2016 წლის საპარლამენტო მოხსენება

საქართველოს პრეზიდენტის 2016 წლის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება

  

ძვირფასო საქართველოს მოქალაქენო,
 
პატივცემულო პარლამენტის თავმჯდომარევ,
 
პატივცემულო პრემიერმინისტრო, მთავრობის წევრებო, დეპუტატებო, საპატიო სტუმრებო, ელჩებო,
 
პატივცემულო საზოგადოებავ,
 
ჩემთვის პატივია თქვენი და საზოგადოების წინაშე ქვეყნის უმნიშვნელოვანესი საკითხების თაობაზე მოხსენების გაკეთება და ამ საკითხების თქვენთან განხილვა, მაგრამ სანამ დავიწყებდე ჩემს მოხსენებას, რომელიც ძირითადად საუბრობს ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური განვითარების პერსპექტივების თაობაზე, მე მინდა გავიხსენო ადამიანი, რომელიც იყო ჩემი მეგობარი, ბევრი თქვენგანის თანამებრძოლი და, რაც მთავარია, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ერთერთი მთავარი არქიტექტორი.
 
11 წლის წინ, დღევანდელ დღეს, ტრაგიკულად დაიღუპა  ჩვენი მეგობარი, პრემიერმინისტრი ზურაბ ჟვანია და მე გთხოვთ, რომ ჩვენი თანამებრძოლის ხსოვნას წუთიერი დუმილით მივაგოთ პატივი.
 
მეგობრებო, წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს დამოუკიდებლობის, 25-ე წლისთავს. 25 წლის წინ ჩვენ, ყველამ ერთად აღვასრულეთ ჩვენი წინამორბედების და წინა თაობების სანუკვარი ოცნება და საქართველო გახდა დამოუკიდებელი. მაგრამ, გზა დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ ჯერ კიდევ გასავლელია.
 
დამოუკიდებლობა ვიღაცისგან, რაღაცისგან დამოუკიდებლობას ნიშნავს; თუმცა, თავისუფლება არის ბევრად უფრო მეტი! თავისუფლება ნიშნავს, არა მარტო ვიღაცისგან თავის დახსნას, არამედ საკუთარის, უნიკალურის, შენი გზის გავლას და განხორციელებას.
 
ჩვენ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, თავისუფლებისათვის ბრძოლა კიდევ გრძელდება!

damoukidebloba.jpg

ჩვენ უნდა შევქმნათ სახელმწიფო, რომელიც არა მარტო პოლიტიკურად დამოუკიდებელია, არამედ პოლიტიკურად თავისუფალიც. ეს არის სახელმწიფო, სადაც გარანტირებულია თითოეული მოქალაქის პოლიტიკური და სოციალური უფლებები, ეს არის ერთობა, სადაც ბატონობენ კანონები და არა ინდივიდები.
 
თავისუფალი საქართველო არის ერთადერთი საქართველო, რომელიც შეძლებს გაერთიანდეს არა მარტო ტერიტორიულად, არამედ შინაარსობრივად, ქვეყანა, სადაც ერთმანეთს ხვდება ქართული წარსული, აწმყო და მომავალი.
 
სწორედ ჩვენი თავისუფალი არჩევანის საფუძველზე, ჩვენი ისტორიული არჩევანის საფუძველზე, რომელიც ჩვენ და ჩვენმა წინამორბედებმა გავაკეთეთ, 2016 წელი მე გამოვაცხადე ევროპული სახელმწიფოს წლად.
 
ეს არის კიდევ ერთხელ გაგრძელება იმ ბრძოლის, რომელსაც ჩვენი წინა თაობები ახორციელებდნენ. ამ გზაზე ამბობდა ნოე ჟორდანია „მომავლის არ გვეშინია“, ამ მიზანს სახავდა ზურაბ ჟვანია, როდესაც ამბობდა - „მე ვარ ქართველი, და, მაშასადამე ვარ ევროპელი“. ამ გზაზე მე ვხედავ საქართველოს არა როგორც სტუმარს ევროპულ სახელმწიფოთა ოჯახში, არამედ როგორც სრულფასოვან წევრს ამ ერთობისა.
 
ამდენად, პროდასავლური სახელმწიფოდან, პროდასავლური საქართველოდან, რომელსაც ჩვენ დღეს წარმოვადგენთ, ჩვენ უნდა ნათლად ვაღიაროთ და განვსაზღვროთ მიზანი, რომ ავაშენოთ დასავლური სახელმწიფო.
 
მაგრამ, წინსვლის გასაგრძელებლად მკაფიოდ უნდა ვხედავდეთ იმ წერტილს, ჩვენი ისტორიის იმ მონაკვეთს, იმ სტატუსს, რომელშიც ვიმყოფებით.
 
ამ გზის რა მონაკვეთს გავდივართ ჩვენ დღეს?
 
დღეს, საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია. ასევე, დაახლოებით მეხუთედი ნაწილი ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური სირთულეების გამო ემიგრაციაშია. მაღალია სიღარიბისა და უთანასწორობის მაჩვენებლები. საგანგაშოდ მაღალია ბავშვთა და, განსაკუთრებით, დედათა სიკვდილიანობა. ეკონომიკაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი 20%-ს არ აღემატება. მძიმეა უმუშევრობის ფონი და იმ ადამიანებში, რომლებიც დასაქმებულნი არიან, არაპროპორციულად მაღალია საჯარო სექტორში დასაქმებულ ადამიანთა რაოდენობა.
 
2015 წელი, ბუნებრივია და ეს ჩვენ კარგად ვიცით, რთული იყო ჩვენი ქვეყნისათვის ეკონომიკურად, ასევე პოლიტიკურად. გლობალური ეკონომიკური ზრდის შენელება, განსაკუთრებით, განვითარებად ბაზრებზე, დოლარის გამყარება, ნავთობის ფასის ისტორიულ მინიმუმამდე დაცემა,  რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე ამ ორი ქვეყნის ეკონომიკური რეცესია, რუსეთ-თურქეთის პოლიტიკური დაძაბულობის შედეგად წარმოქმნილი ეკონომიკური სირთულეები - ეს არის ჩამონათვალი იმ გამოწვევებისა, რომლებიც არსებობდა გლობალურად ეკონომიკაში, არსებობდა სპეციფიკურად ჩვენს რეგიონში და რომლებთანაც გამკლავება უწევდა ჩვენს ქართულ ეკონომიკას.
 
