საქართველოში აცხადებენ, რომ 2008 წლის ომმა რუსეთს ყირიმის აღებისკენ უბიძგა

ირაკლი მეტრეველი (AFP) 
 
თბილისი - საერთაშორისო საზოგადოების მარცხმა, დაესაჯა რუსეთი 2008 წელს საქართველოში შემოჭრისათვის, მოსკოვს აფიქრებინა, რომ  ყირიმის მიტაცებაც შერჩებოდა - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშაბათს.
 
„ის ფაქტი, რომ 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში ხორცშესხმულ სცენარს, რომლის მიხედვითაც სამხედრო ძალით მიიტაცა სუვერენული ქვეყნის ტერიტორიები, იგი 2014 წელს სხვა ქვეყანის მიმართ იყენებს, ადასტურებს, რომ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ვერც ჩვენ და ვერც ჩვენმა პარტნიორებმა ვერ შევძელით წინ აღვდგომოდით რუსეთს“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა AFP-სთან ინტერვიუში.
 
სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთის რეგიონთან დაკავშირებული დაძაბულობა თბილისსა და მისი საბჭოთა ეპოქის ბატონს, მოსკოვს შორის ხუთდღიან სისხლიან ომში გადაიზარდა, რასაც მოჰყვა საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრა.
 
კონფლიქტის კვალდაკვალ კრემლმა აღიარა სამხრეთ ოსეთისა და მეორე სეპარატისტული რეგიონის, აფხაზეთის დამოუკიდებლობა და იქ შეიარაღებული ძალების ათასობით ჯარისკაცი განათავსა. ამ ფაქტს ოფიციალური თბილისი დეფაქტო ოკუპაციად აფასებს.
 
ახლა კი, კრემლის ფავორიტის იანუკოვიჩის ჩამოგდების შემდეგ, მოსკოვის მიერ ყირიმის ნახევარკუნძულზე შეიარაღებული ძალების შეყვანამ და რუსეთის შემადგენლობაში ყირიმის შესვლის თაობაზე რეფერენდუმის გამოცხადებამ, საქართველოში დეჟავუს მტკივნეული განცდა გააჩინა.
 
„დღეს შეგვიძლია სინანულით განვაცხადოთ, რომ ჩვენ და მსოფლიო თანამეგობრობამ ვერ შევძელით ამ ექვსი წლის განმავლობაში გვეიძულებინა რუსეთი გაეცნობიერებინა ის, რომ მსგავსი ქმედებები არასწორი და არაეფექტიანია“ , - განაცხადა მარგველაშვილმა. მისი თქმით, რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, როგორიცაა, მაგალითად, ყირიმის მცხოვრებლებისთვის რუსული პასპორტების დარიგება, არის 2008 წლის ომის პერიოდში გამოყენებული ტაქტიკის გამოძახილი. საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო საზოგადოებას ამჯერად უფრო მკაცრი რეაგირებისაკენ მოუწოდებს, რათა მომავალში კრემლმა ვერ შეძლოს რომელიმე ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო აგრესიის განხორციელება.
 
„უნდა მოხდეს აშკარა და ძლიერი საპასუხო ქმედებების ფორმულირება, რაც ნიშნავს იმას, რომ მსგავსი სცენარები აღარასდროს გამეორდება და გავლენის სფეროების გადანაწილების [რუსული] იდეა ჩავარდება“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
 
საქართველო იმედოვნებს, რომ წლის დამლევამდე ევროკავშირთან ხელი მოეწერება პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირის შესახებ ისტორიულ ხელშერულებას და ეს იქნება წლების განმავლობაში მიმდინარე იმ პროდასავლური პოლიტიკის კულმინაცია, რომელიც  მოსკოვის გაღიზიანებას იწვევდა.
 
გასულ წელს მოსკოვის ზეწოლით იანუკოვიჩმა მიიღო შოკისმომგვრელი გადაწყვეტილება - უარი თქვა ასეთი ხელშეკრულების ხელმოწერაზე, რაც ქვეყანაში საპროტესტო ტალღის დაწყების მიზეზი გახდა და, საბოლოოდ, მისი ჩამოგდებით დასრულდა.
 
საქართველოს ხელისუფლება ვარაუდობს, რომ ევროკავშირთან შეთანხმების ხელმოწერის წინ მოსკოვი თბილისზეც მოახდენს ზეწოლას.
 
„უკრაინის კრიზისი გვაიძულებს, რომ უფრო ფხიზლად ვიყოთ“, - ამბობს მარგველაშვილი.
 
საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური კავშირი 2008 წლის ომის შემდეგ, ფაქტობრივად, აღარ არსებობს, მაგრამ პრეზიდენტი ასევე აცხადებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობის ნორმალიზება კვლავ პრიორიტეტულია.
 
გიორგი მარგველაშვილმა ნოემბერში ჩანაცვლა აშშ-ის მოკავშირე მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც თბილისი მოსკოვთან გამანადგურებელ კონფლიქტამდე მიიყვანა, თუმცა დღემდე მხოლოდ უმნიშვნელო პროგრესი შეიმჩნევა რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესების მხრივ.
 
სააკაშვილის პარტიის წარმომადგენელი კანონმდებლები კი ახალ  ხელისუფლებას იმისთვის აკრიტიკებენ, რომ მან კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგა რუსეთის მიერ ყირიმში  განხორციელებული ქმედებების დაგმობის სათანადო მხარდაჭერის მიმართულებით.