საქართველოს პრეზიდენტმა უზენაესი სასამართლოს ორი ახალი მოსამართლე დაასახელა
გიორგი მარგველაშვილს და ნინო გვენეტაძეს იუსტიციის უმაღლესი სკოლის დირექტორმა ლაშა მაღრაძემ იმიტირებული სასამართლო პროცესების სხდომათა დარბაზი და იუსტიციის უმაღლესი სკოლის ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა. ბიბლიოთეკა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით შეძენილი წიგნებით განახლდა. ღონისძიებაზე შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების სისტემის ეფექტიან მუშაობას."მინდა, დიდი კმაყოფილება გამოვთქვა იმასთან დაკავშირებით, რაც დღეს აქ ვნახე და მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც მონაწილეობდა ამ პროექტის ასე ეფექტურად განხორციელებაში. სასამართლო სისტემა და სასამართლო სისტემის მდგრადობა, კვალიფიკაციის ამაღლება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანია ჩვენი სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის მიმართულებით. ამ თვალსაზირისით, რაც ამ სკოლაში ხდება, საფუძველს უყრის კვალიფიკაციას, საფუძველს უყრის იმ ადამიანებს, რომლებმაც უნდა მიიღონ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება თითოეული ჩვენგანის ბედ-იღბალს და საერთო ჯამში იმ ნდობას, რომელსაც სახელმწიფო იმსახურებს საზოგადოებისგან.”,_ განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა
დღესვე საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კიდევ ორი ქალი კანდიდატის წარდგენის შესახებ განაცხადა. როგორც პრეზიდენტმა მართლმსაჯულების სახლში აღნიშნა, მზია თოდუას და ეკა გასიტაშვილის კანდიდატურები პარლამენტს გადაეგზავნება.
პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით, იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ 2015 წელს განახორციელა პროექტი „სსიპ იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესაძლებლობების გაძლიერება.“ პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენდა სამოსამართლო კანდიდატების, მოქმედი მოსამართლეებისა და სასამართლოს მოხელეთა ეფექტიანი სწავლების გზით მართლმსაჯულების ხარისხის გაზრდა.