საქართველოს პრეზიდენტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტს ხელი მოაწერა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი მოაწერა „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ პარლამენტის მიერ ვეტოდაძლეულ კანონპროექტს.
 
პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის დავით პატარაიას განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი დღესაც არ ეთანხმება ეროვნული ბანკის თაობაზე მიღებულ კანონთა პაკეტს. მეტიც, მას მიაჩნია, რომ ვეტოს დაძლევა პარლამენტის მხრიდან იყო სერიოზული შეცდომა.
 
„თუმცა, პრეზიდენტი ხელს არ მოაწერდა ვეტოდაძლეულ კანონს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ, მისი აზრით, ეს კანონი ან მისი რომელიმე ნორმა,  ეწინააღმდეგება რაიმე ბაზისურ, ფუნდამენტურ ღირებულებას. და ამასთან ამ შემთხვევაში საქმე არ გვქონია“, - აღნიშნა დავით პატარაიამ.
 
"ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები, საფინანსო სექტორის საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის მიზნით შექმნილი საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკიდან გამოყოფას ითვალისწინებს.