საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები სომხური და აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის მქონე სტუდენტებს შეხვდნენ

საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლები სოფიო შამანიდი და ივანე მაჭავარიანი დღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სომხური და აზერბაიჯანული ეთნიკური წარმომავლობის მქონე სტუდენტებს შეხვდნენ. პრეზიდენტის მრჩევლებმა სტუდენტებთან ევროინტეგრაციის, ასოცირების ხელშეკრულების მნიშვნელობასა და იმ სარგებელზე ისაუბრეს, რომელსაც ქვეყანას ხელშეკრულების ხელმოწერა მოუტანს. როგორც მათ განაცხადეს, ამ საკითხებთან დაკავშირებით, აუცილებელია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მოსახლეობის მაქსიმალური ინფორმირება და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩაბმა, სასურველი შედეგის მომტანი იქნება. ივნისის დამლევს სტუდენტები პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთს ეწვევიან და აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე მომზადებულ ბუკლეტებს დაარიგებენ.
თავის მხრივ, ახალგაზრდებმა მზადყოფნა გამოთქვეს პროექტში მონაწილეობის თაობაზე და აღნიშნეს, რომ მსგავსი ტიპის შეხვედრები ძალზე მნიშვნელოვანია. სოფიო შამანიდთან და ივანე მაჭავარიანთან შეხვედრისას, მათ იმედი გამოთქვეს, რომ შეხვედრები მომავალშიც გაიმართება.
ევროკავშირისა და ასოცირების ხელშეკრულების შესახებ მოსახლეობის უფრო მეტად ინფორმირებულობის მიზნით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე მესამე პროექტს ახორციელებს.