საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელი კოლეგა საქართველოში მოიწვია
საქართველოს პრეზიდენტი ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ევროპელ ლიდერებთან შეხვედრებს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი, ხორვატიის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ, პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ანდრეი დუდას გაეროში შეხვდა.შეხვედრისას მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული ურთიერთობები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივა განიხილეს. პოლონეთის პრეზიდენტის განცხადებით, პოლონეთი დაინტერესებულია აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატით და საქართველოს როლის წინ წამოწევით.
პოლონეთის რესპულიკა, როგორც NATO-ს ვარშავის სამიტის მასპინძელი ქვეყანა ჩაბმულია სამიტის დღის წესრიგის შემუშავებაში.
ხაზგასმით აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია პოლონეთმა ალიანსთან ინტეგრაციის პროცესში დააფიქსიროს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. თავის მხრივ, ანდრეი დუდამ გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ევრო და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ურყევი მხარდაჭერა.
საქართველოს პრეზიდენტმა პოლონელი კოლეგა საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.