საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუ "ლიტვის საზოგადოებრივ მაუწყებელთან"

როგორც კი ჩვენმა ქვეყნებმა აღადგინეს დამოუკიდებლობა, მათ ჩამოაყალიბეს დღევანდელობისთვისაც თანამედროვე მმართველობის ფორმა - დემოკრატიული რესპუბლიკა და განსაზღვრეს პოლიტიკური მიმართულება - გამხდარიყვნენ ევროპული საზოგადოების ნაწილნი.
 
- ლიტვასა და საქართველოს შორის გარკვეული სიმპათია არსებობს. რას უკავშირდება ეს სიმპათია, მხოლოდ საერთო საბჭოთა მემკვიდრეობას, თუ არსებობს სხვა ფაქტორებიც?
 
როცა ვფიქრობ ჩვენს საბჭოთა წარსულზე, მახსენდება ის ემოცია, რომელიც ქართველებს აქ ყოფნისას დაეუფლათ. ემოცია, რომ ისინი ეწვივნენ ერს, რომელსაც აქვს იგივე დამოკიდებულება საბჭოთა ოკუპაციისა და საბჭოთა ცხოვრების წესის მიუღებლობის მიმართ. რასაკვირველია, იმ დროს შეუძლებელი იყო მეტი პოლიტიკური კავშირის ქონა, მაგრამ ის ემოცია, რომ ჩვენ ვერ დავუშვებდით ჩვენს სახელმწიფოებრიობაზე უარის თქმას და საბჭოთა კავშირში იძულებით გაერთიანებას იყო ის, რაც გვაერთიანებდა.
რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ჩვენ ერთმანეთი აღმოვაჩინეთ, დავაკავშირეთ და ახლა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენი თანამშრომლობა და ჩვენი ურთიერთმხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია. ქართველები ძალიან მადლიერნი არიან იმით, რომ თქვენი მთავრობა, პრეზიდენტი და ხალხი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან ინტეგრაციის გზაზე. თქვენ ხართ ის, ვინც საუბრობს საერთო თავისუფლებისა და სახელმწიფოებრიობის ღირებულებებზე. თქვენ არ საუბრობთ მხოლოდ საკუთარ თავზე, არამედ ისეთ ქვეყნებზეც, როგორიცაა საქართველო. მინდა ამისათვის მადლობა გადავუხადო თითოეულ ლიტველს.
 
- ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ნატო-მ განაცხადა, რომ საქართველო გახდებოდა ალიანსის წევრი. ათი წლის შემდეგ კი მას კვლავ არ მიუღია წევრობის სამოქმედო გეგმა. რას ფიქრობთ, გაერთიანდება კი როდესმე საქართველო ალიანსში?
 
რა თქმა უნდა. ამ მიმართულებით ნატო-ს მხრიდან დიდი ძალისხმევა იგრძნობა. ამ ათი წლის განმავლობაში ეს ძალისხმევა არაერთხელ გაჟღერებულა ყველა სამიტზე. ჩვენ შორის ძალიან ძლიერი თანამშრომლობაა, რადგან ჩვენი მამაკაცები და ქალები სამხედრო ფორმაში მხარდამხარ იბრძვიან ბრძოლის ველზე.
საქართველო სულ უფრო უახლოვდება ნატო-ს და ნატო სულ უფრო და უფრო აქტიური ხდება საქართველოს მიწაზე. დიახ, ჩვენ მოხარულნი ვიქნებოდით, რომ ნატო უფრო აქტიური ყოფილიყო და მეტი ნაბიჯი გადაედგა ამ მიმართულებით, მაგრამ ჩვენ ვუყურებთ თქვენს მაგალითს - აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მაგალითს და ვხედავთ, რომ უნდა ვიყოთ შეუპოვარნი, დავრჩეთ ჩვენი მორალის ერთგულნი და არ ვიყოთ იმედგაცრუებულნი იმ დაღლილობით, რომელიც ზოგჯერ ევროპაში და ზოგჯერ ჩვენს მოკავშირეებში შეინიშნება გაფართოების მხრივ.
 
