საქართველოს პრეზიდენტი: გვინდა მხარი დავუჭიროთ პოლონეთის ხედვას ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპასთან მიმართებაში
"გვინდა მხარი დავუჭიროთ პოლონეთის ხედვას რომელიც მას აქვს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მომავლისადმი. რეგიონის განვითარების თქვენეული კონცეფცია და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს ემთხვევა", - განუცხადა პოლონეთის პრესის სააგენტოს (PAP) საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.PAP: საქართველოს ხშირად მოიხსენიებენ როგორც ევროკავშირის ერთ-ერთ ყველაზე უფრო ამბიციურ პარტნიორს აღმოსავლეთში, რომელმაც ყველაზე წარმატებულად განახორციელა დემოკრატიული და საბაზრო რეფორმები რეგიონის ფონზე. ამავე დროს, ევროკავშირის ქვეყნების მიერ "აღმოსავლური პარტნიორობის” ნოემბრის სამიტზე მიღებული დეკლარაცია - ისევე როგორც გასულ წელს ვარშავის სამიტზე განცხადებული ნატო-ს პოზიცია - მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს ევროპული მისწრაფებების სიმბოლური აღიარებით ამოიწურება. იმედგაცრუებული ხომ არ ხართ იმ ნელი ტემპით, როგორითაც მიმდინარეობს დასავლური სამყაროს კარის გაღების პროცესი ახალი წევრებისათვის?
გიორგი მარგველაშვილი: ეს სიმბოლური დეკლარაციები - როგორც თქვენ თქვით - მიუხედავად ყველაფრისა, მნიშვნელოვანია. ჩვენ გვინდა კიდევ ერთხელ ძალზე გამოკვეთილად გავიმეოროთ რომ ქართველები როგორც აღმოსავლეთევროპელი ხალხი მტკიცედ უჭერენ მხარს ევროპისკენ მისწრაფებას. თუმცაღა ამ პოლიტიკური რიტორიკის გარდა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია კონკრეტული მოქმედებები და ის ფაქტი რომ საქართველო ეტაპობრივად გადის ინტეგრაციის სხვადასხვა საფეხურებს. პირველ რიგში საუბარია ევროკავშირთან დადებულ ასოცირების ხელშეკრულებაზე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის რეჟიმის ამოქმედებაზე.
იმ სიტუაციაში როდესაც ნათლად ჩანს რომ ევროპა მზად არ არის უფრო გაბედული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებისათვის - ჩვენ ვეძებთ სხვა ინსტრუმენტებს და შესაძლებლობებს რომლებიც გააძლიერებენ ჩვენს ინტეგრაციას ურთიერთობის სხვადასხვა სფეროებში. რა თქმა უნდა ბედნიერები ვიქნებოდით რომ ევროპასთან დაახლოების პროცესი უფრო სწრაფი, უფრო ინტენსიური ყოფილიყო მაგრამ ისეთ პოლიტიკურ გარემოში გვიწევს არსებობს როგორიც რეალობაში გვაქვს. ვთანამშრომლობთ ევროკავშირთან რომელიც ინტეგრაციის პროცესთან მიმართებაში გარკვეულ დაღლილობას გამოხატავს. იმედი გვაქვს რომ ეს მხოლოდ დროებითი მდგომარეობაა და ამავდროულად გვინდა რომ მთელი ჩვენი „საშინაო დავალება“ საუკეთესოდ შევასრულოთ. როდესაც ახალი ენერგია გაჩნდება და ჩვენთვის ახალი შესაძლებლობების ფანჯარა გაიღება ჩვენ მზად ვიქნებით ევროკავშირთან და ტრანსატლანტიკურ სამყაროსთან ინტეგრაციისთვის.
- როგორ შეეცდებოდით ტრანსატლანტიკური სამყაროს იმ ნაწილის საზოგადოებრივი აზრის გადარწმუნებას რომელიც ფიქრობს რომ ჩვენი სამყაროს შიდა პრობლემებიდან გამომდინარე - საუბარია პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ სიტუაციაზე - მზად არ ვართ ახალი ქვეყნებისთვის კარის გასაღებად?
გაფართოებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო არგუმენტი ამ შემთხვევაში იქნებოდა პოლონეთის მაგალითი რომლის პოლიტიკური ხელმძღვანელობაც დღესდღეობით ყველაზე უფრო შორსმხედველური კონცეფციების გენერატორები არიან ევროკავშირისა და ნატო-ს მომავალთან მიმართებაში.