ცხადია, რომ არც 2016 წელი იქნება მარტივი ეკონომიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით კი, განვითარებადი ქვეყნებისთვის, რადგან შეზღუდულ რესურსებზე ბუნებრივად გაიზრდება კონკურენცია და ქვეყნებს შორის ამ კონკურენციის პროცესში, უმნიშვნელოვანესია, რომ საქართველომ მოახერხოს და ეფექტიანად გამოიყენოს საკუთარი მნიშვნელოვანი კონკურენტული შესაძლებლობები.
 
რეგიონში მიმდინარე გლობალური გამოწვევების ფონზე კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რომ თანამედროვე რეალობაში გამოუყენებელი შესაძლებლობები ნიშნავს უკან დახევას.  ასევე, ჩვენი ისტორიული და ევროპული არჩევანის დამფუძნებელი მამა, ილია ჭავჭავაძე, როდესაც საუბრობდა საქართველოს განვითარებაზე და იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს ჩვენი ქვეყანა, ასე ეუბნებოდა თერგს - “აბა პატარა ხანს დადეგ, თუ მყრალ გუბედ არ გადაიქცე”.

gamouyenebeli-shesadzleblobebi.jpg

ამდენად, საკუთარი შესაძლებლობების სწრაფი გამოყენება წინაპირობაა იმის, რომ რეგიონში არსებულ და გლობალურად არსებულ ურთულეს ვითარებაში, საქართველომ მოახერხოს და წინ გადადგას ნაბიჯი უფრო ეფექტიანი განვითარებისაკენ.
 
საქართველო უნდა აჰყვეს დღევანდელი ცივილიზაციის რიტმსა და მაჯისცემას. მუდმივად ცვლად, გავითარებად სამყაროში აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობებისა და კონკურენტული უპირატესობების სწრაფი და ეფექტიანი ათვისება.   2016 წელს საქართველო ორიენტირებული უნდა იყოს სწრაფ ეკონომიკურ ზრდაზე.
 
ამიტომ, სახელმწიფომ დიდი სამუშაო უნდა გასწიოს მიმდინარე სტრუქტურული რეფორმების გაძლიერებით და ჩვენი ქვეყნის კონკურენტული უპირატესობების კაპიტალიზაციის მიმართულებით.
 
ამ თვალსაზრისით, მინდა მივესალმო საქართველოს პრემიერმინისტრის ოთხ ძირითად ინიციატივას ეკონომიკური განვითარების მიმართულებით. კერძოდ:
 
•       სამუშაო ადგილების შექმნაზე ორიენტირებული რეფორმები;
 
•       ბიზნესის ჩართულობის უზრუნველყოფა მთავრობის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და შესაბამისად, სწრაფი გადაწყვეტილებები;
 
•       აქცენტი რეგიონულ განვითარებასა და რეგიონული ინფრასტრუქტურული პროექტების დაჩქარებაზე;
 
•       და განსაკუთრებით, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანია, მინდა გამოვყო განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმირების ინიციატივა.
 
ხარისხიანი განათლების სტანდარტის დამკვიდრებით საქართველომ უნდა უპასუხოს თანამედროვე კონკურენციის მაღალ მოთხოვნებს.
 
განათლების რეფორმასთან მიმართებაში, საჭიროა გავიაზროთ, რომ პოლიტიკური ნება ამ თვალსაზრისით, ამ რეფორმის განსახორციელებლად საზოგადოებაში უკვე ჩამოყალიბებულია და განათლების სისტემამ  აუცილებლად საზოგადოების გრძელვადიან შეკვეთას უნდა უპასუხოს.

ganatleba.jpg

ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან პერსპექტივას ქმნის ჩვენს მიერ უკვე დაწყებული და წამოწყებული, ლიბერალური ეკონომიკის მიმართ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯები.
 
პირველ რიგში მინდა გამოვყო წარმატებული მოლაპარაკებები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ჩინეთთან, ასევე გააქტიურებული მოლაპარაკებები ამერიკის შეერთებულ შტატებთან ამ მიმართულებით.
 
უკვე არსებული თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ევროკავშირთან. თუმცა აღსანიშნავია ის, რომ DCFTA-ის (ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ ხელშეკრულება) - თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების პოტენციალი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე ათვისებული და ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის თვალსაზრისით უნდა დადგინდეს საქართველოს შედარებითი უპირატესობები ევროპის ქვეყნებთან და მის სავაჭრო პარტნიორებთან მიმართებაში, გამოიკვეთოს კონკურენტუნარიანი დარგები.
 
ამასთან ერთად, არ შეგვიძლია არ დავინახოთ ის დიდი პოტენციალი, რომელიც საქართველოს ნამდვილად გააჩნია. ზოგიერთი ამ პოტენციალიდან ნაბოძებია ბუნებით და ღმერთმა დაგვამადლა, რაღაც ნაწილი კი განპირობებულია იმ გეოპოლიტიკური ვითარებით, რომელშიც ჩვენ ვარსებობთ.
 
ეს პოტენციალი არსებობს, მაგრამ ამ პოტენციალს აუცილებლად სჭირდება ათვისება, რადგანაც კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ პოტენციალი, რომელიც არ არის ათვისებული, შესაძლებლობები, რომლებიც არ არის გამოყენებული, უბრალოდ ადგილზე კი არ აჩერებს ქვეყანას, არამედ მისი განვითრების ტემპს უკან სწევს.
 
ქვეყნის კონკურენტული უპირატესობა - სატრანზიტო ფუნქცია უფრო აქტიურად უნდა იყოს ათვისებული.
 
აუცილებელია მეტი ინფრასტრუქტურული ინიციატივა და ლოჯისტიკურ პროექტებში საერთაშორისო საფინანსო ინსიტუტების აქტიური ჩართვა, ლოჯისტიკური და სასაწყობე კომპანიების მეტი ხელშეწყობა.
 
საქართველო დღეს, მართლაც უმნიშვნელოვანეს და უნიკალურ ადგილას იმყოფება. „ახალი აბრეშუმის გზის“ თვალსაზრისით, ჩვენ ვმდებარეობთ ისეთ ადგილას და ვასრულებთ, უკვე ისტორიულად, ისეთ ფუნქციას, რომელიც საქართველოს გეოპოლიტიკურ შესაძლებლობებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აქცენტს ანიჭებს.
 
ეს პროექტები უკვე დაწყებულია ან განხორციელებულია, საჭიროა ამ პროცესის გაღრმავება. ამ მიმართულებით ჩვენი მიზანი მზარდი პოტენციალის განხორციელებაშია.
 
ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი, ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენი, TANAP, TAP, აბრეშუმის გზის სხვა ინიციატივები, ტრანსრეგიონული თანამშრომლობის ისეთი პროექტები, როგორიცაა ტრანსკასპიური გაზსადენი და “ლაპის ლაზურის” სატრანსპორტო პროექტები - უმნიშვნელოვანესი და მაქსიმალურად ასათვისებელი პოტენციალია.
 
