საქართველოს პრეზიდენტი: «ირანის საერთაშორისო არენაზე დაბრუნება საქართველოსთვის ძალიან კარგი შესაძლებლობაა»

შეხვედრა. 20 და 21 აპრილს საფრანგეთში ვიზიტით მყოფი საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დაგვთანხმდა ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერაზე. ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრირებაზე საუბრისას პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ქვეყანის იდენტობას.
 
პრეზიდენტმა ასევე განმარტა, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას მისი ქვეყანა, რომელიც რამდენიმე დიდი და ძლიერი ქვეყნის გზაჯვარედინზე მდებარეობს.
 
გიორგი მარგველაშვილმა, რომელიც 2013 წლიდან საქართველოს პრეზიდენტია, არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის პარტიის კანდიდატი დავით ბაქრაძე დაამარცხა, 2008 მოსკოვთან დაპირისპირებამ მნიშვნელოვნად შეარყია მაშინდელი მმართველი პარტიის პოზიციები. 2003 წელს ე.წ. «ვარდების რევოლუციის» შედეგად ხელისუფლებაში მოსული სააკაშვილისთვის ეს იმდენად ძლიერი პოლიტიკური დარტყმა იყო, რომ მან მდგომარეობის გამოსწორება ვეღარ შეძლო. დღეს საქართველო უფრო მშვიდი ქვეყანაა, მიუხედავად იმისა, რომ ისევ მოუშუშებელი აქვს ამ ეპოქის ორი დიდი ჭრილობა, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ორი სეპარატისტული რეგიონი - აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
 
მაგრამ ამ მოვლენებმა ქართველი ხალხს უარი ვერ ათქმევინა საკუთარ მიზნებზე. «უკვე ოცდახუთი წელია, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, მიზნად ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრირება დავისახეთ. დიდი იმედი გვაქვს ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობის, რადგან საფრანგეთი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პარტნიორია“,- განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.
 
ჩვენს ქვეყანებს შორის ორმხრივ ურთიერთობებს მართლაც ღრმა ფესვები აქვს. ამასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა გაიხსენა ქართველი დისიდენტები, რომლებმაც არც თუ ისე დიდი ხნის წინ თავშესაფარი საფრანგეთში იპოვეს. «ეს ურთიერთობა საფრანგეთთან კიდევ უფრო ღრმა დონეზე უნდა იყოს შენარჩუნებული, ვიდრე უბრალოდ დიპლომატიური ურთიერთობებია».
 
 
მიუხედავად ამისა, ევროკავშირი, რომელსაც საქართველოსთან თანამშრომლობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული და ნატო, რომელიც ავღანეთში ქართულ საჯარისო შენაერთებს იყენებს, გარკვეულ მინიშნებებს აკეთებენ ორგანიზაციის გაფართოების პროცესის შენელებაზე. ეს კავკასიური რესპუბლიკა გაწევრიანებაზე თანხმობას არც ნატო-ს ივლისის მომავალი სამიტიდან უნდა ელოდოს.
 
«ეს არის პროცესი, რომელსაც თან ახლავს წარმატება და წარუმატებლობა. ამჟამად ჩვენ როგორც ნატო-სთან, ასევე ევროკავშირთან თანამშრომლობის კონსერვატიულ ფაზაში ვიმყოფებით, მაგრამ ეს ჩვენ მიზნებს ვერ შეგვაცვლევინებს, მათი პოზიცია დროებითია“,- აღიარებს პრეზიდენტი მარგველაშვილი.
 
სამხრეთ კავკასიაში, სადაც ჯერ კიდევ არსებობს კონფლიქტების ჩაუმქრალი კერა, როგორც ეს მთიანი ყარაბაღის, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არსებული კონფლიქტის შემთხვევაში დავინახეთ, საქართველოს სურს შუამავლის როლი შეასრულოს. «ჩვენ გვაქვს კარგი ურთიერთობა ყველა მეზობელთან, გარდა, სამწუხაროდ, რუსეთის ფედერაციისა, მაგრამ გვაქვს კარგი ურთიერთობა სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან».
 
სახელმწიფოს მეთაური აცნობიერებს, რომ მთავარი გამოწვევა რეგიონში სიმშვიდის შენარჩუნებაა. «ჩვენ [საბრძოლო მოქმედებების განახლებისთანავე] მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოვუწოდეთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ერთი მხრივ თურქეთსა და აზერბაიჯანს, ხოლო მეორე მხრივ, რუსეთსა და სომხეთს შორის მჭიდრო ურთიერთობების მიუხედავად, მოხერხდა ფართომაშტაბიანი დაპირისპირების თავიდან აცილება. «მინსკის ჯგუფი» ინარჩუნებს მოქმედების ლეგიტიმურობას, რათა შესაძლებელი გახდეს  აღნიშნული კონფლიქტიდან მშვიდობიანი გამოსავლის პოვნა».
 
 
რეალურად, რეგიონში შეიარაღებულ დაპირიპირებას სავალალო ეკონომიკური შედეგები მოჰყვებოდა, მით უფრო, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ დაიწყო საქართველოს ერთერთი ძალიან ძლიერი მეზობლის, ირანის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნაზე საუბარი. «ჩვენ დიდი ხანია ირანის საერთაშორისო სცენაზე დაბრუნება განვსაზღვრეთ, როგორც მთავარი გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის. თუ ირანი აგრძელებს გახსნას, ჩვენ   მისი ეკონომიკისთვის ევროპაში შესასვლელი კარი ვიქნებით. ეს არის საქართველოსთვის დიდი შესაძლებლობა».
 
მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი, გარდა ეკონომიკურისა, სხვა მნიშვნელოვან საკითხზეც ფიქრობს. მისი თქმით, გასულ წელს ვატიკანში ვიზიტისას იგი გაოცებული დარჩა რომის პაპ ფრანცისკეს პიროვნებით, მოვლენების განჭვრეტის მისეული უნარით და  მშვიდობისათვის ძალისხმევით. «მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ იგი დასთანხმდა ჩემს მოწვევას თბილისში“, - სიამოვნებით აღნიშნა ბატონმა მარგველაშვილმა. პაპი, მისი თქმით, არის ასევე სახელმწიფოს მეთაური და ვატიკანის საგარეო პოლიტიკური კურსი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ვიზიტი საშუალებას გვაძლევს, ხაზი გავუსვათ ჩვენს ქრისტიანულ იდენტობას» და ამ რელიგიური იდენტობიდან საქართველოს სურს შექმნას მაგალითი, მაშინ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ცივილიზაციათა ომზე.
 
«ჩვენმა წინაპრებმა თანაცხოვრება გვასწავლეს. საქართველოს მეფემ დავითმა, თბილისი არაბებისგან გათავისუფლა და შემდეგ მათ მფარველობდა. ჩვენთან არასოდეს დევნიდნენ ებრაელებს  სოლომონის ტაძრის დანგრევის შემდეგ!» «არ არის საჭირო რელიგიებთან  ბრძოლა, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს », - დასძინა მან.