ევროკავშირს დღეს გაძლიერება სჭირდება. ევროკავშირმა ევროპას სტაბილურობა, კეთილდღეობა და ისტორიაში ყველაზე უფრო მშვიდობიანი პერიოდი მოუტანა. ევროკავშირი საოცარი ინსტრუმენტი აღმოჩნდა, რომელმაც ევროპის ხალხებს წარმატებული განვითარების საშუალება მისცა. ევროპის დაღლილობის საუკეთესო წამალი იქნებოდა მისი სტრუქტურებისთვის ახალი წევრების მიერთება - იმ საზოგადოებების მიერთება რომელთა რწმენაც ევროპულ პროექტთან და ღირებულებებთან მიმართებაში, იმ ძალასთან მიმართებაში რომელსაც შეუძლია ერებისა და მთელი კონტინენტის ბედის უკეთესობისკენ შეცვლა - ისევ ძლიერია. ასეთ საზოგადოებებს შორისაა საქართველო.
საქართველოს შესვლა ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ასევე დიდი შანსია ევროპის ეკონომიკური და კულტურული განვითარებისათვის. საქართველომ შეიძლება შეასრულოს ევროპული და აზიური ბაზრების დამაკავშირებლის როლი - ეს პოტენციალი კარგად ჩანს თუკი დავაკვირდებით იმ პროექტებს, რომლების განხორციელებაც ჩვენ უკვე შევძელით ისეთ სფეროებში როგორიცაა: ენერგეტიკა, ტვირთების ტრანსპორტირება შუა აზიიდან და სხვა უფრო შორეული აზიური რეგიონებიდან ევროპაში. საქართველო რეგიონის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის სისტემის მშენებლობის საკვანძო ელემენტია.
გთხოვთ, შეხედოთ რუკას: ეს არის შავი და კასპიის ზღვების დაკავშირების შანსი სამი ზღვის კონცეფციასთან, რომელმაც უნდა გააძლიეროს ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის რეგიონი, ეს არის ევროპის და მისი ერთიანობის გაძლიერების შანსი. აქედან გამომდინარე, საქართველო ევროპულ თანამეგობრობას სთავაზობს არა მარტო თავის ჩართულობას, რწმენას და ევროპის გაძლიერების სურვილს არამედ არსებით გეოპოლიტიკურ ფუნქციას.
ევროპასთან ინტეგრაციისა და მასთან კავშირების კულტივირების საქმეში მთელი ჩვენი საზოგადოებაა ჩართული. ისტორიულად ეს ჩვენ ძალზე ძვირი დაგვიჯდა. ევროპის დაღლილობა გადალახულ უნდა იქნას. უნდა გავიაზროთ, რომ ის გამარჯვებები, რომელთა ნაყოფითაც დღეს სარგებლობენ ევროპელი ერები - მათ ერთხელ და სამუდამოდ არ მისცემიათ, ამ გამარჯვებათა შედეგებს აქტიური დაცვა და მუდმივი მოფრთხილება სჭირდება.
- თქვენ თქვით, რომ საქართველოს მოლოდინები ევროკავშირთან და ნატოსთან მიმართებაში ყოველთვის არ ნიშნავს მისთვის ხელსაყრელი რეალიების მოლოდინს. აგრეთვე ახსენეთ თქვენს მიერ უკვე მიღწეული მიზნები - როგორიცაა ასოცირების ხელშეკრულება და ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. აქედან გამომდინარე, როგორი შეიძლება იყოს ის რეალისტური იმედები რომელიც თბილისს გააჩნია ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან მიმართებაში, ვგულისხმობ ინტეგრაციისკენ მიმართულ შემდგომ ნაბიჯებს?
ვემზადებით მნიშვნელოვანი ღონისძიებებისათვის, რომლებიც უახლოეს ხანებში ჩატარდება. 24 ნოემბერს დაგეგმილია აღმოსავლური პარტნიორობის სამიტი, მომავალი წლის ზაფხულში - ნატო-ს სამიტი ბრიუსელში. ვაცნობიერებთ იმ რეალობას, რომ რუსეთი სამწუხაროდ, არ იცვლის პოზიციას თავისი მეზობლების მიმართ. ის თავს არ ანებებს პრივილეგირებული გავლენის სფეროების პოლიტიკას, რომელსაც კრემლი ღიად აცხადებს და პრაქტიკაში ახორციელებს სხვადასხვა ქვეყნების, მათ შორის საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის მიმართ. ამავდროულად, როგორც უკვე ვთქვი ნატოსა და ევროკავშირში უპირატესობა მოიპოვეს კონსერვატიულმა ტენდენციებმა. ეს ყველაფერი ზღუდავს ჩვენს შესაძლებლობებს მოკლევადიან პერსპექტივაში.
