საქართველოს პრეზიდენტმა ნიუ იორკში სამუშაო ვიზიტი შეაჯამა

გიორგი მარგველაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტი შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველო იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც აქვს შესაძლებლობა თავისი პოზიცია კიდევ უფრო აქტიურად დაამტკიცოს ევროპის და აშშ-ს მასშტაბით.
„ამ წუთას ჩვენ დავბრუნდით „ვესტ პოინტიდან“, რომელიც არის ამერიკის ერთერთი მთავარი სამხედრო სასწავლებელი, სადაც გვქონდა ჩემთვის ძალიან სასიხარულო შესაძლებლობა შევხვედროდი ქართველ კადეტებს.
50-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის აშშ-ში მომზადებას და ძალიან მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები, რომლებიც არის ფუნდამენტი, ასევე მომავალი ურთიერთობებისა ქართველ და ამერიკელ სამხედროებს შორის. გუშინ და გუშინ წინ მქონდა შესაძლებლობა ათობით ჩემს ამჟამინდელ და წარსულში კოლეგებთან, რომლებიც დღესაც აქტიურები არიან პოლიტიკაში გვეურთიერთა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე.
საქართველო ამ ეტაპზე იმყოფება ძალიან მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც ჩვენს სიმართლეს და ჩვენ პოზიციას ვამტკიცებთ კიდევ უფრო აქტიურად, ევროპის და აშშ-ს მასშტაბით. ჩვენი მტკიცება იმ პრობლემებისა, რომლებიც ჩვენ გვაქვს ტერიტორიულ მთლიანობასთან მიმართებით, ჩვენ საერთაშორისო როლთან, ჩვენი დღისწესრიგის გაღრმავებასთან მიმართებით ევროკავშირის და ნატოს მიმართულებით, ამას სჭირდება ყოველწუთიერი მტკიცება, ჩვენი კოლეგების გაერთიანება ამ ღირებულებების ირგვლივ და როდესაც ნიუ იორკში არის ასეთი დიდი კონცენტრაცია მსოფლიო ლიდერების, ეფექტურად იყო გამოყენებული და მე ვფიქრობ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აგური დაიდო საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცების და პრობლემების გადაწყვეტის მიმართებით“, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.