თენგიზ ფხალაძე - საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან კიდევ უფრო გაღრმავდება და ამ სამიტის შემდგომ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ხელი შეუწყოთ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას
საქართველოს პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ბრიუსელის ნატოს სამიტის მოლოდინებთან დაკავშირებით საუბრობს და დარწმუნებულია, რომ ნატოს დოკუმენტებში ღირსეულად იქნება ასახული და შეფასებული იქნება ის პროგრესი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში საქართველომ მიაღწია.თენგიზ ფხალაძის განცხადებით, ნატოს სამიტი მიმდინარეობს უაღრესად მნიშვნელოვან და დაძაბულ უსაფრთხოების გარემოში. აქედან გამომდინარე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეულ ფორმატსა და თითოეულ შეხვედრას, რომელზეც გვაქვს შესაძლებლობა საქართველოს წინაშე მდგარ პრობლემებსა და გამოწვევებზე.
"ამ სამიტის ფარგლებში ტარდება უპრეცენდენტო შეხვედრა, რომელზეც საქართველოს პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურებთან ერთად განიხილოს და უშუალოდ ისაუბროს საქართველოს უსაფრთხოების პრობლემებზე.
რაც შეეხება მოლოდინებს, საქართველოს ხელისუფლება ელოდება, რომ საქართველოს ურთიერთობა ალიანსთან კიდევ უფრო გაღრმავდება და ამ სამიტის შემდგომ გვექნება უფრო მეტი შესაძლებლობა, რომ ხელი შეუწყოთ საქართველოს ალიანსში ინტეგრაციას. საქართველოსთან დაკავშირებით სპეციალური დოკუმენტის მიღებას ველოდებით", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.
მისი თქმით, მსჯელობა გაიმართება ასევე შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკასა და მათ შორის საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების კონტექსტშიც იქნება განხილული. "ის თუ რა შედეგები იქნება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით, ეს დამოკიდებულია, არა მხოლოდ საქართველოზე არამედ, ალიანსში კონსენსუსზე. არის უაღრესად საინტერესო და მნიშვნელოვანი კონცეფციები, რომელთა შესახებაც მოხდება მსჯელობა და შეჯერება. ქართულ მხარეს აქვს საკუთარი ხედვა, რომელიც ინტეგრირებულია ამ საერთო ხედვაში", - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.