საქართველოს პრეზიდენტმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა
სახელმწიფოს უმაღლესმა მთავარსარდალმა მესაზღვრეებს პროფესიული დღე მიულოცა. მას სასაზღვრო პოლიციის ხელმძღვანელი ზურაბ გამეზარდაშვილი დახვდა. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა სახელმწიფო საზღვრის დამცველებს და წარმატება უსურვა. საქართველოს პრეზიდენტმა ათი მესაზღვრე ღირსების მედლით დააჯილდოვა.
„მინდა მოგილოცოთ პროფესიული დღე და თქვენთან ერთად კიდევ ერთხელ სიამაყით ვისაუბრო იმ ღვაწლის შესახებ, რომელიც თქვენ გაქვთ ჩვენი ქვეყნის წინაშე. ამ საზღვრის დაცვას ჩვენი წინაპრები ათასწლეულების განმავლობაში ეწირებოდნენ, ამ საზღვრის დაცვას ეწირებოდა ჩვენი თაობაც. საზღვარი ის წმიდათა წმიდა ადგილია, რომლის გადმომლახველიც არ უნდა იყოს დანდობილი, თუმცა ამის შესაძლებლობა მას არც აქვს. საქართველოს მოსახლეობის სახელით მინდა მადლობა გითხრათ თქვენი სამსახურისათვის და გავიხსენო ყველა ის ადამიანი, რომლებსაც უღვაწიათ, რომლებსაც ჯანმრთელობა, სიცოცხლე შეუწირიათ ამ მიზნისათვის.
კიდევ ერთხელ მადლობა მინდა გითხრათ სამსახურისათვის, იმისთვის, რასაც აკეთებთ და მომავალშიც გააკეთებთ. და მსურს თქვენთან ერთად კიდევ მრავალჯერ ვიზეიმო ასეთი მშვიდობიანი დღეები, როდესაც ჩვენი სახელმწიფოს სიმშვიდე დაცულია. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება“, - განაცხდა საქართველოს პრეზიდენტმა.
გიორგი მარგველაშვილმა დღესვე სასაზღვრო გამშვები პუნქტი შენობა, სპეცტექნიკა დაათვალიერა, გაეცნო ელექტრონული მონიტორინგის სიტემას და მოინახულა მესაღვრეების საცხოვრებელი.