საქართველოს პრეზიდენტმა GIPA-ს კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცა

გიორგი მარგველაშვილი დღეს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) კურსდამთავრებულებისთვის დიპლომების გადაცემის 21-ე საზეიმო ცერემონიას დაესწრო და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
 
ქვეყნის პირველმა პირმა კურსდამთავრებულებს სწავლის წარმატებით დასრულება მიულოცა და სასწავლებელში მიღებული ცოდნისა და მოპოვებული ღირებულებების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
„ყოველთვის აღმაფრთოვანებელია, როდესაც GIPA-ს კურსდამთავრებულთა ახალი პლეადა ემატება და აძლიერებს საქართველოს. როგორც სხვა დროს კრიტიკული იყო ხოლმე თქვენი და თქვენი კოლეგების თანამონაწილეობა საქართველოს მშენებლობაში, დღესაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამდენი ძლიერი, განათლებული ახალგაზრდა შედის ჩვენი ქვეყნის, მმართველობის, საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესში და თავის ხელში იღებს საპასუხისმგებლო სადავეებს.
 
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ცოდნა და გამოცდილება, რომელიც თქვენ აქ შეიძინეთ, გადაიტანოთ რეალურ ცხოვრებაში; ასევე, ის თავისუფლება, რომელიც თქვენ შექმენით თქვენს ლექტორებთან, პროფესორებთან ერთად გახდეს დომინანტური ჩვენს საზოგადოებაში. ეს არის თავისუფლება, რომლის პროცესშიც თქვენ იყავით თანამონაწილე საგანმანათლებლო, დისციპლინარული, ყოველდღიური ადმინისტრაციული პროცესისა და ამავდროულად თქვენ ადგენდით და თქვენვე იცავდით ამ წესებს.
 
არაფრის დიდებით არ მოერგოთ და არ დათანხმდეთ, თუ შემოგთავაზებენ წარმატებას იმ ღირებულებების სანაცვლოდ, რომელიც თქვენ ამ ინსტიტუტში მიიღეთ.
 
მე ვგრძნობ დიდ ძალას თქვენში, და ეს არის პასუხი, იმ სირთულეებსა და გამოწვევებზე, რომელიც არსებობს და უნდა გადალახოს ჩვენმა ქვეყანამ.
 
კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ, რომ საქართველოს წარმატება მნიშვნელოვნად დამოკიდებულია თქვენზე“, -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
 
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის რექტორმა გიორგი მარგველაშვილს სიმბოლური  საჩუქარი - წმინდა გიორგის ხატი გადასცა.
 
ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი ოჯახთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.