ამ შესაძლებლობებს, რომლებიც უკვე კარგად გააზრებულია და განხორციელების ან მომავალი პროექტირების ფაზაში იმყოფება ემატება კიდევ ერთი საინტერესო შესაძლებლობა ჩვენი რეგიონისთვის კონკრეტულად საქართველოსთვის, ეს არის ირანის ეკონომიკური პოტენციალის გახსნა და სპარსეთის ყურისა და ევროპის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით საქართველოს უნიკალური როლის ათვისება.
 
მაგრამ არა მარტო ასეთი გეოპოლიტიკური პროექტები, არამედ თვითონ ჩვენი ბუნება, ის სადაც ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან საინტერესო შესაძლებლობებს ხსნის ჩვენს წინაშე.
 
პირველ რიგში ეს არის სოფლის მეურნეობის შესაძლებლობები. საქართველოს მართლაც სერიოზული პოტენციალი გააჩნია ამ თვალსაზრისით. უბრალოდ უმნიშვნელოვანესია პრინციპული ნაბიჯების გადადგმა და ამ პოტენციალის ათვისება.
 
მარტივად რომ ვისაუბროთ, სოფლის მეურნეობა უნდა გადაიქცეს ბიზნესად. იმისთვის , რომ სოფლის მეურნეობა გადაიქცეს ბიზნესად ერთერთი და პრინციპულად მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადასადგმელი და ამ თვალსაზრისით პრინციპულად მნიშვნელოვანია, მიწის ბაზრის ეფექტიანი განვითარება.
 
აგრეთვე თუ ჩვენ ვიაზრებთ, იმას რომ საქართველოს ტერიტორიაზე არა ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი ვითარდება ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფრასტრუქტურული და სატრანსპორტო არტერიების გასწვრივ, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ლოჯისტიკური და სასაწყობე პროექტებისთვის ხელშეწყობა. ეს ხელს შეუწყობს ქვეყნის შიგნით დასაქმებასაც, ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ სოფლის მეურნეობასა და ურბანულ დასაქმებას შორის გაჩნდეს უფრო ჯანსარი პროპორცია.
 
ბუნებრივია, აქვე სერიოზული როლი აქვს ტურიზმის განვითარებას, იმ პოტენციალის ათვისებას, რომელიც კიდევ ერთხელ ბუნებამ დაგვამადლა.
 
ერთი მხრივ ეკონომიკური განვითარება, მეორე მხრივ კი ეკოლოგიისა და კულტურის დაცვა არასდროს ქმნიან გადაუწყვეტელ დაპირისპირებას.
 
ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ერთი მხრივ თუ ჩვენ ვიქნებით თავიდან ბოლომდე კონცენტრირებული ინდუსტრიულ პროექტებზე და არ გავითვალისწინებთ იმას, სად ვახორციელებთ ამ პროექტებს, ან რა სტანდარტებით ვასრულებთ მათ, ჩვენ დავკარგავთ ძალიან მნიშვნელოვან, არა მარტო ეკონომიკურ, არამედ სულიერ პოტენციალს.
 
თუ გავაჩანაგებთ ჩვენს ბუნებას, დავკარგავთ ჩვენს უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას.
 
სწორედ ეკონომიკური განვითარება, თავისთავად არის საშუალება იმისთვის, რომ ჩვენ განვაგრძოთ ის ძირითადი ღირებულებითი სვლა, რომელიც დავიწყეთ 2012 წლიდან - ხელისუფლებაში მოსვლიდან.  ეს არის ადამიანზე, ცალკეულ ინდივიდზე ორიენტირებული საბიუჯეტო პოლიტიკა.
 
უმნიშვნელოვანესია ეს პოლიტიკა შენარჩუნდეს და ეს არ არის მარტო რომელიმე პოლიტიკური ძალის, ან რომელიმე პოლიტიკური შეხედულების მქონე ჯგუფის გადაწყვეტილება.
 
ეს გადაწყვეტილება ნიშნავს იმას, რომ სახელმწიფო ორიენტირებულია ადამიანზე, ინდივიდზე. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც საფუძველს იღებს  ჩვენს კონსტიტუციაში, რომელშიც წერია რომ ჩვენ ვაშენებთ სოციალურ სახელმწიფოს.
 
ამასთან ბუნებრივია, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ უფრო დაიხვეწოს უფრო ადექვატური გახდეს საბიუჯეტო ხარჯვები სოციალური მიმართულებით და სოციალური მხარდაჭერის დიფერენციაცია უფრო გაღრმავდეს.
 
მინდა ამ თვალსაზრისით კიდევ ერთხელ შევეხო და მხარი დავუჭირო ჯანდაცვის იმ რეფორმას, რომელიც ხორციელდება საქართველოში. ჯანდაცვის რეფორმა არის ჩვენი მოქალაქეებისათვის შვების მიმცემი და სირთულეების მიუხედავად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განაგრძოს და განავითაროს ხარისხიანი, ხელმისაწვდომი ჯანდაცვის პოლიტიკა. ეს არ არის უბრალოდ პოლიტიკა, ამ პოლიტიკის მეშვეობით ჩვენ ვიცავთ ყველაზე ფასეულს -  ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლეს.
 
როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ თანამედროვე ევროპული სახელმწიფოს მშენებლობაზე, ჩვენ ვსაუბრობთ იმ სახელმწიფოებრივ  ტრადიციებზე, რომლებსაც დაეფუძნა ევროპული სახელმწიფოებრიობა.
 
ევროპული სახელმწიფოებრიობის ერთერთი ფუნდამენტი, ისტორიულად არის კონსტიტუციონალიზმი, ანუ საკონსტიტუციო ინსტიტუტების ფუნქციონირების დაცვისა და მათ შორის თანამშრომლობის პროცესების გაღრმავება.
 
აუცილებელია, რომ გარდამავალი პერიოდისთვის დამახასიათებელი პერსონიფიცირებული ურთიერთობები შეიცვალოს ძლიერი დემოკრატიული ინსტიტუტების გამართული მუშაობით. პოლიტიკური, ან პირადი დაპირისპირება არ უნდა გამოიხატოს ფუნდამენტური სახელმწიფოებრივი, კონსტიტუციური ინსტიტუტებისა და პროცესების შელახვაში.
 
ამ თვალსაზრისით, მინდა ერთერთ მთავარ საკითხს, სასამართლო სისტემას შევეხო.
 
სასამართლო ერთერთი ფუნდამენტია ჩვენი სახელმწიფოსი, ჩვენი საზოგადოების, ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური მდგრადობის.
 
