლებიც გიორგი მარგველაშვილისა და პეტრო პოროშენკოს შეხვედრის დროს 22 თებერვალს იყო მიღებული, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი „უკრაინის ერთობის მარშში“ მონაწილეობისათვის კიევში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა.
შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით გამოცდილების გაცვლისათვის ეფექტიან თანამშრომლობას. მხარეები ასევე შეთანხმდნენ სახელმწიფოთაშორისი ორგანიზაციის, სუამის, რომელსაც 2015 წელს უკრაინა თავმჯდომარეობს, ფარგლებში სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ.