საქართველოს პრეზიდენტმა კანონში ცვლილებებს მოაწერა ხელი, რომელებიც ონლაინსესხებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან და კომერციულ ბანკებთანაა დაკავშირებული
საქართველოს პრეზიდენტმა ეროვნულ ბანკთან შეთანხმების საფუძველზე ხელი მოაწერა კანონებში შესატან ცვლილებებს, რომლებიც „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილებას“, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებას, „რეკლამის შესახებ“ კანონში ცვლილებას, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებებს და „თამასუქის შესახებ“ კანონში ცვლილებას უკავშირდება.აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
მისი განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მოისმინა ყველა მხარის შეხედულება და მოსაზრება კანონებში ცვლილებებთან დაკავშირებით და შეჯერდა საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ეროვნული ბანკი აღმოფხვრის ყველა იმ ტექნიკური ხასიათის ხარვეზს, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს.
„ვიხელმძღვანელეთ იმ ღირებულებებით და კრიტერიუმებით როგორიცაა საქართველოს ეკონომიკის განვითარება, კერძო სექტორის გაძლიერება, საზოგადოების ინტერესების დაცვა. სწორედ აქედან გამომდინარე, ჩამოგვიყალიბდა გარკვეული შენიშვნები:
პირველი, ამ რეგულაციების პირობებში დასაშვებია, რომ ფინანსურმა ინსტიტუტებმა გარკვეული პროდუქტები გააუქმონ, რაც ნეგატიურად აისახება საფინანსო სექტორზე.
დასაშვებია, რომ საპროცენტო განაკვეთმა ლარში გაცემულ სესხებზე აიწიოს მომავალში. ამასთანავე მნიშვნელოვანია ისიც, რომ მოთხოვნა ფულზე ამ რეგულაციების პირობებში არ შემცირდება და ალბათობა იმისა, რომ ამ მოთხოვნამ გადაინაცვლოს ჩრდილოვან სექტორში საკმაოდ დიდია.
ამასთანავე, გვაქვს კითხვები - საქართველოს პარლამენტის მხრიდან ამ კანონპროექტების ასე დაჩქარებულ და ფორსირებულ რეჟიმში განხილვასა და მიღებასთან დაკავშირებით, იმის ფონზე რომ არ არსებობდა სათანადო კომუნიკაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან საკანონოდებლო ინიციატორების მხრიდან.
შესაბამისად, ჩვენ გვქონდა აქტიური კონსულტაცია საფინანსო სექტორის წარმომადგენლებთან, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან, ონლაინსესხების კომპანიებთან, და საქართველოს ეროვნულ ბანკთან.
მოვისმინეთ ყველა მხარის შეხედულება და მოსაზრება ამ კანონპროექტებთან დაკავშირებით და შევჯერდით საქართველოს ეროვნულ ბანკთან შეთანხმებაზე, რომ ყველა ის ტექნიკური ხასიათის ხარვეზი, რომელიც თან სდევს ამ კანონპროექტებს, ეროვნული ბანკი აღმოფხვრის. ჩვენ ძალიან დიდი ყურადღებით დავაკვირდებით ამ პროცესს.
სწორედ ამ რეალობიდან გამომდინარე, საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ამ კანონპროექტებს მოაწეროს ხელი”, - განაცხადა ბრიფინგზე მაია მელიქიძემ.