ამ მიმართებაში, რამდენიმე საკითხზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას: იმისთვის, რომ ფუნქციონირებდეს და მუშაობდეს ეფექტური სასამართლო, განხორციელდეს სასამართლო რეფორმა, საჭიროა კანონები და პოლიტიკური ნება იმისთვის, რომ არ მოხდეს მოსამართლეზე ზეწოლა და არ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების გამრუდება და  შერყვნა.
 
მაგრამ თავის მხრივ, სასამართლო სისტემაში განსაკუთრებული დატვირთვა მთავარ სუბიექტს - მოსამართლეს აკისრია. შესაბამისად მისი შერჩევის პრინციპები და პროცედურები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებენ. განსაკუთრებით ისეთ ვითარებაში, როდესაც თქვენც, მეც, მთვრობაც ხალხის მიერ შეიძლება იყოს შეცვლილი და გადარჩეული, ხოლო მოსამართლეები, რომლებსაც ჩვენ ვამწესებთ, ფაქტიურად ჩვენ ვამწესებთ ჩვენი ცხოვრების ვადით.
 
მე ჩემი უფლებამოსილების და პასუხისმგებლობის სიბრტყეში ვახორციელებ მოსამართლეების ისეთ შერჩევას, რომელიც ეფუძნება მათ რეპუტაციას, შეუბღალავ  ავტორიტეტს და მათ პროფესიონალიზმს. ასეთი მიდგომა იყო მანამდეც, ასეთი მიდგომა გაგრძელდება შემდეგშიც. ასეთი მიდგომის ფარგლებში, როგორც უზენაეს სასამართლოში, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოში, ჩემს მიერ წარდგენილი მოსამართლეები და მერე თქვენს მიერ გამწესებული მოსამართლეები დააკმაყოფილებენ უმაღლეს სტანდარტს.
 
შესაბამისად, ჩვენს მოსახლეობასაც ამ უმაღლეს ინსტანციებში უმაღლესი ხარისხის სამართლის მიღწევის შესაძლებლობა ექნებათ.
 
ამ ბოლო დროს საზოგადოების მხრიდან დაისვა ბევრი კითხვა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ განხორციელებულ საკადრო გადაწყვეტილებებზე.
 
სასამართლო სისტემის გაჯანსაღება და გაძლიერება უნდა გაგრძელდეს. ამ პროცესის ერთერთი მთავარი მოქმედი სუბიექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოა. ბუნებრივია, საქართველოს პარლამენტის გადასაწყვეტია, ის რეფორმები, რომლებიც განხორციელდება ამ მიმართულებით, მაგრამ მინდა შემოგთავაზოთ რამდენიმე ინიციატივა:
 
  დაინერგოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მოსამართლეთა ‘გამოსაცდელი’ ვადით გამწესებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების მექანიზმი; რადგან ასეთი დღეს არ არსებობს.
 
   შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების მექანიზმი იმგვარად, რომ საბჭოში პროპორციულად, სამი წევრით იყოს წარმოდგენილი სასამართლოს ყველა ინსტანცია. ანუ ისევ მოსამართლეები, მაგრამ სამი წევრი თითო ინსტანციიდან.
 
    მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნისა და დაწინაურების პროცესში უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს მიეცეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსათვის რეკომენდაციების მიცემის უფლება.
 
   გაძლიერდეს უზენაესი სასამართლოს სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს შემადგენლობა და ფუნქციები სასამართლო პრაქტიკის ანალიზისა და მართლმსაჯულების კვალიფიკაციის ხარისხის ამაღლების მიზნით.
 
მართლმსაჯულების სისტემაში ასევე მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ადვოკატთა კორპუსს. მიმაჩნია, რომ საკანონმდებლო დონეზე მათი დაცულობა, რაც უზრუნველყოფს შეჯიბრებითობის პრინციპის გაღრმავებას ჩვენს სასამართლო სისტემაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.
 
სამართლიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებისათვის უმნიშვნელოვანესია სამართალდამცავი ორგანოების როლი.
 
ვფიქრობ, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩო კვლავინდებურად საჭიროებს სრულყოფას.
 
შარშან პროკურატურასთან მიმართებაში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლითაც ფაქტობრივად განსაზღვრა მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი. მე ვფიქრობ, რომ რეალური რეფორმა პროკურატურაში უნდა განხორციელდეს და არა მარტო მთავარი პროკურორის დანიშვნის წესს უნდა შეეხოს.
 
ამ თვალსაზრისით მიზანშეწონილად მიმაჩნია, საპროკურორო საბჭოს დაეკისროს პროკურორების თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლების პროცესში მონაწილეობის უფლებამოსილება. ამასთან, გაძლიერდეს საბჭო სამოქალაქო საზოგადოებისა და სამართლის მეცნიერთა მონაწილეობით.
 
მაგრამ გლობალურად უნდა განხორციელდეს პროკურატურის სისტემური რეფორმირება.
 
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ასევე აქტიური რეფორმებია გასატარებელი შინაგან საქმეთა სამინისტროში.
 
ერთია სამინისტროს უფრო ეფექტიანი რეფორმების განხორციელება, მაგრამ მთავარი მიზანი, რომელსაც ჩვენ უნდა ვესწრაფოდეთ, ეს არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობა გრძნობდეს, ერთი მხრივ, თავს დაცულად და მეორე მხრივ, ეს დაცვა, მათი უფლებების დაცვა არ ხორციელდებოდეს მათი თავისუფლების შეზღუდვის გზით.
 
კრიმინალთან ბრძოლა არასდროს მთავრდება, მაგრამ ჩვენ  ყველამ ერთად, არა მარტო სახელისუფლებო სტრუქტურებმა, არამედ მთელმა საზოგადოებამ უნდა შევძლოთ, რომ კრიმინალი იყოს მარგინალიზებული და მიუღებელი ჩვენი საზოგადოებისთვის.
 
ამისათვის მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება აქტიურად ჩაერთოს სამართალდამცავ სტრუქტურებთან თანამშრომლობასა და ფუნქციონირებაში.
 
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა, რომელზეც მოგახსენებთ, ეს არის ეროვნული ბანკი - ასევე ერთერთი საკონსტიტუციო ხარისხის ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ და ფინანსურ სტაბილურობას.
 
შარშან საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით. შევახსენებ საზოგადოებას, რომ აღნიშნულ კანონს მე ვეტო დავადე, რომელიც თქვენ დაძლიეთ. მაგრამ ის კითხვის ნიშნები, რომლებიც მე მქონდა, გაღრმავდა იმ გადაწყვეტილებით, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო და დროებით, საკითხის გადაწყვეტამდე შეაჩერა კანონის ფუნქციონირება.
 
