საქართველოს პარლამენტს

საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნები „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტს
 
 
 
საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს საქართველოს პარლამენტის მიერ 2016 წლის 14 მაისს მიღებულ და ხელმოსაწერად წარმოდგენილ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებზე.
 
მიგვაჩნია, რომ:
 
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებით წარმოდგენილი ცვლილებები ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მარეგულირებელ კონსტიტუციურ ნორმებს, ევროპულ სტანდარტებსა და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, არ უზრუნველყოფს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას.
 
კანონპროექტები იწვევს საერთაშორისო თუ ადგილობრივი სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორის, სპეციალისტებისა და ექსპერტების საფუძვლიან კრიტიკას.
 
აღსანიშნავია, რომ ევროპულმა კომისიამ დემოკრატიისთვის სამართლის მეშვეობით (შემდეგში - ვენეციის კომისია) თავის დასკვნაში მიუთითა, რომ „მსგავსი ფართო სპექტრის ინსტიტუციონალური რეფორმის განხორციელება ორ თვეში ძალზედ ნაჩქარევად გამოიყურება, მით უმეტეს, მეორე და მესამე მოსმენებს შორის დროის შუალედი შეადგენს მხოლოდ ერთ დღეს“ (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 27 მაისის დასკვნა 849/2016 CDL-PI(2016)005), პუნქტი 11).
 
ვენეციის კომისიამ კანონპროექტები მხოლოდ საქართველოს პარლამენტის მიერ მათი განხილვისა და კენჭისყრის პროცედურების დასრულების შემდეგ მიიღო. ვენეციის კომისია არის საკონსტიტუციო საკითხებსა და კონსტიტუციური მართლმსაჯულების სფეროში მსოფლიოში ყველაზე ავტორიტეტული, უმაღლესი კვალიფიკაციის მქონე იურისტთა გაერთიანება. მის დასკვნებს კანონის უზენაესობის სტანდარტების დაცვისა და მონიტორინგის თაობაზე, იზიარებს და ეყრდნობა არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათ შორის, ეუთო და ევროპული კავშირი. სწორედ ვენეციის კომისიის დასკვნაზე დაყრდნობით დაიწყო ევროკავშირმა მეგობარი ქვეყნის, პოლონეთის მიმართ კანონის უზენაესობის შეფასების პროცედურა.
 
საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებული ასოცირების შეთანხმება ასევე მიუთითებს საკონსტიტუციო და, შესაბამისად, საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისას ვენეციის კომისიის დასკვნების გათვალისწინების ვალდებულებას.
 
ვენეციის კომისიამ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებულ დასკვნაში განიხილა განხორციელებული ცვლილებების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობა და შეაფასა, თუ რამდენად თავსებადია ისინი დემოკრატიულ სახელმწიფოში ძალაუფლების გამიჯვნის პრინციპის პირობებში საკონსტიტუციო სასამართლოს სათანადო ფუნქციონირებასთან (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 27 მაისის დასკვნა 849/2016 CDL-PI(2016)005), პუნქტი 60).
 
საგულისხმოა, რომ ცვლილებების გარკვეული ნაწილი დასკვნაში შეფასებულია პოზიტიურად, მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის არჩევის ახალი წესი, რომელიც, კანონპროექტში მხოლოდ მეორე მოსმენის შემდეგ აისახა და იმთავითვე იქნა გაზიარებული ჩვენ მიერ. დადებითად შეფასდა საკონსტიტუციო სასამართლოს აქტების ძალაში შესვლის დაკავშირება მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებასთან, ისევე როგორც განსხვავებული და თანმხვედრი აზრის სისტემატური გამოქვეყნება გადაწყვეტილებასთან ერთად. აღსანიშნავია ასევე მომხსენებელი მოსამართლის შერჩევის ელექტრონული სისტემის დანერგვა (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 27 მაისის დასკვნა 849/2016 CDL-PI(2016)005), პუნქტი 61).
 
ამავდროულად, ვენეციის კომისიის დასკვნაში უარყოფითად შეფასდა კანონპროექტით გათვალისწინებული ის საკითხები, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანი ფუნქციონირებისათვის (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 27 მაისის დასკვნა 849/2016 CDL-PI(2016)005), პუნქტი 68).
 
ეფექტიანი სასამართლო დაცვის უფლება ევროკავშირში კანონის უზენაესობის ფუნდამენტური ელემენტია (იხ. ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა ქარტიის 47-ე მუხლი). მართლმსაჯულების ევროპული სასამართლო განმარტავს, რომ ამ უფლების განხორციელება პირდაპირ უკავშირდება სასამართლოში შედეგის მიღწევის სიმარტივეს. სასამართლო, ვერც ევროპულ და ვერც ეროვნულ დონეზე, ვერ ჩაითვლება ეფექტიან დამცველად, თუ მისი საქმიანობის წესები გადაჭარბებულად გართულებულია (იხ., Effective judicial protection in the EU KOEN LENAERTS (*)http://ec.europa.eu/justice/events/assises-justice-2013/files/interventions/koenlenarts.pdf).
 
საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, წარმოგიდგენთ საქართველოს პრეზიდენტის მოტივირებულ შენიშვნებს „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებზე.
 
1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტის პირველი მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, ცვლილება შედის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლში, რომლის შესაბამისად, „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა შვიდი წევრი“. ამასთანავე, „კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა, ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე არანაკლებ ექვსი წევრისა“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტში განსახორციელებელი ცვლილების შესაბამისად, „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი“.
 
