საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევად ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ღია კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს პრეზიდენტის 19 ნოემბრის განკარგულებით, გამოცხადდა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის შესარჩევი ღია კონკურსი ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე. კანდიდატის შესარჩევად პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეიქმნა ოთხკაციანი კომისია, რომლის შემადგენლობაშიც შედიან პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები: სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი ნინო ლომჯარია და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური, ასევე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლაშა აბაშიძე და პრეზიდენტის ადმინისტრაციის საქმისწარმოებისა და საკადრო საკითხთა სამსახურის უფროსი დავით უმეკაშვილი.
ვაკანტურ ადგილზე საკონკურსო საბუთების წარდგენის ვადაა კონკურსის გამოცხადებიდან არა უგვიანეს 14 დღისა. 
განაცხადებების მიღების ვადის ამოწურვიდან ორ დღეში გამოქვეყნდება კანდიდატთა სია. ერთ ვაკანსიაზე კომისია შეარჩევს არანაკლებ ორ და არა უმეტეს სამ კანდიდატს და წარუდგენს საქართველოს პრეზიდენტს. კანდიდატთა შერჩევის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი გადაწყვეტილებას 7 დღეში მიიღებს და შერჩეულ ორ კანდიდატს  წარუდგენს პარლამენტს.