დღეს, ამ ვითარებაში მიმაჩნია, რომ საერთაშორისო ინსტიტუტების თანამშრომლობით უნდა გადავშალოთ წინა ფურცელი და რეალურად ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც გააძლიერებს ამ ინსტიტუტს.
 
კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, რომლის თაობაზეც მოგახსენებთ, არის ეროვნული უშიშროების საბჭო.
 
ეროვნული უშიშროების საბჭო არის ადგილი, სადაც აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებათა წარმომადგენლები და  პრეზიდენტი, თათბირობენ ქვეყნის უშიშროების უმნიშვნელოვანეს საკითხებთან დაკავშირებით.
 
ამ საბჭოს ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, როგორც რისკების პრევენციის, ისე მათზე სტრატეგიის დაგეგმვის, სამხედრო - სამოქალაქო ურთიერთობის კონტროლის გაღრმავების თვალსაზრისით. ეს არის უნიკალური ფორმატი, სადაც სამივე ხელისუფლების წარმომადგენელი ხვდება ერთმანეთს.
 
რამდენიმე დღის წინ ამ მნიშვნელოვან ინსტიტუტს ოცი წელი შეუსრულდა. ბუნებრივია, ჩვენ ამ ინსტიტუტის ეფექტიან ფუნქციონირებას მომავალშიც განვაგრძობთ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველო, სამწუხაროდ,  არ არის  მშვიდ რეგიონში და რისკები ჩვენი რეგიონის მასშტაბით, შარშან შემცირების ნაცვლად, კიდევ უფრო გაღრმავდა.
 
არსებულ საფრთხეებისა და გამოწვევების საპასუხოდ, საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა უსაფრთხოების და თავდაცვისუნარიანობის გაღრმავების თვალსაზრისით:
 
• დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს NATO-ს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია;
 
• აგვისტოში გაიხსნა ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი;
 
• 2015 წლის ივლისში NATO -საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში, საქართველოში ჩატარდა მასშტაბური, მრავალეროვნული სამხედრო სწავლება “Agile Spirit 2015“, რომელშიც მონაწილეობდნენ ალიანსის წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები;
 
• შარშანვე, საფრანგეთთან ხელმოწერილი კონტრაქტების საფუძველზე, დაიწყო თანამედროვე ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვითი სისტემის შექმნის პროცესი.
 
• გაიმართა მასშტაბური სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი-2015“.
 
საქართელოს უსაფრთხოების პრიორიტეტად რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ჩვენ გამოვიყენებთ NATO - ს მიერ მოცემულ ყველა ინსტრუმენტს, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ასამაღლებლად და გავაძლიერებთ ძალისმხევას საქართველოს ალიანსში გაწევრებისათვის.
 
ეს არის სტრატეგიული მიზანი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ამ მიზნის კვალობაზე, არა მარტო პოლიტიკურად ინტეგრაციისკენ ვმოღვაწეობთ, არამედ ყოველდღიურად ვზრდით ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას სწორედ NATO-ს სტანდარტების შესაბამისად და ალიანსის პარტნიორებთან თანამშრომლობით.
 
ამავე დროს, ჩვენ საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად, განვაგრძობთ აქტიურ ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ, როგორც საერთაშორისო მისიებში, ასევე ქვეყნის შიგნით აქტიური პრევენციული პოლიტიკით და შესაბამისად, ვაღრმავებთ პარტნიორ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობას.
 
არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ ვუთხრა მადლობა ქართველ ჯარისკაცს, სამხედროს, რომელიც თავისი პროფესიონალიზმით, სიმამაცით და ბრძოლისუნარიანობით, ასახელებს ჩვენს სამშობლოს მსოფლიოს მასშტაბით და არ შემიძლია ქედი არ მოვიხარო იმ სისხლის წინაშე, რომელიც ჩვენმა თანამოძმეებმა ბრძოლის ველზე დაღვარეს.
 
არსებულ რთულ და დინამიურად ცვალებად საერთაშორისო გარემოში, უაღრესად მნიშვნელოვანია პროაქტიური საგარეო პოლიტიკის წარმოება და საქართველოს თემატიკის აქტიურად წარმოჩენა მსოფლიო დღის წესრიგში.
 
2015 წელს განხორციელებულმა ვიზიტებმა აშშ-ში, ევროკავშირის ქვეყნებსა და აზიის სახელმწიფოებში, ისევე როგორც სხვა სახელმწიფოთა მეთაურების, ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერების ჩამოსვლამ საქართველოში, საშუალება მოგვცა საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გაგვემახვილებინა ჩვენი ქვეყნისათვის აქტუალურ საკითხებზე.
 
საქართველომ შეძლო სრულად დაეკმაყოფილებინა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა.
 
ბუნებრივია, 2016 წელს, ჩვენ ველით, რომ ევროპის სახელმწიფოთა კარები გაიხსნება საქართველოს მოქალაქეების თავისუფალი მიმოსვლისათვის.
 
ჩვენ უნდა გავააქტიუროთ აშშ-სთან ორმხრივი ურთიერთობა. გარდა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებაში ახალი იმპულსის გაჩენისა, ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ბევრ სხვა სფეროშიც თანამშრომლობის გაღრმავებისათვის გვაქვს ჯერაც აუთვისებელი რესურსი.
 
აქ ბევრ სხვა მიმართულებასთან ერთად, არის პოტენციალი, რომელიც გულისხმობს იმას, რომ საქართველო უფრო აქტიურად უნდა იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონში და უფრო აქტიურად ჩანდეს შეერთებული შტატების პოლიტიკურ რადარებზე.
 
ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მიზნად დავისახოთ ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ახალ საფეხურზე გადასვლა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის განხორციელება.
 
ახალ საფეხურზე გადასვლა ასევე გულისხმობს, სამომავლოდ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვან რეგიონულ მოთამაშედ ჩამოყალიბებას.
 
ევროპული საქართველო უნდა იქცეს ჩვენი რეგიონის სტაბილურობისა და კეთილდღეობის პლაცდარმად.

evropuli-saqartvelo.jpg

ჩვენი ამოცანაა, ვაჩვენოთ ჩვენს პარტნიორებს და საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ ევროპული კეთილდღეობა, სტაბილურობა ევროპაში, რეალურად შედგება მხოლოდ მაშინ, როდესაც სტაბილური იქნება საქართველო და კავკასია.
 
ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია გავაღრმავოთ  თანამშრომლობა ჩვენს რეგიონში და მის გარეთ სხვა ქვეყნებთან; გავამრავლოთ ის პროექტები, რომლებიც საქართველოს ძალიან მნიშვნელოვნად წარმოაჩენს  ამ გეოპოლიტიკურ რუკაზე და საჭიროა, ნათლად დავინახოთ ყველამ, რომ საქართველოს გარეშე ევროპული კეთილდღეობა ვერ იქნება უზრუნველყოფილი.
 
მაგრამ რა არის მთავარი პრობლემა ამ რეგიონში?
 
ჩვენ შეგვიძლია ნათლად დავინახოთ, რომ ეს არის ახალი დემოკრატიების პრობლემა. საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, ის წარმატებული დემოკრატიული ქვეყნები, რომლებმაც „გაბედეს“ და გააკეთეს საკუთარი თავისუფალი არჩევანი, ტერიტორიული პრობლემების წინაშე დადგნენ.
 
ამ თვალსაზრისით, ბუნებრივია, ჩვენთვისაც და ჩვენი პარტნიორებისთვისაც, შემაშფოთებელი იყო ის გადაწყვეტილებები, ის ე.წ. ხელშეკრულებები, რომლებიც რუსეთმა გააფორმა აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან და ამის თაობაზე, როგორც ჩვენ, ასევე ჩვენმა პარტნიორებმა გამოვთქვით აღშფოთება. პასუხი ამ პოლიტიკაზე უნდა იყოს ერთიანი ევროპული და ევროატლანტიკური პოლიტიკა, რომელიც ნათლად საუბრობს, რომ შეუძლებელია ევროპაში, შეუძლებელია სამყაროს ამ ნაწილში, კიდევ ეთხელ გაივლოს ხელოვნური გამყოფი ხაზები. 
 
საქართველო - რუსეთის ურთიერთობები ევროპული პოლიტიკის ნაწილია და ევროპული პოლიტიკის ჭრილში უნდა იყოს წარმოჩენილი.
 
ასევე, პასუხი ამ პოლიტიკაზე უნდა იყოს ერთიანი და ნათელი, რომელიც შემდეგ დებულებებს ეფუძნება:
 
•       როგორც ყველა სხვა ქვეყანასთან, საქართველო რუსეთთანაც ესწრაფვის თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებულ ურთიერთობებს;
 
•       ერთიანი, სტაბილური, განვითარებული, დემოკრატიული და ძლიერი საქართველო, კავკასიაში უსაფრთხოების გაძლიერების, წინსვლისა და მეზობლებთან ურთიერთმომგებიანი თანამშრომლობის გარანტია;
 
•      ვერცერთი ქვეყნის, მათ შორის ვერც რუსეთის ფედერაციის კეთილდღეობა ვერ იქნება მიღწეული მეზობელი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და მისი მოსახლეობის ინტერესების უგულვებელყოფით.
 
კიდევ ერთხელ, როგორც სახელმწიფოს მეთაური, ვადასტურებ საქართველოს სწრაფვას კეთილმეზობლური, ერთმანეთის ეროვნული ინტერესების, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემასა და თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებული ურთიერთობისაკენ. 
 
მაგრამ, ბუნებრივია, სანამ შედგება ასეთი დიალოგი და, სანამ ეს კონტექსტი ნათლად იქნება გაგებული და წაკითხული, ძალიან მნიშვნელოვანია არ შევაჩეროთ ჩვენი ძალისხმევა და გავაღრმავოთ ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი ნაწილი, რომელიც არაღიარების პოლიტიკაში მდგომარეობს.
 
ამ თვალსაზრისით, არცერთი წამით არ შეიძლება შესვენება. ამ მიმართულებითაც ჩვენ გვაქვს წარმატება, იმიტომ, რომ გაეროში, ლტოლვილთა და დევნილთა დაბრუნების შესახებ რეზოლუციას სულ უფრო მეტი სახელმწიფო უჭერს მხარს.
 
ამ პოლიტიკის პარალელურად ჩვენ მუდმივად ვუგზავნით გზავნილს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, რომ ჩვენს მოქალაქეებს მიეცეთ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეებით სარგებლობის მაქსიმალური შესაძლებლობა.
 
მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით, ყველამ გავიაზროთ ის, რომ ჩვენი ურთიერთობა ჩვენს ჩრდილოელ პარტნიორთან ხშირად მიმდინარეობს რბილი ძალის აქტიური გამოყენების ფონზე.
 
ამ ვითარებაში რუსული რბილი ძალის შეტევების გასანეიტრალებლად აუცილებელია  კოორდინირებული მუშაობა ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.
 
აქვე, გასათვალისწინებელია, რომ  ეკონომიკური თანამშრომლობა რუსეთთან, რომელიც მნიშვნელოვანია, ასევე შესაძლებელია გამოყენებული იყოს რბილი ძალის მეშვეობით და მე მომიწევს გავიმეორო ის მარტივი ჭეშმარიტება, რომ განსაკუთრებით ასეთი თანამშრომლობა ეხება „გაზპრომს“.
 
არ უნდა დავივიწყოთ, რომ რუსეთის ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის სურს. ამიტომ, „გაზპრომთან“ მოლაპარაკებები, ქვეყნის უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობის მანდატით დადგენილი წითელი ხაზების ფარგლებში, გამჭვირვალედ უნდა მიმდინარეობდეს.
 
მე კვლავაც განვაგრძობ იმ საქმიანობას, რომელსაც ვახორციელებდი აქამდე და არ დავიშურებ ძალისხმევას იმისათვის, რომ საქართველოს დაბრუნება მის ბუნებრივ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ეფექტიანად და უმტკივნეულოდ განხორციელდეს.
 
მაგრამ იმისათვის, რომ საქართველომ განახორციელოს და გადადგას ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯები, ევროპული კურსი არა მარტო საგარეო-პოლიტიკური თვალსაზრისით უნდა გაღრმავდეს, არამედ რეფორმები ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური სისტემების თვალსაზრისით უნდა გაღრმავდეს ქვეყნის შიგნითაც. ევროპული სტანდარტები ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვაქციოთ.
 
ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო ავტორიტეტული რეიტინგები, სადაც საქართველოს გააჩნია პოზიტიური პოტენციალი. მაგალითად, კორუფციის აღქმის, ბიზნესის კეთების, ეკონომიკური თავისუფლების, მილიტარიზაციის ინდექსები, რომელთა მიხედვითაც, ჩვენ მართლაც კარგ სტანდარტზე ვიმყოფებით, თუმცა, ბუნებრივია, ამისი გაღრმავება და გაძლიერება არის აუცილებელი და საჭირო.
 
