საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრები შეაფასა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში ფიქრია ჩიხრაძე პრეზიდენტის შეხვედრებს აფასებს, რომელიც გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს პოლიტიკურ პარტიებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მედიის წარმომადგენლებთან გაიმართა.
 
„ყველას აწუხებს მოსალოდნელი სიტუაციის გართულების და ესკალაციის პრობლემა. ჩვენ ყველანი შევთანხმდით იმაზე, რომ მაქსიმალურად გამოვიყენოთ ყველამ ჩვენ ჩვენი შესაძლებლობა და ძალისხმევა იმისათვის, რომ არავის არ მივცეთ ჩვენს ქვეყანაში დაპირისპირების მუხტის და პოლიტიკური არეულობის შემოტანის შესაძლებლობა.
 
თუ ჩვენ გვინდა ვიფიქროთ მომავალზე, თუ ჩვენ გვინდა ვიფიქროთ ნორმალურ სახელმწიფოზე, პერსპექტივის მქონე საზოგადოებაზე, ეს არ უნდა დაუშვას არავინ.
 
იმედი მაქვს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებიც ამას სწორედ ასე შეხედავენ, შეიძლება იყოს სხვადასხვა განწყობები, მაგრამ მე დარწმუნებული ვარ რომ შედგება გარკვეული დიალოგი.
 
პირადად ყველანაირ რესურს გამოვიყენებ, რომ სახელისუფლო პარტიასთან ეს კომუნიაკცია შედგეს - თავად პრეზიდენტსაც ასეთი გაწყობა აქვს და მე ვფიქრობ, რომ საერთო ძალისხმევით სიტუაციის განეიტრალება ყველას ინტერესში უნდა იყოს. ჩვენ გვჭირდება მრავალპარტიული დემოკრატია, ჩვენ გვჭირდება პლურალისტური მედია, თუ ყველაფერს მომავალი საარჩევნო წლის კონტექსტში განვიხილავთ,  პლურალისტური მედია სჭირდება საზოგადოებას.
 
მომავალ წელს საქართველოს ევროინტეგრაციის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ეტაპების გავლა უწევს,  ამ ჭრილში მედიაზე განხორციელებული შეტევა დააზარალებს ქვეყნის იმიჯს და ამ მხრივ შეიძლება სერიოზული დაბრკოლების და ბარიერის ფუნქციაც შეასრულოს.
 
შევთანხმდით, რომ ეს არ იყო ერთჯერადი შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ რომ ასეთი შეხვედრები გავმართოთ, რათა მუდმივად გავზარდოთ დიალოგის შესაძლებლობის სივრცე.
 
დიალოგი ამ შემთხვევაში, არის ერთადერთი პანაცია, რომელიც ქვეყანას სწორ გზაზე წაიყვანს. ჩვენ ყველამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მხოლოდ საკუთრი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ“, -აღნიშნა ფიქრია ჩიხრაძემ.