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა ექვსი წევრი“, ხოლო იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე წევრთა ნახევარზე მეტი“. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოქმედი რედაქციის თანახმად, „პლენუმი უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 6 წევრი“.
 
საქართველოს კონსტიტუციის 83-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანოა. საკონსტიტუციო კონტროლის განხორციელების პროცესში წყდება უმნიშვნელოვანესი და კონკრეტული ამოცანების მთელი კომპლექსი - კონსტიტუციასთან კონსტიტუციური შეთანხმების, კანონის, პრეზიდენტის, მთავრობის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უმაღლეს ორგანოთა ნორმატიული აქტების შესაბამისობის საკითხები; დავა სახელმწიფო ორგანოებს შორის კომპეტენციის შესახებ; მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებათა შექმნისა და საქმიანობის კონსტიტუციურობის საკითხები; რეფერენდუმისა და არჩევნების მომწესრიგებელი ნორმებისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობა; ნორმატიული აქტების კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან მიმართებით; საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების კონსტიტუციურობის საკითხი და ა.შ.
 
წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილი იქნება მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება 7 წევრი და კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სხდომაზე დამსწრე არანაკლებ 6 წევრისა. კვორუმის ამგვარი გაზრდა ეწინააღმდეგება საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროპულ სტანდარტებს.
 
„პლენუმის დამსწრე წევრთა კვორუმის შესაბამისად - ცხრა, რვა ან შვიდი წევრი - გადაწყვეტილების მიმღები უმრავლესობა შეადგენს შესაბამისად - 67, 75 ან 86 %-საც კი. ამგვარი კვორუმი, დასწრებისთვის განსაზღვრულ გაზრდილ კვორუმთან კომბინაციაში გადაჭარბებულია და მოსამართლეთა უმცირესობას ადვილად შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების ბლოკირება.“ (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 27 მაისის დასკვნა 849/2016 CDL-PI(2016)005), პუნქტი 44).
 
ევროპის უმრავლეს ქვეყანაში, იქ, სადაც აქვთ საკონსტიტუციო კონტროლის სპეციალური ორგანო საკონსტიტუციო სასამართლოს სახით, საქმის განხილვისათვის განსაზღვრული კვორუმი რიგ შემთხვევებში შეადგენს ნახევარზე მეტს (სლოვაკეთი, სლოვენია, ხორვატია), ხოლო სხვა შემთხვევებში საჭიროა წევრთა 2/3-ის მონაწილეობა (ავსტრია, ესპანეთი, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი, მოლდოვა, ლატვია).
 
აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში პოლონეთის მიმართ უარყოფითადაა შეფასებული დამსწრე წევრთა 2/3-იანი კვორუმის გაზრდა. ვენეციის კომისიის მოსაზრებით, აღნიშნული „გადაჭარბებულია და არათავსებადია ევროპის ერთიან პრაქტიკასთან... მაღალი კვორუმი ევროპის სხვა ქვეყნებში არ ფიქსირდება იმ მიზეზით, რომ შეიცავს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილებების მიღების პროცესის დაბლოკვისა და მის არაეფექტიან ორგანოდ გადაქცევის საფრთხეს. კერძოდ, სასამართლო ვერ შეძლებს თავისი ძირითადი ფუნქციის შესრულებას, უზრუნველყოს ქვეყნის კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობა.“ (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 11 მარტის N833/2015 CDL-AD (2016)001 დასკვნა, პუნქტები 74-78).
 
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, დღეისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია შეიკრიბოს და მიიღოს გადაწყვეტილებები, თუ სხდომას ესწრება სულ ცოტა ექვსი წევრი, რაც შეადგენს სრული შემადგენლობის 2/3-ს.
 
კვალიფიციური უმრავლესობა 2/3-ის სახით, ზოგადად, მიჩნეულია ინსტიტუციონალური ქმედუნარიანობისათვის საჭირო ზღვრულ ოდენობად და ამ ლოგიკას თანმიმდევრულად მისდევს საქართველოს კანონმდებლობა. კერძოდ, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, „პლენუმი უფლებამოსილია განიხილოს საკითხი, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის წევრთა არანაკლებ ორი მესამედისა. გადაწყვეტილება მიღებულად ითვლება, თუ მას მხარი დაუჭირა სხდომის მონაწილეთა არანაკლებ ორმა მესამედმა“. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების რეფორმის ე.წ. „მესამე ტალღის“ ფარგლებში მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტიც იზიარებს აღნიშნულ მიდგომას. იმავე „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო უფლებამოსილია განიხილოს საკითხი და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება საბჭოს წევრთა ნახევარზე მეტი, რაც 2/3-ზე ნაკლებია. ასევე, საქართველოს კონსტიტუციის 51-ე მუხლის თანახმად, „პარლამენტი მუშაობას შეუდგება, თუ დადასტურებულია დეპუტატთა არანაკლებ ორი მესამედის უფლებამოსილება“; „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 25-ე მუხლის თანახმად კი, „მუნიციპალიტეტის საკრებულო მუშაობას შეუდგება, თუ შესაბამისი საარჩევნო კომისია დაადასტურებს (არჩეულად გამოაცხადებს) ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის არჩევას“. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ მოქმედი საქართველოს ორგანული კანონი, სასამართლოს ინსტიტუციონალური თავისებურების გათვალისწინებით, 2/3-ს განსაზღვრავს იმ მაქსიმალურ ოდენობად, რომლის არსებობის შემთხვევაში სასამართლო იქნება გადაწყვეტილებაუნარიანი.
 