თანამედროვე ევროპულ სახელმწიფოს, ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება ქმნის. საჭიროა, გაძლიერდეს სეკულარიზმის პრინციპზე დაფუძნებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პრაქტიკები.
 
თანამედროვე დემოკრატია ვერ შედგება ძლიერი პოლიტიკური პარტიების გარეშე. შესაბამისად, პოლიტიკურ პარტიებს უნდა შეეწყოთ ხელი, რომ გახდნენ უფრო სტაბილური, იმისათვის, რომ გამსხვილდნენ და გაჩნდეს სტაბილური ამომრჩეველი, რომელიც ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას წლების განმავლობაში აძლევს ხმას.
 
ეს არის წინაპირობა არა უბრალოდ პოლიტიკური ლიბერალიზმის, არამედ ეს წინაპირობაა იმის, რომ ჩვენ შევქმნით მუშა, ქმედით დემოკრატიულ სისტემას, რომელშიც ბუნებრივად, მთავარი მოქმედი პირები და მთავარი აქტორები არიან ძლიერი პოლიტიკური ძალები.
 
ეს აგრეთვე გულისხმობს იმას, რომ ჩვენში უკვე ტრადიციულად ქცეული ორპოლუსიანი დაპირისპირება მთავარ სახელისუფლებო ძალასა და მის წინააღმდეგ შექმნილ გაერთიანებებს შორის, გადაიზრდება უფრო მრავალფეროვან პოლიტიკურ პალიტრაში და ამომრჩეველს არა ცუდსა და უკეთესს შორის ექნება არჩევანი, არამედ აირჩევს და სტაბილურად გააძლიერებს ზუსტად იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც მის ინტერესებს იცავს.
 
მე მინდა აგრეთვე ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩვენში სამოქალაქო საზოგადოების განვითარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული.
 
მაგრამ, სამოქალაქო საზოგადოება არ არის მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები შედგა და ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი საზოგადოების. თუმცა, სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიზანია და საზოგადოების მთავარი აქტორი - აქტიური მოქალაქე, უნდა იყოს ის, რასაც თანამედროვე ქართული, ევროპული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ინსტიტუტები დაეფუძნება.
 
ბუნებრივია, დღეს მე, არ შემიძლია აქცენტი არ გავაკეთო, ჩვენს მთავარ პოლიტიკურ გამოწვევაზე წელს, რომელსაც წარმოადგენს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები.
 
2012 წლიდან არჩევნების სტანდარტი და ხარისხი უკეთესობისკენ მიდის. ეს ტენდენცია არა მარტო უნდა შენარჩუნდეს, არამედ უნდა გაღრმავდეს და ჩვენ უნდა ჩავატაროთ 2016 წელს მართლაც ევროპული სტანდარტის არჩევნები იმისათვის, რომ საქართველო გახდეს მართლაც ევროპული პოლიტიკური კულტურის ქვეყანა.
 
უდავოა, რომ არჩევნების ლეგიტიმურობასთან და სამართლიანობასთან დაკავშირებით არ უნდა დაისვას კითხვები როგორც საზოგადოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების თუ დამკვირვებლების მხრიდან.
 
ჩვენ შეიძლება მივიღოთ ის, რასაც წლების განმავლობაში ვიღებდით, რასაც წლების განმავლობაში ვამბობდით, რომ არჩევნების შედეგად მოგებული უნდა იყოს არა მხოლოდ ესა თუ ის პოლიტიკური ძალა, არამედ მოგებული უნდა იყოს საზოგადოება და ქვეყანა. ჩვენი მიზანი არჩევნების ჩატარების თვალსაზრისით უნდა იყოს ის, რომ მოიგოს ამომრჩეველმა და მანვე განსაზღვროს რომელი პოლიტიკური ძალა მართავდეს ქვეყანას.   
 
ევროპული პოლიტიკური კულტურის გაღრმავების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი მდგომარეობს პოლიტიკურ პარტიებთან, ოპონენტებთან დამოკიდებულებაში.
 
ბუნებრივია, პოლიტიკური კონკურენცია და დაპირისპირება არის ის, რაც აცოცხლებს და სისხლსავსეს ხდის პოლიტიკურ ცხოვრებას. მაგრამ დაპირისპირება უნდა იყოს არა  მტრებთან, არამედ ოპონენტებთან, მოწინააღმდეგეებთან. მიზანი უნდა იყოს არა განადგურება, არამედ გამარჯვება. ეს არის ევროპული პოლიტიკური კულტურა და  ამ ჭრილში უნდა ვიმოქმედოთ მომავალშიც.
 
არჩევნების კონტექსტზე საუბრისას არ შემიძლია არ შევეხო საარჩევნო სისტემის ცვლილებას. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო დამენახა ის კონსენსუსი, რომელიც შედგა პოლიტიკურ ძალებს შორის, თუ რა არის  საუკეთესო  და ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე სასარგებლო საარჩევნო სისტემა.

speqtri.jpg

აქ საუბარი იყო მაჟორიტარული სისტემის შეცვლაზე. ჩემთვის შთამბეჭდავი იყო, რომ პარლამენტის დეპუტატებმა ხელი მოაწერეს ამ ცვლილების ფაქტობრივად ერთიან ხედვას, თუმცა განსხვავება დღეს მდგომარეობს იმაში, რომ პოლიტიკური სპექტრი გაყოფილია იმ თვალსაზრისით, რომ ერთს მიაჩნია, რომ ასეთი ტიპის სისტემა უნდა  დაფუძნდეს 2016 წელს, მეორე ნაწილი კი თვლის, რომ 2020 წელს უნდა განხორციელდეს. 
 
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ არა მხოლოდ 2016, არამედ 2017 და 2018 წლები საარჩევნოა. შესაბამისად, ის ცვლილებები, რომლებიც ამ თვალსაზრისით გასატარებელია, დღესვე უნდა გავითვალისწინოთ, რათა საარჩევნო რეფორმები მუდმივად ფორსმაჟორის რეჟიმში არ ტარდებოდეს.
 
საარჩევნო რეფორმების დაწყება აუცილებელია დღესვე, რომ 2017 წელს არ ვიყოთ ისევ ფორსმაჟორული გადაწყვეტის რეჟიმში.
 
აქვე, როდესაც ვსაუბრობთ მომავალი წლის არჩევნებზე, უნდა ვისაუბროთ დემოკრატიული ინსტიტუტების ისეთ მნიშვნელოვან სეგმენტზე, როგორიც არის თვითმმართველობა.
 
