საქართველოს პრეზიდენტმა ქობულეთში ტრაგიკულად დაღუპული ბავშვების ხსოვნას პატივი მიაგო
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა რუსთავში, ქობულეთში ხანძრის შედეგად ტრაგიკულად დაღუპული სამი ბავშვის, რეზო დემეტრაშვილის, თორნიკე ხვიჩიას და დავით ზაქრაძის ხსოვნას პატივი მიაგო.სამოქალაქო პანაშვიდზე, ქვეყნის პირველმა პირმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა.
„შეუძლებელია დღეს ანუგეშო ამ საშინელი ტრაგედიის ჭირისუფალნი, შეიძლება გაიზიარო მათი უზარმაზარი ტკივილი. მე მათ მთელი ქართველი საზოგადოების სახელით ვუსამძიმრებ. ეს დიდი დანაკლისია, რომელსაც ვერაფერი გადაფარავს. ჩვენ ყველა თანამოზიარე ვართ ამ დიდი ტრაგედიის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი სამოქალაქო პანაშვიდს ვახტანგ გორგასლის სახელობის ტაძარში ადმინისტრაციის ხელმძღვანელ პირებთან, მრჩეველებთან და უშიშროების საბჭოს მდივანთან ერთად დაესწრო.