საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავღანეთიდან ჩამოსვენებული ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგო.საქართველოს პრეზიდენტმა დაღუპულის ახლობლებლებს მიუსამძიმრა და ავღანეთში ქართულ სამშვიდობო მისიას, საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და საზოგადოებას მიმართა:
"დღეს მძიმე დღეა მთელი საქართველოსთვის. პირველ რიგში მინდა, მივმართო ოჯახს, მივუსამძიმრო და ვუთხრა მადლობა ასეთი გმირის გაზრდისთვის.
მინდა, მივუსამძიმრო იმ ბიჭებსაც, რომლებიც დარჩნენ ავღანეთში და, რომლებმაც დაკარგეს თანამებრძოლი, იმ ახალგაზრდებს ვინც ვნახეთ აეროპორტში და ვუთხრა, რომ ჩვენ გვესმის მათი ტკივილის.
შეიარაღებულ ძალებს მინდა ვუთხრა, რომ მადლობლები ვართ იმ დიდი სამსახურისთვის, რომელსაც ქართული არმია საქართველოსთვის ეწევა და იმ სისხლისთვის, რომელსაც სამშობლოსთვის ღვრის.
საზოგადოებას მინდა ვუთხრა რომ ასეთი ვაჟკაცებით ვიყავით ჩვენ ძლიერი, ვიქნებით მომავალში. საქართველო კვლავ გააგრძელებს არსებობას, როგორც ძლიერი სახელმწიფო და ძლიერი საზოგადეობა სწორედ ასეთი ბიჭების წყალობით და ისინი აღარ დაიღუპებიან, ისინი გააგრძელებენ ახალი ქვეყნის შენებას", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ავღანეთში, 22 სექტემბრს დაღუპულ ქართველ ჯარისკაცს პატივი მიაგეს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა, გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა, პარლამენტის ვიცესპიკერმა ზვიად ძიძიგურმა და საქართველოში აშშ-ის ელჩმა იან კელიმ.