საქართველოს პრეზიდენტმა ისრაელში TV i24 news ინტერვიუ მისცა
- პრეზიდენტო, დიდი მადლობა, რომ ხართ ჩვენთან ერთად და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ისრაელში. მინდა დავიწყო საუბარი თქვენს რეგიონზე.
ფიქრობთ თუ არა, რომ ამ კონსტრუქციულმა დიალოგმა რუსეთთან შედეგი გამოიღო და ახლა თქვენ გაქვთ წინა მთავრობასთან შედარებით უკეთესი ურთიერთობა?
მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ორივე მიდგომა შევინარჩუნეთ. გვაქვს ძლიერი პროდასავლური მისწრაფებები, სადაც მივაღწიეთ კარგ შედეგებს. ამავე დროს, ჩვენ შევეცადეთ, რომ დაძაბულობა ჩრდილოეთ მეზობელთან, რუსეთის ფედერაციასთან შეგვემცირებინა, რომელსაც ოკუპირებული აქვს ჩვენი ქვეყნის 20 პროცენტი, ტერიტორიის ორი ძირძველი რეგიონი, რომლებიც მან აღიარა დამოუკიდებელ სახელმწიფოებად.
შესაბამიდად, ჩვენ ორივე მიმართულებით დავიწყეთ მუშაობა. ვცადეთ, რუსეთთან რაციონალური დიალოგის დამყარება, სადაც ვისაუბრებდით კონკრეტულ საკითხებზე და არა ემოციებზე. ჯერჯერობით ამ კუთხით შთამბეჭდავი შედეგები არ გვაქვს, თუმცა მე მჯერა, რომ მომავალი დამყარებული იქნება მეზობლებს შორის რაციონალურ დიალოგსა და ერთმანეთის უფლებების პატივისცემაზე.
როდესაც ხედავთ უკრაინის მაგალითს ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფიქრობთ თუ არა, რომ შესაძლოა საქართველოც აღმოჩნდეს ასეთი პრობლემის წინაშე, თუ საკმარისი დასავლური მხარდაჭერა გაქვთ რუსეთის აგრესიასთან გასამკლავებლად?
ის რაც უკრაინაში ხდება ბოლო ორი წლის განმავლობაში არის საქართველოში მომხდარი 2008 წლის მოვლენების განმეორება. მსგავს პრობლემებს მრავალი წელია განიცდის საქართველო. ჰიბრიდული ომი, რომელიც უკრაინაშია, საქართველოში 90-იანი წლების დასაწყისში წარმოებდა და სამწუხაროდ, ჩვენი რუსი მეზობლები ჩართულები იყვნენ ამ ქმედებებში.
2008 წელს, რუსეთის რეგულარულმა სამხედრო ძალებმა მოახდინეს ჩვენი ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია. ჩვენ ძალინ მტკიცე და ერთგულები ვართ საკუთარი პრინციპებისა და ქვეყნის დაცვის საკითხებში. ძირითადად, რა თქმა უნდა, ჩვენ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები. ჩვენი ისტორია 3000 წელს ითვლის და შევძელით სახელმწიფოს შენარჩუნება ძალიან დიდ იმპერიებთან ბრძოლაში.
შესაბამისად, გვაქვს საკუთარი ტერიტორიის დაცვის 30 საუკუნოვანი გამოცდილება. ასევე, ცხადია, ჩვენ დამოკიდებულები ვართ მოკავშირეებზეც და გვჯერა, რომ ისინიც მტკიცედ გვიჭერენ მხარს.
- 2008 წლამდე ისრაელსა და საქართველოს შორის იყო ძალიან კარგი ურთიერთობები, რასაც მოჰყვა კრიზისი 2008 წლის შემდეგ. ეს განპირობებული იყო ისრაელის გადაწყვეტილებით შეეჩერებინა ზოგიერთი იარაღის მიყიდვა საქართველოსთვის. ფიქრობთ თუ არა, რომ დღეს ეს პრობლემა მოგვარებულია?
- მე მჯერა, რომ შეუძლებელია საქართველოსა და ისრაელს შორის ურთიერთობების გაფუჭება, რადგან ჩვენი ურთიერთობა ძალიან დიდი ხნისაა. 2600 წლის განმავლობაში ქართველები და ებრაული დასახლებები, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში არსებობდა, ერთად იცავდნენ და აშენებდნენ ქართულ სახელმწიფოს. ეს იყო ძალიან ჰარმონიული ურთიერთობა, რომელიც ინარჩუნებდა სახელმწიფოს ძალიან რთული გამოწვევების ფონზე.
შესაბამისად, 2600 წლიანი მეგობრობა არ შეიძლება შეიცვალოს პოლიტიკოსების ან მცირე გართულებების შედეგად. საქართველო და ისრაელის არის პატარა ქვეყნები ძალიან თავდადებული მოსახლეობით. ერთნაირი მიზნების, პრინციპების გაგება, ერთმანეთის მხარდაჭერა არის ძალიან მნიშვნელოვანი ამ თვალსაზრისით.
- სამწუხაროდ, ისრაელში ბოლო წლების განმავლობაში მოვისმინეთ კორუფციული სკანდალების შესახებ, რომელიც ეხებოდა იგივე ებრაელ მაღალჩინოსნებს საქართველოში. ისრაელში ხშირად მოისმენთ, რომ ეს არის პოლიტიკური დევნა და მას არაფერი აქვს საერთო სამართლიანობასთან, როგორ უპასუხებთ ამ მოსაზრებას?
ეს ის საკითხია, სადაც საქართველო ცდილობს კანონის უზენაესობის დამყარებას ყველა მაღალჩინოსნისათვის, განურჩევლად იმისა ის მიეკუთვნება წინა თუ ამჟამინდელ მთავრობას. ჩვენ უდა დავიჭიროთ ძალიან მტკიცე პოზიცია. თუ პოლიტიკოსი ჩაიდენს, რაიმე დანაშაულს, რა თქმა უნდა, მას პასუხი უნდა მოეთხოვოს. ჩემი ინფორმაციით, არცერთი ებრალი მაღალჩინოსანი არ ყოფილა ბრალდებული. შესაძლოა, მათ მიმართ არსებობდა რაღაც კითხვები და ამისათვის საჭირო იყო ჩვენების მიცემა, თუმცა ჩვენ არ მივიჩნევთ, რომ ამ ტიპის პროცესებს შესაძლოა, მოჰყვეს ურთიერთობების შეცვლა სახელმწიფოთა დონეზე.
დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო. წარმატებებს და სასიამოვნო ვიზიტს გისურვებთ.
დიდი მადლობა.