საქართველოს პრეზიდენტმა ალექსის ციპრასს საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად არჩევა მიულოცა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარტია „სირიზას“ და ალექსის ციპრასს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს და საბერძნეთის მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.„გთხოვთ, მიიღოთ ჩემგან გულითადი მილოცვა პარტია „სირიზას“ არჩევნებში გამარჯვებასთან და საბერძნეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად თქვენ ხელახალ არჩევასთან დაკავშირებით.
დიდი პატივით მსურს აღვნიშნო, რომ საქართველო უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს თქვენს ქვეყანასთან მეგობრული და ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის ჩამოყალიბებას.
მჯერა, რომ თქვენი ლიდერობით საქართველოსა და საბერძნეთის რესპუბლიკას შორის არსებული ისტორიული კავშირი და მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება ჩვენი ქვეყნების სასიკეთოდ.
თქვენო აღმატებულებავ, ღრმა პატივისცემით მინდა ყოველივე საუკეთესო გისურვოთ ბერძენი ხალხის საკეთილდღეოდ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა საბერძნეთის ახლადარჩეულ პრემიერმინისტრს გაუგზავნა.