თუმცა, ეს ასევე ნიშნავს, რომ ჩვენი მუშაობა და გეგმები გრძელვადიანი პერსპექტივებისკენ უნდა მივმართოთ. გვინდა რომ ეს დრო გამოვიყენოთ ჩვენი ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავებისათვის სხვადასხვა ფორმატებში. ეს უნდა იყოს ვიზალიბერალიზაციისკენ მიმართული შემდგომი ნაბიჯები და აგრეთვე ქართული ეკონომიკის უფრო მჭიდრო დაკავშირება ევროპულ ბაზრებთან. ამ ყველაფერთან ერთად მშვიდად უნდა ველოდოთ მომენტს, როდესაც შესაძლებლობათა ფანჯარა გაიღება.
იგივე შეეხება ნატო-საც. ალიანსთან ჩვენ ფართომასშტაბიანი თანამშრომლობა გვაკავშირებს, რომელიც მოიცავს სატრენინგო პროგრამებს, საერთაშორისო მისიებში მონაწილეობას და საქართველოს თავდაცვითი პოტენციალის გაძლიერებას. ყველა ეს ინსტრუმენტი გამოყენებულ და გაძლიერებულ უნდა იქნას, სანამ გამოჩნდება გაფართოების შანსი, ისევე როგორც მოხდა პოლონეთის, ჩეხეთის, სლოვაკეთისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების შემთხვევაში. ჩვენ ხელი მიგვიწვდება თქვენს გამოცდილებაზე, აღფრთოვანებულები ვართ მისით და ამაყები ვართ, რომ ევროატლანტიკური ერთობისაკენ მიმავალ გზაზე მარტო არ ვართ. გვყავს ძლიერი მოკავშირეები, რომლებსაც ჩვენი სჯერათ როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში.
- თქვენ ამ კვირაში ორდღიანი ვიზიტი განახორციელეთ პოლონეთში. თქვენი აზრით, რა აკავშირებს დღეს ჩვენს ქვეყნებს, გარდა, იმ საკითხებისა, რომლებიც ევროკავშირისა და ნატო-ს გაფართოებას ეხება? რომელ სფეროებში ხედავთ ყველაზე მეტ შესაძლებლობებს ქართულ-პოლონური ურთიერთობების შემდგომი განვითარებისათვის?
ჩვენ შესანიშნავი ორმხრივი ურთიერთობები გვაქვს ყველა შესაძლო მიმართულებით- პოლიტიკურ, სამხედრო, ეკონომიკურ, კულტურულ, საგანმანათლებლო, ტურისტულ სფეროებში. ყველა ამ სფეროში ჩვენი თანამშრომლობა ძალზე სწრაფად და დინამიურად ვითარდება.
თუმცა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, არა მარტო ვიწროდ გაგებული ბილატერალური ურთიერთობები, არამედ პოლონეთის ხედვა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მომავალთან მიმართებაში, რომლსაც გვინდა მხარი დავუჭიროთ. რეგიონის განვითარების თქვენეული ხედვა და ჩვენი ინტერესები ერთმანეთს თანხვდება. თანამშრომლობა სამი ზღვის კონცეფციის ფარგლებში, ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის ჩრდილოეთ-სამხრეთის ღერძის გაძლიერება - ესაა პროექტები, რომლებიც ჩვენ ძალიან მოგვწონს და იმედი გვაქვს, რომ ისინი განვითარდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პოლონეთს, რომელიც ევროპული პროცესის არსებითი სუბიექტია ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით - კონტინენტის ამ ნაწილის მომავლის ასეთი ნათელი ხედვა აქვს.
მომავალ წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს, პოლონეთის და რეგიონის კიდევ ცხრა ქვეყნის დამოუკიდებლობის ასი წლისთავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა იმ ქვეყანაში, რომლებიც მაშინ რუსეთის იმპერიას გამოეყვნენ - სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენა მჭიდროდ იყო დაკავშირებული ევროპული ორიენტაციის არჩევასთან.
სამწუხაროდ, მოგვიანებით დატრიალებული ისტორიული უსამართლობის გამო ეს არჩევანი ვერ განხორციელდა. მომავალი წლის საზეიმო ღონისძიებებზე მე პრეზიდენტი ანჯეი დუდა მოვიპატიჟე. ეს ღონისძიებები მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება ჩვენი სახელმწიფოების იდენტობის თვალსაზრისით.
