საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა სომხური და აზერბაიჯანული სახელმწიფო თეატრები მოინახულა

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა სოფიო შამანიდმა სომხური და აზერბაიჯანული სახელმწიფო თეატრები მოინახულა, რომლებიც შენობების ავარიული მდგომარეობის გამო ათ წელიწადზე მეტია ვერ ახერხებს ფუნქციონირებას. როგორც სოფიო შამანიდმა აღნიშნა, თეატრების ხელმძღვანელობის ძალისხმევის მიუხედავად, სარემონტო სამუშაოების განხორციელება აქამდე ვერ მოხერხდა, რაც თითოეული დასისთვის დიდი პრობლემაა. მისი თქმით, ამ საკითხის გადაჭრა მიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც, რომ პირველი სომხური და აზერბაიჯანული თეატრები ამიერკავკასიის მასშტაბით სწორედ თბილისში დაარსდა და დაუშვებელია დაიკარგოს ორი მეზობელი ქვეყნის თეატრალური ტრადიცია, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოყალიბდა.   
2016 წელს თბილისის სომხურ სახელმწიფო თეატრს 160 წელი უსრულდება და პრეზიდენტის მრჩეველმა იმედი გამოთქვა, რომ თეატრი ამ დროისთვის მაინც შეძლებს იუბილე საკუთარ შენობაში აღნიშნოს.