საქართველო რუსეთზე ფიქრით, ევროკავშირის მოლოდინში
ყოფილმა საბჭოთა რესპუბლიკამ არაერთი რეფორმა გაატარა და დღესდღეობით ქვეყნის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ წარმატებულად განიხილება.საქართველო ევროკავშირის კარიბჭის გაღებას ელოდება. სამხრეთ კავკასიაში მდებარე ქვეყანა 13 წელზე მეტია აქტიურად ცდილობს ევროკავშირთან დაახლოებას.
თბილისმა და ბრიუსელმა ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ასოცირების ხელშეკრულებასაც კი მოაწერეს ხელი და შემდეგ ის წარმატებით განახორციელეს.
ევროკავშირის ცენტრალური ევროპის წევრებთან დაახლოება ამ შედარებით პატარა ქვეყნისთვის არა მხოლოდ უსაფრთხოების საკითხი, არამედ პოლიტიკური და ეკონომიკური საჭიროებაა.
ეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.
ამ კონფლიქტის შედეგად ყოფილი საბჭოთა ქვეყნისთის ნათელი გახდა თუ რამდენად იყო კვლავ მისი ეკონომიკა მოსკოვზე დამოკიდებული და ამის შედეგად თუ რამდენად იყო მისი სუვერენიტეტი დარღვეული. რუსულმა არმიამ პატარა ქართული ჯარი გაანადგურა და მოსკოვმა სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ოკუპირება მოახდინა.
მას შემდეგ საქართველომ რეფორმების მთელი სერია გაატარა და დღესდღეობით ქვეყნის ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ წარმატებულად განიხილება. სწორედ ამიტომ საქართველომ ევროკავშირის კარიბჭეს მიაღწია. მაგრამ ახლა გაწევრიანებისთვის საუკეთესო დრო არ არის; თავისმხრივ ევროკავშირი ბრექსიტიდან დაწყებული, მიგრაციის პოლიტიკით დამთავრებული საკუთარ პრობლემებს ებრძვის.
„ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტ, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა:
სერჯიო კანტონე, „ევრონიუსი“: ბატონო პრეზიდენტო, არ გეშინიათ, რომ ევროკავშირში და ევროკავშირის წევრთა შორის არსებულმა პრობლემებმა, შესაძლოა გავლენა იქონიოს ევროკავშირსა და, მაგალითად, საქართველოსა და უკრაინას - ყოფილი საბჭოთა ქვეყნების ურთიერთობაზე?
გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი: ვფიქრობ, რომ ევროკავშირში არსებული პრობლემები, თუ გამოწვევები საქართველოს ინტეგრაციის პროცესს ანელებს. მე არ ვამბობ, რომ საბოლოოდ ისინი გავლენას მოახდენენ ევროპულ პროცესზე ან შეაჩერებენ საქართველოს ინტეგრაციას, მაგრამ უდავოდ შეანელებენ პროცესს...
„ევრონიუსი“: რატომ?
გიორგი მარგველაშვილი: ნათელია, რომ ევროკავშირი აგებულია წევრ სახელმწიფოთა ინკლუზიურ პოლიტიკაზე, მაგრამ როდესაც არსებობს გაურკვეველობა ზოგიერთ ისეთ საკითხზე, როგორიცაა ბრექსიტი, მაშინ გადაწყვეტილების მიღება ნელდება. რა თქმა უნდა, რუსეთის ფაქტორიც ამ პროცესის ერთ-ერთი ელემენტია.
“ევრონიუსი“: რას გულისხმობთ რუსეთის ფაქტორში? რა კავშირი აქვს მას ევროკავშირში არსებულ აზრთა სხვადასხვაობასთან?
გიორგი მარგველაშვილი: ვგულისხმობ რუსეთის ფაქტორს არა ამ კონტექსში, არამედ საქართველოს, უკრაინის და რუსეთის სხვა მეზობლების ევროპულ პროცესში უფრო აქტიურად ჩართულობის კონტექსტში. ჩვენ გვინახავს რუსეთის ძალიან აგრესიული რეაგირება...
„ევრონიუსი“: მაგრამ, ამავდროულად, როგორც ჩანს რუსეთს საკმაოდ კარგივ ურთიერთობა აქვს ევროკავშირის ზოგიერთ წევრთან...
გიორგი მარგველაშვილი: სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ ეს კარგი ურთიერთობები ზოგჯერ რეგიონში დაძაბულობას ზრდის და საბოლოოდ ეს ყოველივე ამ ქვეყნებს უარყოფითად უბრუნდებათ: ვიცი, რომ თუ მოსკოვთან ურთიერთობებს დაამყარებ და დაივიწყებ ფუნდამენტურ პრინციპებსა და საერთაშორისო სამართალს, საბოლოოდ ეს პრობლემები უკან დაგიბრუნდება. ეს ისტორიის კანონია.
„ევრონიუსი“: როგორც პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს მეთაური, რას ფიქრობთ ბრექსიტსა და ევროკავშირში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით?
გიორგი მარგველაშვილი: იმედი მაქვს, რომ ბრექსიტის შემთხვევა სიღრმისეულად გაანალიზდება და შესაბამისი დასკვნები გაკეთდება. გაკეთდება ისეთი დასკვნები, რომლებიც ევროკავშირს და მის ფუნქციონირებას გააუმჯობესებს, რათა არ მოხდეს კავშირის დაშლა. ასე რომ, ვიცი, რომ დროდადრო არსებობს აქტიური რიტორიკა ბრექსიტიზე, მაგრამ მე მჯერა პოლიტიკისადმი ევროპული, რაციონალური მიდგომის.
„ევრონიუსი“: მაგრამ, „ორსიჩქარიან ევროპა“-ში, შესაძლოა, უფრო მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს ისეთი ქვეყნებისთვის როგორიცაა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა, რათა შეძლონ მეორე წრეში გაერთიანება…
გიორგი მარგველაშვილი: ჩვენ ჯერ ზუსტად კიდევ არ ვიცით ეს რა იქნება. ეს წრე არ არის ევროკავშირი, როგორც ფორმალური სტრუქტურა. ეს წრე და ეს ნაბიჯები ევროპასთან დაახლოების შესაძლებლობას სხვადასხვა ფორმით იძლევა: ასე რომ, საქართველოს პერსპექტივიდან ვფიქრობ, რომ ქვეყნისთვის ინტეგრაციის სხვა საშუალებების ქონა ძალიან საინტერესოა და ჩვენც სწორედ ამას მოველით: გადაიდგას კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი, რათა მივაღწიოთ საბოლოო დანიშნულებას - ევროკავშირის წევრობას.
With Russia on its mind, Georgia looks to EU