- მომავალ წელს 10 წელი შესრულდება რუსეთ-საქართველოს ომიდან და საქართველოს მიერ მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მომენტიდან. ამ განვლილ დეკადაში მიუახლოვდით თუ არა რამენაირად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებას? როგორ ხედავთ საერთაშორისო საზოგადოების როლს ამ პროცესში? შეუძლია თუ არა პოლონეთს რაიმე სახით დახმარება როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს, თუნდაც დროებით წევრს 2018-2019 წლებში?
რუსული აგრესია 2008 წელს არ დაწყებულა. ჰიბრიდული ომი, რომელიც დღეს უკვე კრემლის პოლიტიკის განუყოფელ ნაწილად აღიქმება, საქართველოს ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი დამოუკიდებლობის პირველივე დღეებიდანვე მიმდინარეობდა.
რუსეთის ათი წლის წინანდელმა ქმედებებმა ჩვენი ქვეყნის მიმართ ისევ რუსეთის კომპრომეტაცია გამოიწვია მსოფლიოს თვალში. ჩვენი უცხოელი მეგობრების დახმარებით საერთაშორისო არენაზე ტოტალური გამარჯვება მოვიპოვეთ, რადგანაც მსოფლიოს თითქმის არცერთმა სახელმწიფომ არ ცნო რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ პროვინციებში ჩამოყალიბებული ფსევდო სახელმწიფო წარმონაქმნების დამოუკიდებლობა.
საქართველოსა და მისი მოკავშირეების კოორდინირებული, დიპლომატიური ძალისხმევის წყალობით მუდმივად იზრდება ქვეყნების რიცხვი, რომლებიც გაეროში აფიქსირებენ თავიანთ პოზიციას ქართველი ლტოლვილებისთვის იმ ტერიტორიებზე მშვიდობიანი დაბრუნების შესაძლებლობის მიცემის შესახებ, რომლებიც 2008 წლის ეთნიკური წმენდის შემდეგ დატოვეს.
აგრეთვე ეფექტურად ვმუშაობთ იმაზე, რომ მუდმივად საერთაშორისო საზოგადოებრიობის ყურადღების ცენტრში იყოს ყველა ის უკანონო ქმედება, რომელთაც რუსეთი ახორციელებს ჩვენს რეგიონში. ყოველ ჯერზე, როდესაც მოსკოვი რაიმე „საერთაშორისო ხელშეკრულებას“ დებს ოკუპირებული პროვინციების თვითმარქვია მთავრობებთან, ან როდესაც ამ პროვინციების საზღვრებზე ახალ მავთულხლართებს ავლებს, რათა ამ რეგიონებიდან იძულებით აყრილი ქართველებისათვის შეუძლებელი გახადოს შინ დაბრუნება, ჩვენი მეგობრები პოლონეთიდან და სხვა ქვეყნებიდან თავიანთ პროტესტს გამოხატავენ.
ეს ძალზე მნიშვნელოვანია. არ უნდა დავიღალოთ იმის გამეორებით, თუ როგორია სინამდვილე. მუდმივად უნდა მივუთითებდეთ იმაზე, რომ რუსეთი საქართველოში არღვევს საერთაშორისო სამართალს, რომ მისი ქმედებები მეზობლების მიმართ ამ დიდი პოტენციალის მქონე სახელმწიფოს კომპრომეტაციაა. ამავდროულად, მჭიდრო კოორდინაცია უნდა გვქონდეს ყველა იმ ძალასთან, რომელიც დაგვეხმარება კონფლიქტის საბოლოოდ მოგვარებაში.
ჩვენ გავაასკეცეთ ჩვენი ძალისხმევა მას შემდეგ, რაც 2014 წელს რუსეთის აგრესიის ობიექტი უკრაინა გახდა. ჩვენ, რა თქმა უნდა, გაცნობიერებული გვაქვს, რომ საერთაშორისო საზოგადოებრიობას საქართველოზე განხორციელებული აგრესიისას „საშინაო დავალება“ კარგად რომ შეესრულებინა შესაძლოა, რუსეთს მორიგი აგრესია ვერ გაებედა თავის სამეზობლოში.
ჩვენი პოლიტიკის მნიშვნელოვანი ელემენტია საქართველოს მჭიდროდ და თანმიმდევრულად დაკავშირება ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. მოსკოვისთვის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია ინსტრუმენტია, რომლითაც იგი ცდილობს ჩვენი ქვეყნის განვითარების შეფერხებას. ჩვენ უნდა დავამტკიცოთ, რომ მას ეს არ გამოუვა.
