საქართველოს პრეზიდენტი გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გაეროს მოდელირების საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, რომელიც საქართველოში პირველად, კანტის აკადემიის ორგანიზებით იმართება. კონფერენციის 200-მდე დელეგატს საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა და მონაწილეების შეკითხვებსაც უპასუხა. 
პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო განსაკუთრებული მდებარეობისა და ისტორიის მქონე სახელმწიფოა, რომელიც ნათელი მაგალითი გახდა იმის, თუ როგორ შეუძლია მცირე ზომის ქვეყანას ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს საერთაშორისო ურთიერთობებში, საერთაშორისო ვაჭრობაში, საზოგადოების დემოკრატიულ განვითარებაში და საერთაშორისო თანამეგობრობის კონსოლიდაციის საქმეში. პრეზიდენტის თქმით, საქართველომ ასევე აჩვენა მტკიცე ძალისხმევა არაღიარების პოლიტიკის განმტკიცების კუთხით და ქვეყნის პოზიციებს ცივილიზებული სამყარო სრულად იზიარებს. 
საერათშორისო კონფერენციის მონაწილეების კითხვები რუსეთის მიერ განხორციელებულ ოკუპაციას, საგარეო პოლიტიკას, რუსეთთან ურთიერთობებს, საქართველოში გატარებულ საკონსტიტუციო რეფორმას, პრეზიდენტის უფლებამოსილებებს, ქვეყნის დემოკრატიულ გამოწვევებსა და ეკონომიკურ განვითარებას ეხებოდა. მონაწილეებს პრეზიდენტმა ასევე გაუზიარა საკუთარი ხედვა, თუ რა შეიძლება გააკეთოს ახალმა პრეზიდენტმა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისა და რეგიონში უსაფრთხოების გასაძლიერებლად.