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ კონსტიტუციით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ეფექტიანობის უზრუნველყოფის თვალსაზრისით, უნდა აღინიშნოს კიდევ ერთი გარემოება. მიუხედავად იმისა, რომ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევის ვადებს, საქართველოს პარლამენტმა ვერ უზრუნველყო საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის არჩევა დაახლოებით თვრამეტი თვის განმავლობაში (საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეულ საკონსტიტუციო სასამართლოს ერთ-ერთ წევრს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა 2013 წლის 23 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა ახალი წევრი აირჩია 2015 წლის 20 მარტს). ამდენად, კვორუმის შეფასებისას შეიძლება გასათვალისწინებელი იყოს სხვადასხვა გარე ფაქტორები, რამაც შეიძლება მნიშვნელოვნად შეაფერხოს კონსტიტუციური მართლმსაჯულების ეფექტიანობა.
 
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების მიხედვით, სადავო ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის აუცილებელია 9-დან არანაკლებ 6 წევრის (საკონსტიტუციო სასამართლოს სრული შემადგენლობის 2/3-ის) მხარდაჭერა.
 
გადაწყვეტილების მიღებისათვის განსაზღვრული კვორუმის აწევამ შესაძლოა განაპირობოს მოსამართლეთა უმცირესობის მიერ გადაწყვეტილებების მიღების დაბლოკვა.
 
თუ გადავხედავთ საზღვარგარეთის ქვეყნების პრაქტიკას, მარტივი შესამჩნევია, რომ მიდგომა ფაქტობრივად ყველგან ერთგვაროვანია - გადაწყვეტილებების მიღებისთვის განსაზღვრული კვორუმი არის უბრალო უმრავლესობა, რიგ შემთხვევებში – დამსწრე წევრების (ალბანეთი, უნგრეთი, სლოვენია, ლატვია, რუმინეთი, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი, ბელგია), ხოლო შედარებით იშვიათად - სრული შემადგენლობისა (ხორვატია, ესპანეთი).
 
შედარებითი ანალიზი ცხადყოფს, რომ გარდა განსაკუთრებულ კომპეტენციებთან დაკავშირებული საგამონაკლისო შემთხვევებისა, ევროპული სამართლებრივი სისტემების უმეტესობაში გადაწყვეტილების მიღებისას საკმარისია ხმათა უბრალო უმრავლესობა. აღნიშნული გამონაკლისები შესაძლოა უკავშირდებოდეს, მაგალითად, იმპიჩმენტს, იმუნიტეტის მოხსნას, ან შემთხვევას, როდესაც ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე დავის ინიციატორი თავად საკონსტიტუციო სასამართლოა.
 
საქართველოს პარლამენტში კანონპროექტების განხილვისას გამოითქვა მოსაზრება, თითქოს გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო ადამიანის ძირითად უფლებებთან და თავისუფლებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს ხმათა 2/3-ით.
 
გერმანიაში გადაწყვეტილების მიღება ხდება განხილვაში მონაწილე სენატის წევრთა უმრავლესობით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონის მე-15 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-13 მუხლის პირველი, მე-2 (პარტიების საქმიანობასთან დაკავშირებით), მე-4 (იმპიჩმენტის საკითხი) და მე-9 (მოსამართლეთა იმუნიტეტი) პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღება სენატის წევრთა 2/3-ით.
 
შესაბამისად, გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო 2/3-იანი კვორუმით გადაწყვეტილებებს იღებს მხოლოდ ძირითადი კანონის (კონსტიტუცია) მე-18 მუხლით ვიწროდ განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც უფლებების ჩამორთმევა უკავშირდება თავისუფალი დემოკრატიული წყობილების საფუძვლების წინააღმდეგ საბრძოლველად მათ ბოროტად გამოყენებას. ხოლო, როდესაც სადაოდ არის გამხდარი საჯარო ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი ძირითადი უფლების დარღვევა, გადაწყვეტილება მიიღება საქმის განხილვაში მონაწილე წევრთა უმრავლესობით. სწორედ ამიტომ განაცხადა ვენეციის კომისიამ, რომ გერმანიაში იგი უკავშირდება კონკრეტულ სპეციფიკურ საკითხებს.
 
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებითა და საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისას სრული შემადგენლობის 2/3-იანი კვორუმის დაწესება მართებულად მიგვაჩნია მხოლოდ ისეთ სპეციფიკურ და მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა იმუნიტეტის, არჩევნებისა და რეფერენდუმის მომწესრიგებელი ნორმების კონსტიტუციურობისა და ამ ნორმების საფუძველზე ჩატარებული ან ჩასატარებელი არჩევნების (რეფერენდუმის) კონსტიტუციურობის, იმპიჩმენტისა და საქართველოს ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხები. ამასთან, აღნიშნულ საკითხთა განსახილველად პლენუმი უფლებამოსილი უნდა იყოს, თუ მის სხდომას ესწრება პლენუმის სულ ცოტა 7 წევრი, რაც განაპირობებს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებათა მიღების მაღალი ლეგიტიმაციის ხარისხს.
 
საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის თანახმად ახორციელებს საკონსტიტუციო კონტროლს, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებების განხორციელება უნდა შეძლოს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
 
 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტით განსაზღვრულ (მუხლი 44, მე-2 პუნქტი) 2/3-იან კვორუმთან დაკავშირებით ვენეციის კომისია თავის დასკვნაში ცალსახად მიუთითებს შემცირების აუცილებლობაზე (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 27 მაისის დასკვნა 849/2016 CDL-PI(2016)005, პუნქტი 62.2).
 
საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, ეფექტიანი საკონსტიტუციო კონტროლის უზრუნველყოფის მიზნით, გთავაზობთ განისაზღვროს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი გადაწყვეტილების მისაღებად უფლებამოსილი იყოს იმ შემთხვევაში, თუ სხდომას ესწრება, სულ ცოტა, ექვსი წევრი, ხოლო კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად და კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვალოს, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გარდა ზემოაღნიშნული სპეციფიკური შემთხვევებისა, როცა პლენუმი გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი, ხოლო გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა.
 
2. წარმოდგენილი ორგანული კანონის პროექტის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, ცვლილება შედის „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლში, რომლის თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება. არ შეიძლება საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს დაევალოს ახალი საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღება, გარდა განმწესრიგებელ სხდომაში მონაწილეობის შემთხვევისა (ამ შემთხვევაში იგი არ შეიძლება დაინიშნოს მომხსენებელ მოსამართლედ) და ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ საქმეთა განხილვისა, თუ მისი უფლებამოსილების ვადის გასვლამდე 3 თვეზე ნაკლებია დარჩენილი“.
 
საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის 88-ე მუხლის მე-2 პუნქტს, რომლის თანახმად ,,საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთა უფლებამოსილების ვადაა 10 წელი“.
 
უფლებამოსილების ვადის განსაზღვრა გულისხმობს მოსამართლისათვის თავისი კონსტიტუციური ფუნქციის მითითებული ვადის განმავლობაში სრულად განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ამასთან, საქართველოს კონსტიტუცია არ ითვალისწინებს რაიმე პირდაპირ ან ირიბ შესაძლებლობას, რომ უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე მოხდეს მოსამართლის უფლებამოსილების სრულად განხორციელების შეზღუდვა.
 
პარლამენტის მიერ შემოთავაზებული ცვლილებით ერთი კონსტიტუციური ინსტიტუტის (საკონსტიტუციო სასამართლო), ერთი და იმავე სტატუსის მქონე და ერთი და იმავე ვადით დანიშნული მოსამართლეები დროის კონკრეტულ მოცემულობაში განსხვავებულ უფლებრივ მდგომარეობაში ექცევიან. კერძოდ, მოსამართლეს, რომელსაც უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 3 თვეზე ნაკლები რჩება, აღარ ექნება ახალი საქმის არსებით განხილვაში მონაწილეობის მიღების უფლება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა).
 
 „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-18 მუხლში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, „საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს 10-წლიანი უფლებამოსილების ვადის გასვლისთანავე უფლებამოსილება შეუწყდება...“.
 
ვენეციის კომისიის შეფასებით, მოსამართლის უფლებამოსილების ვადის შეწყვეტა 10-წლიანი ვადის გასვლისთანავე ცალსახად შესაბამისობაშია კონსტიტუციასთან. თუმცა, გაუგებარია, რა მიზანს ემსახურება მოსამართლის უფლებამოსილების ბოლო სამი თვის განმავლობაში სრულად განხორციელების შეზღუდვა, რაც არაკონსტიტუციურია. ვენეციის კომისია მკაცრად მიუთითებს იმ მუხლის ამოღებაზე, რომელიც ითვალისწინებს მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელების ბოლო სამ თვეში შეზღუდვას, რამეთუ ამგვარი შეზღუდვა მხოლოდ კონსტიტუციით შეიძლება დაწესდეს (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 27 მაისი დასკვნა 849/2016 CDL-PI(2016)005. პუნქტი 62.1).
 
შემოთავაზებული ცვლილებების თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლოს ის მოსამართლეები, რომელთაც უფლებამოსილების ვადის გასვლამდე დარჩათ სამი თვე, ვერ მიიღებენ მონაწილეობას პლენუმის მიერ ახალ საქმეთა არსებითად განხილვაში, რაც გამოიწვევვს პლენუმის მიერ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობას.
 
საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს“.
 
თავის მხრივ, სამართლიანი სასამართლოს უფლება არ გულისხმობს მხოლოდ ფორმალურ ან ნომინალურ შესაძლებლობას მიმართო სასამართლოს. აუცილებელია ეფექტიანი ღონისძიების არსებობა და ამ შემთხვევაში, პირს უნდა ჰქონდეს ფაქტზე რეაგირების ეფექტიანი, ქმედითი და არა ილუზორული მექანიზმი (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ). საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებების საფუძველზე, პირს ერთმევა შესაძლებლობა ისარგებლოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლებით.
 
შესაბამისად, ამოღებული უნდა იქნეს მუხლი, რომელიც აწესებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვადის ამოწურვამდე დარჩენილ 3-თვიან შეზღუდვას.
 
