საქართველოს პრეზიდენტმა EBRD-ის პრეზიდენტს უმასპინძლა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს პრეზიდენტის სასახლეში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტს სერ სუმა ჩაკრაბარტის უმასპიძლა.
შეხვედრისას მხარეება განიხილეს EBRD-ისა და საქართველოს შორის მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები. ისაუბრეს ბანკის მხარდაჭერის შესახებ საქართველოს ეკონომიკური განვითარების პროცესში. საუბარი შეეხო  მოახლოებულ ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც 14 და 15 მაისს თბილისში გაიმართება.
მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ბიზნესგარემოს, ჩვენი ქვეყნის მიღწევებისა და რეფორმების პროცესში გადასადგმელი შემდგომი ნაბიჯების შესახებ. ხაზი გაესვა ქვეყანაში უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, როგორც ეკონომიკური ზრდის მნიშვნელობას. აღინიშნა ის ხელსაყრელი გარემო, რომელიც დღეს არის საქართველოში ინვესტორების მოზიდვისათვის, მათ შორის პოლიტიკური სტაბილურობა, დაბალი გადასახადები, კორუფციისა და კრიმინალის დაბალი დონე, ბიზნესისათვის მარტივი პირობები, ძლიერი საბანკო სისტემა და მაკროეკონომიკური სტაბილურობა.
შეხვედრისას ასევე, განხილულ იქნა ევროკავშირთან, დსთ-ს წევრ ქვეყნებსა და თურქეთთან  თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების საკითხი.
ხაზგასმით აღინიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ხელშეწყობით შექმნილი ახალი ინვესტორთა საბჭოს მნიშვნელობაც. 
საქართველოსა და EBRD-ის პრეზიდენტებმა ხაზგასმით აღნიშნეს საქართველოს, როგორც სავაჭრო პარტნიორის როლის მნიშვნელობა ქვეყნის გლობალური და რეგიონალური ინტეგრაციის ამაღლების თვალსაზრისით მაშინ, როდესაც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი რჩება საქართველოს ერთგულ პარტნიორად.    
შეხვედრის დასრულების შემდეგ გიორგი მარგველაშვილმა და სერ სუმა ჩაკრაბარტიმ მედიისთვის ერთობლივი კომენტარები გააკეთეს.
„მოხარული ვარ ვუმასპინძლო ჩვენი ქვეყნისა და ჩემს მეგობარს - სერ სუმა ჩაკრაბარტის. EBRD საქართველოში ძალიან მნიშვნელოვან ღონისძიებას ახორციელებს.  სწორედ ეს არის ის, რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება: მეტი გახსნილობა, მეტი ინფორმაციის გატანა საერთაშორისო თანამეგობრობაში, იმ ძალიან საინტერესო ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რაც საქართველოს და რეგიონს გააჩნია.
EBRD-მა მოგვცა ეს შესაძლებლობა და, ბუნებრივია, ამას ბოლომდე გამოვიყენებთ. დარწმუნებული ვარ, რომ ურთიერთობა, რომელიც ჩვენს შორის პიროვნულ დონეზე არსებობს, კიდევ უფრო მეტ თანამშრომლობაში გადაიზრდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა
EBRD-ის პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან თბილისში დაგეგმილი ყოველწლიური შეხვერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ეს იყო ბრწყინვალე შეხვედრა პრეზიდენტთან; ჩვენ ასევე გვქონდა ძალიან კარგი შეხვედრა ლონდონში გასულ შემოდგომას.
რა თქმა უნდა განვიხილეთ EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა, რომელიც თბილისში იმართება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ საქართველო ძალიან კარგი საბაბით ავირჩიეთ, რადგან იგი წარმოადგენს ჩვენთვის თანამშრომლობის სანიმუშო ქვეყანას. ფაქტობრივად, ეს არის სახელმწიფო, სადაც მისი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით ყველაზე მეტი ინვესტიცია განვახორციელეთ, სხვა იმ ქვეყნებთან შედარებით, სადაც EBRD მოღვაწეობს. 2,6 მილიარდი ევროს ინვესტირება მოხდა 180 პროექტში; გასულ წელს იყო რეკორდული მაჩვენებელი - 214 მილიონი ევროს ინვესტიცია 30 პროექტში ეკონომიკის ფართო სპექტრში და წინ კიდევ ძლიერი გეგმები გვაქვს.
ყოველწლიური შეხვედრა, რა თქმა უნდა, მთლიანობაში EBRD-ის ეხება, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს ასევე არის რეალური შესაძლებლობა საქართველოსთვის, საკუთარი ქვეყანა წარუდგინოს მრავალ უცხოელ ინვესტორს და, სწორედ ესაა, რისი მიღწევაც მსურს ამ ყოველწლიური შეხვედრით, რომ უზრუნველვყოთ ძლიერი კერძო ინვესტიციების მომავალი დინება ამ ქვეყანაში და ხელი შევუწყოთ რეალურ ეკონომიკას, სამუშაო ადგილების შექმნას, საექსპორტო მოგებას. საქართველო ამას იმსახურებს და EBRD ყოველთვის იქნება ამ საქმეში თქვენი ქვეყნის გვერდით. ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ საქართველოს გზას ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში“, - აღნიშნა EBRD-ის პრეზიდენტმა.
შეხვედრას საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
2015 წლის 14 და 15 მაისს EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა თბილისში გაიმართება. აღნიშნული ღონისძიება უზრუნველყოფს  ბრწყინვალე პლათფორმას საქართველოსთვის, რომ წარმოაჩინოს საკუთარი თავი საერთაშორისო საზოგადოების წინაშე, კერძოდ ინვესტორებისათვის.