საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონებს ვეტო დაადო
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონებს ვეტო დაადო და საქართველოს პარლამენტს მოტივირებულ შენიშვნებზე დაფუძნებული კანონპროექტი შესთავაზა.“როგორც თქვენთვის ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, 2015 წლის 22 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერისათვის საქართველოს პარლამენტიდან მოვიდა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფას.
პროცესში, რომელიც მიმდინარეობდა ამ კანონპროექტის განხილვის ირგვლივ, ჩვენ ვიყავით ძალიან აქტიურნი და საზოგადოებას ღიად ვუზიარებდით ჩვენს პოზიციას. ჩვენი კრიტიკის საგანი იყო როგორც პროცესის ნაჩქარეობა, ისე პროცესის მიმდინარეობის პროცესში კონსულტაციებთან დაკავშირებული დეტალები და არსებული კანონპროექტის შინაარსი.
პირველ რიგში, ჩვენს ყურადღებასა და კრიტიკას იწვევდა ის, რომ ვსაუბრობთ საკონსტიტუციო ინსტიტუტზე - ეროვნულ ბანკზე, რომელიც იმდენად მნიშვნელოვანია, რომ გაწერილია საქართველოს კონსტიტუციაში; ჩვენ ვსაუბრობთ ამ ინსტიტუტის ცვლილებაზე იმ მომენტში, როდესაც კონკრეტულად საქართველოს ეროვნული ბანკი საერთაშორისო ექსპერტიზის თვალსაზრისით იმსახურებს მაღალ შეფასებას, ხოლო არგუმენტები, რატომ უნდა შევცვალოთ ეს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, ნაკლებად ისმის.
სახელმწიფო ინსტიტუტების მნიშვნელობაზე და მათი გაფრთხილების საჭიროებაზე, მათ როლზე დემოკრატიულ სისტემაში, ჩვენ არაერთხელ გაგვიკეთებია აქცენტი და, ბუნებრივია, ამ პროცესშიც აქტიურად ვაკეთებდით კომენტარს აღნიშნული მიმართულებით.
ამავდროულად, ვსაუბრობდით იმაზე, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე და მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე, აგრეთვე ცვლილებების შედეგად ეროვნული ბანკის კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნქცია - ხელი შეუწყოს ფინანსური სექტორის ეფექტურ ფუნქციონირებას, შეიძლება კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილება მივიღე მოცემულ და მის თანამდევ კანონპროექტებს დავადო ვეტო.
ამასთანავე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და ევროკავშირთან კონსულტაციის პროცესში, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული, ჩვენ შევიმუშავეთ მოტივირებული შენიშვნებზე დაფუძნებული კანონპროექტი, რომლის შედეგადაც ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მისი საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტური განხორციელება.
მსურს ხაზი გავუსვა იმას, რომ არსებულ ვითარებაში, როდესაც, გუშინ, ჩვენი მთავრობის წარმომადგენლები გვესაუბრებოდნენ იმაზე, რომ კანონი სექტემბერში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან კონსულტაციის გზით ხელახლა უნდა შეიცვალოს, ჩვენ მიერ შეთავაზებული კანონპროექტი სწორედ ამ პროცედურის შედეგად არის შემუშავებული, წარმოადგენს ოპტიმალურ გამოსავალს ქვეყნისათვის და არის ოპტიმალური კანონმდებლობის დადმდგენი ამ სფეროში.
ბოლოს, მინდა აღვნიშნო, რომ ვეტო არ არის არც პოლიტიკური დაპირისპირების და არც კონფრონტაციის ინსტიტუტი. ვეტო არის კონსტიტუციური მექანიზმი იმისათვის, რომ სწორედ მსგავს სიტუაციებში, როდესაც ჩვენ შეგვიძლია უფრო ეფექტური კანონმდებლობა მივიღოთ და ხელი შევუწყოთ ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებას, პრეზიდენტმა, პარლამენტმა და მთავრობამ ითანამშრომლონ ქვეყნისათვის უკეთესი გადაწყვეტილებების ერთად შეთავაზების მიზნით.
დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ხალხის რჩეული დეპუტატები შინაარსობრივად ჩაუღრმავდებიან აღნიშნულ საკითხს და ჩვენს მიერ წარმოდგენილ ვეტოსა და მოტივირებულ შენიშვნებზე დაფუძნებული კანონპროექტის მიღებით, უკეთეს, უფრო სწორ და დაბალანსებულ კანონმდებლობას შესთავაზებენ ჩვენს ქვეყანას.“