3. შემოთავაზებული ცვლილების მიხედვით, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლის 11 პუნქტის რედაქციით, კოლეგიის წევრი ხდება უფლებამოსილი ერთპიროვნულად მიმართოს შუამდგომლობით პლენუმს განსახილველი საკითხის გადაცემის თაობაზე.
 
მას შემდეგ, რაც კოლეგიის წევრი მიმართავს პლენუმს, ამ უკანასკნელმა, იმისათვის, რომ უარი განაცხადოს საქმის განსახილველად მიღებაზე და საქმე დაუბრუნოს კოლეგიას, აუცილებელია პლენუმის ექვსმა წევრმა მხარი არ დაუჭიროს მის მიღებას. ვენეციის კომისიის დასკვნის შესაბამისად, ზემოაღნიშნული ექვსწევრიანი კვორუმი აშკარად გადაჭარბებულია (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 27 მაისის დასკვნა 849/2016 CDL-PI(2016)005, პუნქტი 62.3).
 
ზემოაღნიშნულისა და ვენეციის კომისიის დასკვნის გათვალისწინებით, პლენუმისათვის განსახილველად გადაცემული საკითხის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში, გადაწყვეტილების მიღების კვორუმი უნდა შემცირდეს სრული შემადგენლობის უმრავლესობამდე. ამასთან, აღნიშნულის თაობაზე პლენუმის უარყოფითი განჩინება დასაბუთებას არ უნდა საჭიროებდეს (იხ. ვენეციის კომისიის 2016 წლის 27 მაისის დასკვნა 849/2016 CDL-PI(2016)005, პუნქტი 62.3).
 
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს კონსტიტუციის 68-ე მუხლის შესაბამისად, მოტივირებული შენიშვნებით გიბრუნებთ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტებს.
 
 
 
გიორგი მარგველაშვილი
 
 
 
 
 
 
 
 
 
საქართველოს ორგანული კანონი
 
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ
 
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
 
 
 
მუხლი 1. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №001, 27.02.1996, გვ. 8) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
 
1. მე-10 მუხლის:
 
ა) პირველი–მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ფიცის დადებიდან ან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა ტარდება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომა, რომელზედაც 5 წლის ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე. იმავე წესითა და ვადით აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ორი მოადგილე. თუ არჩევის მომენტისათვის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის ან მისი მოადგილეობის კანდიდატის, როგორც სასამართლოს წევრის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე 5 წელზე ნაკლებია დარჩენილი, ის თანამდებობაზე აირჩევა სასამართლოს წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.
 
2. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 1 თვისა აირჩევა შესაბამისად საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი თავმჯდომარე ან თავმჯდომარის მოადგილე.
 
3. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს სულ ცოტა 3 წევრს მისი, როგორც სასამართლოს თავმჯდომარის, უფლებამოსილების ვადის ამოწურვიდან ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან 2 კვირის ვადაში. საკონსტიტუციო სასამართლოს ერთმა წევრმა შეიძლება ხელი მოაწეროს მხოლოდ ერთი კანდიდატურის წარდგენას.“;
 
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51–53 პუნქტები:
 
„51. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად მხოლოდ 1 პირი დასახელდა და მან ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი კანდიდატურა (კანდიდატურები), რომელიც არჩეულად ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატად 2 ან 3 პირი დასახელდა და ვერცერთმა ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, იმავე დღეს იმართება კენჭისყრის მე-2 ტური, რომელში მონაწილეობის უფლებაც აქვს საუკეთესო შედეგის მქონე 2 კანდიდატს. თუ მეორე ადგილზე ერთნაირი შედეგით 2 კანდიდატი გავიდა, კენჭისყრის მე-2 ტურში სამივე კანდიდატი მონაწილეობს. თუ რომელიმე კანდიდატმა მოხსნა თავისი კანდიდატურა, კენჭი ეყრება დარჩენილ კანდიდატს (კანდიდატებს). თუ ვერცერთმა კანდიდატმა კვლავ ვერ მიიღო თავმჯდომარედ არჩევისთვის საკმარისი ხმები, 1 კვირის ვადაში, ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი კანდიდატურა (კანდიდატურები) და თავმჯდომარედ არჩეული კანდიდატი გამოვლინდება ამ პუნქტით დადგენილი წესით.
 
52. თუ კანდიდატმა, რომელსაც კენჭი ეყრება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე, ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, 3 დღის ვადაში, ამ მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი წესით სახელდება ახალი კანდიდატურა, რომელიც არჩეულად ჩაითვლება ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის ხმების მიღების შემთხვევაში.
 
53. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ ან თავმჯდომარის მოადგილედ არ შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც ადრე ეკავა იგივე თანამდებობა.“.
 
2. მე-12 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„ბ) ანაწილებს საქმეებს და საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომისთვის ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით;“.
 
3. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივანი აირჩევა საკონსტიტუციო სასამართლოს წევრთაგან, საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ, ფარული კენჭისყრით, 5 წლის ვადით. საკონსტიტუციო სასამართლოს მდივნის კანდიდატურას ასახელებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და მისი არჩევისთვის საკმარისია კენჭისყრაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს არანაკლებ 5 წევრის მხარდაჭერა.“.
 
4. მე-15 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა.“.
 
5. მე-16 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტიდან არაუგვიანეს 20 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მის მიერ ფიცის დადების მომენტიდან. თუ საქართველოს პარლამენტის მიერ არჩეული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა დაემთხვა საქართველოს პარლამენტის არასასესიო პერიოდს, საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი გამწესდება პარლამენტის უახლოესი სესიის დაწყებიდან 2 კვირის განმავლობაში.
 
5. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუადრეს 1 თვისა და არაუგვიანეს 10 დღისა გამწესდება საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი წევრი, რომლის უფლებამოსილებაც იწყება მისი წინამორბედის უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე, მაგრამ არაუადრეს მის მიერ ფიცის დადების მომენტისა.“.
 
6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„მუხლი 18
 
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლებამოსილების 10-წლიანი ვადის ამოწურვისთანავე შეუწყდება უფლებამოსილება.“.
 
7. 21-ე მუხლის:
 
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „დ“, „ვ“, „თ“–„კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით, იმავე მუხლის მე-2 პუნქტითა და 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი.
 
2. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“, „გ“, „ე“, „ზ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია.“;
 
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
 
8. 211 მუხლის:
 
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის საოქმო ჩანაწერი/განჩინება, გადაწყვეტილება ან დასკვნა, რომელიც განსხვავდება საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკისაგან, მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.“; 
 
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
 
„3. თუ საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის წევრი მიიჩნევს, რომ მისი პოზიცია, რომელიც გამომდინარეობს განსახილველი საქმიდან, განსხვავდება სასამართლოს მიერ ადრე მიღებულ გადაწყვეტილებაში (გადაწყვეტილებებში) გამოხატული სამართლებრივი პოზიციისაგან, ან თუ განსახილველი საქმე თავისი შინაარსით წარმოშობს საქართველოს კონსტიტუციის განმარტების ან/და გამოყენების იშვიათ ან/და განსაკუთრებით მნიშვნელოვან სამართლებრივ პრობლემას, იგი უფლებამოსილია საქმის განხილვისა და გადაწყვეტის ნებისმიერ ეტაპზე მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს დასაბუთებული წერილობითი შუამდგომლობით აღნიშნული საქმის პლენუმის მიერ განხილვის თაობაზე. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი მისთვის მიმართვიდან 7 დღის ვადაში წყვეტს საქმის პლენუმის მიერ განხილვის საკითხს, რის შესახებაც იღებს შესაბამისად საოქმო ჩანაწერს ან განჩინებას. პლენუმის მიერ საქმის განხილვაზე უარის თქმის შემთხვევაში აღნიშნული საქმე განსახილველად უბრუნდება იმავე კოლეგიას.
 
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ განსახილველად მიღებულად ითვლება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა პლენუმი აღნიშნული საქმის განხილვაზე უარს იტყვის განჩინებით, რომელიც მიღებულად ჩაითვლება, თუ  მას  მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა.“.
 
9.  25-ე მუხლის:
 
ა) 41 და მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„41. თუ საკონსტიტუციო სასამართლო განმწესრიგებელ სხდომაზე დაადგენს, რომ სადავო ნორმატიული აქტი ან მისი ნაწილი შეიცავს იმავე შინაარსის ნორმებს, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლომ უკვე ცნო არაკონსტიტუციურად, ხოლო ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან შეუსაბამოდ, ამავე კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში კი – საქართველოს კონსტიტუციასთან, „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონთან, კონსტიტუციურ შეთანხმებასთან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან ან საქართველოს კანონებთან შეუსაბამოდ, და თუ არ არსებობს ამ კანონის 211 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, მას გამოაქვს განჩინება საქმის არსებითად განსახილველად მიუღებლობისა და სადავო აქტის ან მისი ნაწილის ძალადაკარგულად ცნობის შესახებ. ეს განჩინება ძალაში შედის გამოქვეყნების მომენტიდან.
 
5. თუ საკონსტიტუციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ნორმატიული აქტის მოქმედებას შეუძლია ერთ-ერთი მხარისათვის გამოუსწორებელი შედეგები გამოიწვიოს, მოცემული საკითხი განსახილველად გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს, რომელსაც შეუძლია განმწესრიგებელ სხდომაზე პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობით მიღებული გადაწყვეტილებით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ან უფრო ნაკლები ვადით შეაჩეროს სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედება. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე, საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით გადასინჯოს გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, თუ აღარ არსებობს ის გარემოებები, რომლებიც საფუძვლად დაედო ამ გადაწყვეტილებას. გადაწყვეტილება სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე, აგრეთვე ამ გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ ძალაში შედის შესაბამისი საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნების მომენტიდან. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის მიერ სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე ან მის შეჩერებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმეს განიხილავს და საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგია ან პლენუმი ამ კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით დადგენილი წესით.“;
 
ბ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
 
„6. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.“.
 
10. 43-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-10–მე-13 პუნქტები:
 
„10. საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის სრული ტექსტი, გარდა ამ მუხლის მე-3 და მე-11 პუნქტებით გათვალისწინებული აქტებისა, მისი მიღებიდან 15 დღის ვადაში ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში აქვეყნებს მას.
 
11. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება და დასკვნა, აგრეთვე ამ კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინება და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერი „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ცხადდება სხდომათა დარბაზში, მისი სრული ტექსტი ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.
 
12. ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი, რომელიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძველზე, შესაძლებელია არ გამოცხადდეს სხდომათა დარბაზში. ასეთ შემთხვევაში ამ აქტის სრული ტექსტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.
 
13. საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა გადაწყვეტილების, განჩინების, საოქმო ჩანაწერისა და დასკვნის სრული ტექსტი, აგრეთვე ამ აქტებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი, მისი არსებობის შემთხვევაში, ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე, ხოლო ამ მუხლის მე-11 და მე-12 პუნქტებით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი – აგრეთვე „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“.
 
11. 44-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„მუხლი 44
 
1. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 6 წევრი, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
 
2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია ამ კანონის მე-15 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 7 წევრი.
 
3. კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სრული შემადგენლობის უმრავლესობა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
 
4. ამ კანონის მე-15 მუხლითა და მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ, აგრეთვე ორგანული კანონის ნორმის კონსტიტუციურობის საკითხებზე კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილებულად, ხოლო კონსტიტუციური წარდგინების თაობაზე დასკვნა მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის არანაკლებ 6 წევრისა.“.
 
12. 47-ე მუხლის:
 
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„2. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“;
 
ბ) მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
 
მუხლი 2
 
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2016 წლის 1 ოქტომბრიდან.
 
 
 
 
 
საქართველოს პრეზიდენტი                     
 
გიორგი მარგველაშვილი
 
 
 
საქართველოს კანონი
 
„საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში
 
ცვლილების შეტანის თაობაზე
 
მუხლი 1. „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №5-6, 24.04.96, გვ. 66) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
 
1. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1. საქმეზე გადაწყვეტილების მიღების უფლება აქვთ ამ საქმის განხილვაში უშუალოდ მონაწილე მოსამართლეებს. თუ განმწესრიგებელი სხდომის ან/და საქმის არსებითი განხილვის მიმდინარეობისას რომელიმე მოსამართლე სხვა მოსამართლით შეიცვალა, ამ უკანასკნელის მოთხოვნის შემთხვევაში საქმის განხილვის იგივე ეტაპი თავიდან იწყება.“.
 
2. მე-7 მუხლის:
 
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„3. საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს უფლება აქვს, გადაწყვეტილების მიღებისას ჰქონდეს განსხვავებული აზრი ან თანმხვედრი აზრი, რომელიც წერილობით გადმოიცემა.
 
4. საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი თან ერთვის საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომის ოქმს და ამ კანონით დადგენილი წესით ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.“;
 
ბ) მე-5 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
 
3. მე-17 მუხლის:
 
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„2. რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი ან კონსტიტუციური წარდგინება დაუყოვნებლივ გადაეცემა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, რომელიც, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის განსჯად საქმეს 7 დღის ვადაში გადასცემს კოლეგიას საქმის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად, ხოლო თუ საქმე საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსჯადია – იმავე ვადაში, ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს პლენუმის სხდომისთვის და საქმეს მას გადასცემს. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიებისთვის საქმეთა გადაცემისას დაცული უნდა იქნეს რიგითობის წესი, გარდა ამ მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“;
 
ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 და 22 პუნქტები:
 
„21. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი იმავე შინაარსისაა ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ეს სარჩელი ერთ წარმოებად გასაერთიანებლად, განსახილველად გადასცეს იმავე კოლეგიას.
 
22. თუ რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის განსახილველია ან საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის/საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით პლენუმს გადაეცა განსახილველად და იგი შინაარსობრივად ან სამართლებრივად არსებითად უკავშირდება იმ საკითხს, რომელსაც ეხება პლენუმისთვის ადრე გადაცემული კონსტიტუციური სარჩელი/კონსტიტუციური წარდგინება, პლენუმი უფლებამოსილია ეს სარჩელები/წარდგინებები ერთ წარმოებად გააერთიანოს.“;
 
გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„3. საკონსტიტუციო სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე საქმის მიღებისთანავე კოლეგიის წევრთაგან, ამ მუხლის 31 პუნქტით დადგენილი წესის საფუძველზე ნიშნავს მომხსენებელ მოსამართლეს განმწესრიგებელი სხდომისთვის და საქმეს კოლეგიის წევრებს გადასცემს.“;
 
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
 
„31. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების მიზნებისათვის მომხსენებელი მოსამართლე შეირჩევა ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის საშუალებით.“.
 
4. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
 
„5. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“  საქართველოს  ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ საოქმო ჩანაწერში, რომლითაც  ხდება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერება, მიეთითება:
 
ა) საქმის განმხილველი საკონსტიტუციო სასამართლოს დასახელება და შემადგენლობა;
 
ბ) საოქმო ჩანაწერის შედგენის დრო და ადგილი;
 
გ) საქმის განხილვის მონაწილენი და დავის საგანი;
 
დ) საკითხი, რომელზედაც შედგენილია საოქმო ჩანაწერი;
 
ე) მოტივები, რომლებსაც ეფუძნება საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნები;
 
ვ) „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ამ კანონის ნორმები, რომლებიც საფუძვლად დაედო საოქმო ჩანაწერს;
 
ზ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერებისა და შეჩერების ვადის შესახებ;
 
თ) აღნიშვნა სადავო აქტის ან მისი სათანადო ნაწილის მოქმედების შეჩერების თაობაზე გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.“.
 