- რაც შეეხება ევროპულ დაღლილობას, ევროკავშირიც თითქოს უკან იხევს ღია კარის პოლიტიკის დაპირებებისგან და ცდილობს ისეთი სიტყვების მოძებნას, რომლებიც ნაკლებად იმედის მომცემია. უკმაყოფილო ხართ ამ დამოკიდებულებით?
 
ჩვენ ვართ აღმოსავლეთ პარტნიორობის საზოგადოებაში ლიდერი ქვეყანა, ჩვენ ევროატლანტიკურ პარტნიორობას და ევროკავშირსა და ნატო-ში ჩართულობას არ ვხედავთ როგორც ერთ-ერთ შესაძლო ვარიანტს, არამედ როგორც ჩვენი ქვეყნის სამომავლო განვითარების საბოლოოდ მიზანს.
ვფიქრობ, რომ ზოგიერთ ევროპულ დედაქალაქში ზარმა უკვე დარეკა. მიმაჩნია, რომ ევროკავშირი უფრო მეტს გაიგებს საქართველოს რეალური გარემოს, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისა და ამ პროცესში რუსეთის როლის შესახებ.
 
- მაგრამ ახლა, ბოლო წლებში საქართველო, თითქოს, კვლავ უახლოვდება რუსეთს. შესაძლოა, რომ ეს დასავლეთისადმი იმედგაცრუებით არის განპირობებული?
 
ვერ ვიტყოდი, რომ ოდესმე ჩვენ შორის დაძაბულობამ იკლო ისეთ საკითხებზე როგორებიცაა: ეროვნული იდენტობა, ქვეყნის სუვერენიტეტი, მომავალი პოლიტიკური ბედი და  არჩევანის თავისუფლება. ეს არ მომხდარა. ნება მომეცით დაგარწმუნოთ, რომ ქართული საზოგადოება ძალიან კარგად არის ინფორმირებული, ამ რამდენიმე წლის განმავლობაში, მიღწეული პროგრესის შესახებ-ვგულისხმობ ასოცირების ხელშეკრულებას, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, ნატო-სთან არსებით პაკეტს, ნატო-სთან დაახლოების მექანიზმებს და სხვა მიღწევებს.
საქართველოში თითოეულ ჩვენთაგანს, პოლიტიკოსსა, თუ ჩვეულებრივ მოქალაქეს, სურს ევროკავშირის და ნატო-ს, უფრო აქტიური ნაბიჯები საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ ჩვენს დამოკიდებულებაზე ამ პროცესის ტემპს გავლენა არ აქვს. ჩვენ იმ მიმართულების და არჩევანის ერთგულნი ვრჩებით, რომელიც დასახულია არა ჩემს, ან ჩემი წინამორბედების მიერ, არამედ საუკუნეების წინ ქართველი ხალხის მიერ.
 
- რაც ეხება სააკაშვილის საქმეს. საქართველო ამბობს, რომ არსებობს სასამართლო დამოუკიდებლობა, მაგრამ დასავლეთში სჯერათ, რომ სააკაშვილზე პოლიტიკური ხასიათის დევნა მიმდინარეობს. როგორია თქვენი აზრი ამ საქმეზე?
 
მე ვფიქრობ, რომ ბატონმა სააკაშვილმა საქართველო დატოვა და საქართველოს მოქალაქეობაზე უარი თქვა, ისე, რომ პასუხგაუცემელი დატოვა მრავალი შეკითხვა. მჯერა, რომ, როგორც ორჯერ არჩეული პრეზიდენტი, მას აქვს პასუხისმგებლობა, პატივი სცეს სასამართლოსა და სამართალდამცავებს. ის ორჯერ იყო ამ ერის პირველი პირი და მას აკისრია პასუხისმგებლობა უპასუხოს სახელმწიფო ინსტიტუტებს. მხოლოდ მისი პასუხების შემდეგ, შეგვეძლება განვსაზღვროთ მის მიმართ დასმული კითხვები ადეკვატური იყო, თუ პოლიტიკურად მოტივირებული.