თენგიზ ფხალაძემ პრეზიდენტის ამერიკაში ვიზიტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა

საერთაშორისო ურთიერთობის საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სექტემბერს, ნიუ იორკში გაემგზავრება და მონაწილეობას მიიღებს მაღალი დონის ღონისძიებაში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის მომავალს და ქალთა როლის გაძლიერებას ეძღვნება.
 
„როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი დიდ ყურადღებას უთმობს ამ საკითხებს - მისი ინიციატივით მიმდინარე წელი ქალთა წლადაა გამოცხადებული.
 
აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია, მისი ამ ღონისძიებაზე მიწვევა და საქართველოს პრეზიდენტს უკვე დადასტურებული აქვს მასზე დასწრება.
 
ეს არის მაღალი დონის შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სხვა ქვეყნების პრეზიდენტებიც.
 
საქართველოს პრეზიდენტის მარალი საერთაშორისო ავტორიტეტიდან გამომდინარე, მიმდინარეობს მუშაობა, რომ პრეზიდენტის შეერთებულ შტატებში ყოფნა გამოვიყენოთ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის განვითარებისა და გაღრმავებისათვის. ასევე იგეგმება შეხვედრები პოლიტიკურ წრეებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
 
რაც შეეხება გაეროს გენერალურ ასამბლეის თემას - მინდა, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა იმას, რომ საქრთველოს პრეზიდენტი არის ის ერთადერთი უმაღლესი თანამდებობის პირი, რომელიც აირჩევა პირდაპირი, საერთო - სახალხო არჩევნებით.
 
რადგან, გაეროს გენერალური ასამბლეის დებატების დაწყების პერიოდში პრეზიდენტი შეერთებულ შტატებში იმყოფება, კარგი იქნებოდა, მას სიტყვით გამოსვლის შესაძლებლობა მისცემოდა.
 
გაეროში მოქმედებს წესები და არსებობს ტრადიციები, რომელთა მიხედვითაც, დებატებში სიტყვით ჯერ  სახელმწიფოების მეთაურები გამოდიან, მხოლოდ ამის შემდეგ კი, მთავრობის მეთაურები, ან სახელმწიფოს სხვა წარმომადგენლები.
 
აქედან გამომდინარე, პატარა ქვეყნები და ზოგადად სახელმწიფოები,  ყოველთვის ცდილობენ ეს შესაძლებლობა გამოიყენონ, რათა უფრო აქტუალურ ფორმატში წარმოაჩინონ ის პრობლემატიკა, რომელზეც დელეგაციის ხელმძღვანელს საუბარი სურს.
 
ეს პოზიცია გაცხადებულია კონსულტაციების რეჟიმშიც და საჯაროდაც.  სამწუხაროდ, იგი დღეს გაზიარებული არ არის.
 
ამ საკითხთან დაკავშირებით საქმის კურსშია მთავრობა, თუმცა, გაეროს გენერალურ ასამბლეამდე ერთი თვეა დარჩენილი და  ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე კარგი იქნება, თუ ეს პოზიცია იქნება მხარდაჭერილი და არგუმენტაცია  გაზიარებული“, - განაცხადა თენგიზ ფხალაძემ პრესკონფერენციაზე.