5. 22-ე მუხლის:
 
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1. საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის/კონსტიტუციური წარდგინების არსებითად განსახილველად მიღების საკითხს, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის 211 მუხლითა და 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ საკითხებს წყვეტს ღია კენჭისყრით, სათათბირო ოთახში.“;
 
ბ) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„3. საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინება/საოქმო ჩანაწერი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ძალაში შედის საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ხელმოწერის მომენტიდან. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს წევრი განზრახ არიდებს თავს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, განჩინება/საოქმო ჩანაწერი შესაძლებელია გამოცხადდეს სხდომათა დარბაზში.
 
4. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში მიღებული განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის სხდომათა დარბაზში გამოცხადება სავალდებულოა.
 
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში აღნიშნული განჩინება/საოქმო ჩანაწერი ძალაში შედის საქმის განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ ხელმოწერის შემდეგ. ისეთ შემთხვევაში, როდესაც სასამართლოს წევრი განზრახ არიდებს თავს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, მისი გამოქვეყნების მომენტიდან, თუ „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით სხვა ვადა არ არის დადგენილი.  განჩინებისა და საოქმო ჩანაწერის გამოქვეყნებად  ითვლება მათი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.“.
 
6. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„2. საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი უფლებამოსილია საქმე არსებითად განიხილოს და მიიღოს გადაწყვეტილება, თუ მის სხდომას ესწრება სულ ცოტა 6 წევრი, გარდა „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“.
 
7. 29-ე მუხლის:
 
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„1. საქმის არსებითად განხილვაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს ყველა წევრის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ან დასკვნაზე ხელმოწერის შემდეგ სხდომის თავმჯდომარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას/დასკვნას და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრის/თანმხვედრი აზრის არსებობის შესახებ ინფორმაციას აცხადებს სხდომათა დარბაზში. ისეთ შემთხვევაში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი განზრახ არიდებს თავს ხელმოწერას ან ობიექტური მიზეზის გამო ვერ აწერს ხელს და ხელმომწერთა რაოდენობა საკმარისია შესაბამისი განჩინების/საოქმო ჩანაწერის მიღებისთვის, სხდომის თავმჯდომარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას/დასკვნას და საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრის/თანმხვედრი აზრის არსებობის შესახებ ინფორმაციას აცხადებს სხდომათა დარბაზში.“;
 
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„4. საკონსტიტუციო სასამართლო უფლებამოსილია გამოაცხადოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების/დასკვნის მხოლოდ სამოტივაციო და სარეზოლუციო ნაწილები. ამ შემთხვევაში მხარეებს დაუყოვნებლივ გადაეცემა გადაწყვეტილების/დასკვნის სრული ტექსტი.“
 
8. 33-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
 
„მუხლი 33
 
1. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის სრული ტექსტი, რომელიც შეესაბამება ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით, 22-ე მუხლის მე-5 პუნქტით, 29-ე მუხლის პირველი პუნქტითა და 31-ე და 32-ე მუხლებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, ამ კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტითა და 29-ე მუხლით დადგენილი წესით სხდომათა დარბაზში გამოცხადების შემდეგ დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.
 
2. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი, რომელიც მიღებულია საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე განხილვის საფუძველზე, არ გამოცხადდა სხდომათა დარბაზში, მისი სრული ტექსტი დაუყოვნებლივ ქვეყნდება საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და ეგზავნება „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მიღებისთანავე აქვეყნებს მას.
 
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტი ძალაში შედის მისი გამოქვეყნების მომენტიდან. ამ აქტის გამოქვეყნებად ითვლება მისი სრული ტექსტის საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნება.
 
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საკონსტიტუციო სასამართლოს აქტის მიღებაში მონაწილე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი, მისი არსებობის შემთხვევაში, თან ერთვის აღნიშნულ აქტს და მასთან ერთად ქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა ამ აქტის სხდომათა დარბაზში გამოცხადებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებული აზრი/თანმხვედრი აზრი გამოქვეყნდება, თუ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა ზემოაღნიშნული აქტის სხდომათა დარბაზში გამოცხადებიდან 10 დღის ვადაში. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის განსხვავებულ აზრს/თანმხვედრ აზრს საკონსტიტუციო სასამართლო 2 დღის ვადაში აქვეყნებს საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე და უგზავნის „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“, რომელიც მომდევნო 2 დღის ვადაში აქვეყნებს მას.
 
5. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი ეგზავნებათ მხარეებს, ხოლო დასკვნის თითო ასლი – კონსტიტუციური წარდგინების ავტორებსა და „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“  საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში აღნიშნულ თანამდებობის პირებს. „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“   საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების თითო ასლი ეგზავნებათ კონსტიტუციური წარდგინების ავტორსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს.
 
6. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებისა და დასკვნის თითო ასლი, აგრეთვე „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული განჩინებისა და იმავე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საოქმო ჩანაწერის თითო ასლი ეგზავნებათ საქართველოს პარლამენტს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს მთავრობასა და საქართველოს უზენაეს სასამართლოს.“.
 
მუხლი 2. 2017 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ და საქართველოს მთავრობამ უზრუნველყონ ფინანსური, ტექნიკური და სხვა საჭირო რესურსების გამოყოფა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის 31 პუნქტში აღნიშნული მომხსენებელი მოსამართლის ავტომატური, ელექტრონული წესით შერჩევის სისტემის მითითებულ ვადაში შექმნისა და დანერგვისათვის.
 
მუხლი 3
 
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
 
2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.
 
 
 
საქართველოს პრეზიდენტი              
 
გიორგი მარგველაშვილი