აგრეთვე ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ რუსული გეოპოლიტიკური დოქტრინისა და მისი პრაქტიკული განხორციელების მდუმარედ მიღება შესაძლოა, რუსეთის მიერ მის რომელიმე მეზობელზე მორიგი თავდასხმით დამთავრდეს.
- გასულ თვეში საქართველოს პარლამენტმა დაძლია თქვენი ვეტო, რომელიც ეხებოდა მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებულ კონსტიტუციურ ცვლილებებს. ეს ცვლილებები სხვა ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებენ საყოველთაო საპრეზიდენტო არჩევნების გაუქმებას. ეს ცვლილებები გააკრიტიკეს ქვეყნის ოპოზიციურმა ძალებმაც. მათი აზრით, იქმნება საფრთხე, რომ ძალაუფლების მონოპოლიზაცია მოხდეს მმართველი ძალის და მისი ლიდერის - ბიძინა ივანიშვილის ხელში. თქვენი აზრით, შეუძლია თუ არა, ამ რეფორმას საქართველოს დემოკრატიული განვითარების შეფერხება?
ცხარე პოლიტიკური დისკუსია, რომელიც რომელშიც პრეზიდენტი ღიად გამოხატავს თავის შეშფოთებას გარკვეულ საკანონმდებლო, ან სისტემურ ცვლილებებთან დაკავშირებით, თავისთავად უკვე იმის ნიშანია, რომ დემოკრატია მუშაობს.
კონსტიტუციურ რეფორმაში, ჩემი აზრით, არის ელემენტები, რომელთა ჩამოყალიბებაც უკეთ შეიძლებოდა. არის შანსი, რომ ზოგიერთი ის პრობლემა, რომელსაც ვხედავ - დროთა განმავლობაში გადაიჭრება. ზოგიერთი საკონსტიტუციო ცვლილება ჯერ ისევ დისკუსიის საგანია. დემოკრატია ისეთი რამაა, რაც მუდმივ გაღრმავებას მოითხოვს.
გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში და მათ თანმდევ დებატებში მონაწილეობა უნდა მიიღოს რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ. მე ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია რათა ეს ასე იყოს.
- გრძელდება დაპირისპირება კიევში, ხელისუფლებასა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შორის, რომელიც ეხება სხვადასხვა საკითხებს და მათ შორის უკრაინის ტერიტორიაზე მისი ყოფნის უფლებას, მას შემდეგ, რაც ამა წლის ივლისში მას ამ ქვეყნის მოქალაქეობა ჩამოართვეს. ზრდის თუ არა ეს კონფლიქტი სააკაშვილის ექსტრადიციის შანსს იმ ბრალდებებთან დაკავშირებით რასაც მას ქართული მართლმსაჯულება უყენებს?
ამ საკითხს ბევრი ასპექტი აქვს. სანამ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეობას დაკარგავდა, ის ამ ქვეყნის ძალზე აქტიური პოლიტიკოსი იყო და დღემდე რჩება უკრაინის პოლიტიკური ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მონაწილედ. მისი მოღვაწეობის ამ ნაწილზე კომენტარი არასოდეს გამიკეთებია. უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. ჩვენ სამწუხაროდ, საერთო პრობლემები გვაქვს, რომლებიც ჩვენს მეზობელ რუსეთთან არის დაკავშირებული და არ გვსურს უკრაინის შიდა საქმეებში ჩარევა. არასოდეს მისაუბრია უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან არც სააკაშვილზე და არც მის ექსტრადიციაზე.
უკრაინის მოქალაქეობის მიღების მომენტში სააკაშვილმა უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე. მე პირადად ვთვლი, რომ ეს შეცდომა იყო. მას, როგორც ადამიანს, რომელიც ორი ვადით იყო საქართველოს პრეზიდენტი, ეს არ უნდა გაეკეთებინა. ეს საკუთარი ქვეყნის პატივისცემის საკითხია. სააკაშვილს მოსაგვარებელი აქვს თავისი პრობლემები ქართულ მართლმსაჯულებასთან. მჯერა, რომ ის თავის დროზე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მოაგვაროს ეს პრობლემები და პასუხს გასცემს ყველა კითხვას და ეჭვს, რომელიც ამ საქმეში არსებობს. მიმაჩნია, რომ მან ამა თუ იმ ფორმით ეს უნდა გააკეთოს.
პოლონეთის პრესის სააგენტო (PAP)