საქართველოს პრეზიდენტმა სახელმწიფო დროშის ეტალონი ეროვნული გმირების შვილებთან ერთად აღმართა
საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს საქართველოს რამდენიმე რეგიონში დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.
სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა და საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს ეროვნული გმირების - გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა. პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა "შავნაბადა" შეასრულა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა მიმართა საქართველოს პრემიერმინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლებს და მოუწოდა მოსახლეობას, რომ დღეს, დროშის დღესთან დაკავშირებით, სიმბოლურად სახელმწიფო დაწესებულებებზე აღმართონ და სახლებიდან გადმოფინონ სახელმწიფო დროშები.
"დღეს საქართველოს პრეზიდენტმა აღმართა სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც ასევე საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით დამზადდა სამი წლის წინ. ეს სამი წელია ჩვენი ეროვნული დროშის დღე, პრეზიდენტის ინიციატივით, განსაკუთრებულად აღინიშნება. დროშა თითოეული ჩვენგანის სიამაყეა, განსაკუთრებულობის მაჩვენებელი. მნიშვნელოვანია, რომ დღეს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან ერთად სპორტსმენებთან, მასწავლებლებთან, ექიმებთან, სამხედროებთან, საგანაგებო სიტუაციის თანამშრომლებთან ერთად დაესწრება სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიას და მე მინდა, რომ საქართველოს თითოეულ მოქალაქეს მოუწოდო, რომ შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტის ამ ინიციატივას და დღეს სიმბოლურად გადმოკიდონ ან აღმართონ დროშები საკუთარ სახლებზე.
ასევე, მე მინდა ვთხოვო და მივმართო საქართველოს პრემიერმინისტრს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელებს, რომ შეუერთდნენ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და სახელმწიფო უწყებებზე, ყველა შესაძლო ადგილზე სახელმწიფო სტრუქტურებში სიმბოლურად აღმართონ დღეს საქართველოს სახელმწიფო დროშა", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა კახეთშიც, უჯარმის ციხეზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა მაშველებმა აღმართეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კი, ვანო მჭედლიშვილის სახელობის მომღერალთა გუნდმა შეასრულა.
ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა საქართველოს მოსახლეობას სახელმწიფო დროშის სახლებიდან გადმოფენისა და დროშის დღის აღნიშვნისაკენ მოუწოდა.
"ძალიან საამაყოა, რომ დღეს სახელმწიფო დროშის დღეს, სწორედ უჯარმის ციხეზე აღიმართა საქართველოს დროშა. უჯარმა, საქართველოს სახელმწიფოებრიობის დასაყრდენი იყო ყოველთვის.
დროშა ჩვენს საამაყო მაშველებთან ერთად აღვმართეთ და მოვუწოდებ ყველას, შემოგვიერთდნენ და გადმოფინონ დროშები სახლებიდან. სახელმწიფო დროშა არის ის სიმბოლო, რომელიც ჩვენ ყველას გვაერთიანებს",- აღნიშნა უშიშროების საბჭოს მდივანმა დავით რაქვიაშვილმა.
პრეზიდენტის მონაწილეობით გაიმართება ასევე სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთაში, სადაც ძალოსანი ლაშა ტალახაძე სპორტსმენებთან ერთად დროშას ბებრის ციხეზე აღმართავს. საქართველოს სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი "მცხეთა", შეასრულებს.
გორში, ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, იუნკერები სახელმწიფო დროშას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით 12:30 საათზე აღმართავენ. ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო დროში დღეს მიულოცავს.
ქუთაისში, დროშას ექიმები აღმართავენ, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში, ანსამბლ "ქუთაისის" მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით.
სენაკში კი, დროშას პედაგოგები აღმართავენ, აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს კი, ანსამბლი "სენაკი" შეასრულებს.