საქართველოს პრეზიდენტმა დროებით საცხოვრებლებში განთავსებული დაზარალებულები მოინახულა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ის სასტუმროები მოინახულა, რომლებშიც საქართველოს პრეზიდენტის ფონდის დაფინანსებით დაზარალებული ოჯახები განათავსეს.
გიორგი მარგველაშვილი დაზარალებულებს გაესაუბრა, მათი საცხოვრებელი პირობები მოინახულა და პრობლემებს ადგილზე გაეცნო.
"ჩვენ გვაქვს ვითარება, როდესაც არც ერთი ოჯახი არ არის ღია ცის ქვეშ, ყველა არის დაბინავებული და ყურადღება ექცევათ, მაგრამ გაკვეთილი არის კატასტროფული. ჩვენ ვნახეთ, რომ სტიქიამ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეიწირა. ძალიან ნათელია დასკვნა - აღარ შეიძლება განვითარება პროფესიონალიზმის გარეშე. არ შეიძლება არ ვეკითხებოდეთ აზრს დარგის სპეციალისტებს არა მარტო იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან, რა უნდა გაკეთდეს, რომ მსგავსი რამ არასდროს აღარ მოხდეს. ამაზე პასუხი არ აქვს არც ერთ პოლიტიკოსს, ამაზე პასუხი აქვთ ურბანული დაგეგმარების, არქიტექტურის, ქალაქის განვითარების სპეციალისტებს, რომელთა ხმასაც ჩვენ დღეს ყურადღებით უნდა მოვუსმინოთ. სწორედ არ მოსმენის შედეგია, რომ ჩვენ რამდენიმე ათეული ადამიანი დავკარგეთ. ეს არ არის თანამედროვე ვითარება. თანამედროვე საზოგადოება არ ცხოვრობს ასე - როდესაც ხევის ადიდების შედეგად ადამიანების სიცოცხლეს ვკარგავთ",
„თანამედროვე ქალაქებში ხევის ადიდების შედეგად ადამიანები არ იღუპებიან. მეორე - თუ ჩვენ დავიწყებთ დამნაშავეების ძიებას და არა ვითარების პროფესიულ შესწავლას, კიდევ უფრო დავიკარგებით დეტალებში. ჩვენ უნდა გვქონდეს კვალიფიციური დასკვნა სპეციალისტების იმასთან დაკავშირებით, რამ გამოიწვია ეს პრობლემა. ამ თვალსაზრისით მე არა პოლიტიკურ, არამედ მეცნიერულ მსჯელობას ველოდები და იმედი მაქვს, რომ ასეთი მსჯელობა შედგება, რადგან საქართველოს ჰყავს მართლაც გამორჩეული სპეციალისტები ბევრ დარგში", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
გარდა ამისა, პრეზიდენტმა საზოგადოებასაც მიმართა და სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
"მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო ყველა გარდაცვლილის ოჯახს და გამოვხატო იმედი, რომ ის ხალხი, ვინც დაკარგულია, მალე გამოჩნდება. მეორე, მინდა საზოგადოებას ვუთხრა იმ ხალხის განცდა, რომლებთანაც დღეს ვიყავი - ისინი ძალიან მადლიერები არიან თბილისელების, იმ ხალხის, ვინც სტიქიის ღამეს და შემდგომ დღეებშიც გარეთ იყო გამოსული, აგროვებდა ტანსაცმელს. ჩვენ მართლა საოცარი ერთობა ვაჩვენეთ. ეს ხალხი ამას გრძნობს და ძალიან მადლიერია", - განმარტა ქვეყნის პირველმა პირმა.
საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ახლდნენ.