თვითმმართველობა რეალურად არის დემოკრატიული პროცესის გარანტი ქვეყანაში. როდესაც დემოკრატიულია ქვეყანა, დემოკრატიულია პატარა სოფელშიც და დედაქალაქშიც, როგორც საკრებულოს, ისე პარლამენტის დონეზე.
 
შესაბამისად, თვითმმართველობებისთვის უფრო მეტი უფლებების მიცემა, მეტი პასუხისმგებლობების მინიჭება, მათი უფრო დემოკრატიულ სისტემად აშენება არის ჩვენი პოლიტიკური მიზანი, რომელიც ასევე უნდა დაიწყოს დღეს, რადგან 2017 წელს იქნება თვითმმართველობის არჩევნები.
 
თვითმმართველობის რეფორმა უნდა გაგრძელდეს. ადგილობრივ მმართველობებს უნდა გადაეცეთ რეალური ძალაუფლება.
 
როდესაც საუბარია არჩევნებზე, შეუძლებელია არ ვისაუბროთ მასმედიაზე. მედია უმნიშვნელოვანესი ნაწილია, როგორც პოლიტიკური ცხოვრების, ისე გადამწყვეტად მნიშვნელოვანია საარჩევნო წელს და გადამწყვეტად მნიშვნელოვანია, რომ ის იყოს თავისუფალი და მიუკერძოებელი და აძლევდეს ყველა პოლიტიკურ ძალას  თავისი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობას.
 
ჩვენი ვალია უზრუნველვყოთ და დავიცვათ სიტყვის, გამოხატვისა და მედიის თავისუფლება. თავისუფალი მედია ხელშეუვალია.

media.jpg

დღეს საქართველოში გვაქვს ფართო მედიასპექტრი. რაც მნიშვნელოვანწილად საქართველოს მოქალაქეების, ჩვენი ბუნებრივად თავისუფლებისმოყვარეობის და ჩვენი ბუნებრივი დემოკრატიულობიდან გამომდინარეობს.
 
ამისთვის იბრძოდნენ ჩვენი მოქალაქეები. ეს მრავალფეროვნება აუცილებელია ჩვენთვის, პოლიტიკოსებისთვისაც, რადგან მოგვეცეს შესაძლებლობა ვესაუბროთ ხალხს.
 
ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც ამ თვალსაზრისით შეგვიძლია განვახორციელოთ, მდგომარეობს ჩვენი, როგორც პოლიტიკოსების თვითშეზღუდვაში, რომ არ მოვახდინოთ მედიის სარედაქციო პოლიტიკის  შეფასება. რა თქმა უნდა, ეს კანონით არ არის შეზღუდული, მაგრამ ეს არის ევროპული პოლიტიკური ტრადიცია და ასე ჩვენ უფრო გავაძლიერებთ დამოუკიდებელ მედიას.
 
გასული წლის განმავლობაში არა ერთი პირის, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მხრიდან, გავრცელდა ინფორმაცია მათ მიმართ უკანონო თვალთვალის და პირადი ცხოვრების კადრებით ზეგავლენის მოხდენის მცდელობის შესახებ.
 
ეს გარემოება კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დასაცავად ჯერ კიდევ გადასადგმელია როგორც პრაქტიკული, ასევე სისტემური ნაბიჯები და კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩემს მიერ დადებული და თქვენს მიერ დაძლეული ვეტო მოსმენების კანონთან დაკავშირებით.
 
მინდა ხაზი გავუსვა იმ პოზიტიურ განჩინებას, რომელიც შარშან ჩვენ მოვისმინეთ საკონსტიტუციო სასამართლოსგან წინასწარი პატიმრობის კონსტიტუციით დადგენილ ცხრათვიან ვადასთან დაკავშირებით განმარტა და გახადა ჩვენი სამოქმედო კანონი.
 
თუმცა, რაც შეეხება წინასწარ პატიმრობას, ამ თვალსაზრისით, პროცესი გასაღრმავებელია. ჩვენ უნდა მოვახერხოთ და ერთად დავაფუძნოთ ისეთი სისტემა, რომელიც იქნება ახლო და ადექვატური ევროპული სტანდარტების, იქნება ერთგვაროვანი და ევროპულ მიდგომასთან მიახლოებული.
 
წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ სისტემურ დანაშაულთა შესახებ ჩვენ გვქონდა ამ საკითხის გამოკვლევის მცდელობა, ვსაუბრობ ძალადობრივ დანაშაულზე და გავარკვიეთ, რომ საქართველოს პროკურატურის მიერ 124 პირი იდევნება.
 
რას ნიშნავს 124 პირი, ეს კითხვა მნიშვნელოვანია ქართული საზოგადოებისთვის. რადგან ნათლად ვხედავთ თუ არა, რომ სისტემურ დანაშაულს გაეცა სისტემური პასუხი?! ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერ კიდევ არსებობს კითხვები. ბუნებრივია, ერთად უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ჩვენი მოქალაქეები იყვნენ გარანტირებულნი, რომ ადამიანები, რომლებიც ამ ძალადობრივ დანაშაულს, ამ სადიზმს სჩადიოდნენ, ან იდევნებიან ან მათ მიმართ უკვე დამდგარია განაჩენი.
 
მინდა ვისაუბროთ კიდევ ერთ მწვავე პრობლემაზე. 2012 წელს ჩვენ განვაცხადეთ, რომ სახელმწიფოს ჰყავდა პოლიტპატიმრები და პატიმრობიდან გავათავისუფლეთ ეს ადამიანები.

sistemuri-danashauli.jpg

შესაბამისად, დღეს ჩვენ ვალდებული ვართ თითოეულ ასეთ ადამიანს მივცეთ სამართლიანი სასამართლოს უფლებით სარგებლობის  შესაძლებლობა.
 
გაათავისუფლო ადამიანი, უთხრა მას, რომ ხარ პოლიტპატიმარი და არ მისცე შესაძლებლობა ამტკიცოს თავის უდანაშაულობა თავისთავად ალოგიკური და აბსურდულია.
 
2014 წელი შემზარავი იყო ქალებზე ძალადობის თვალსაზრისით, გარკვეულწილად, მაშინ ამან მიბიძგა 2015 წლის ქალთა წლად გამოსაცხადებლად და ჩვენ ამ მიმართულებით მთავრობასთან და პარლამენტთან ერთად სერიოზული ნაბიჯები გადავდგით.
 
პარლამენტშიც რეგისტრირებულია კანონი კვოტირების თაობაზე, რომელსაც დღესაც ხაზგასმით მხარს ვუჭერ. ქალის წლის შეჯამებისას მე სამი ქართველი ქალი გამოვარჩიე და დავაჯილდოვე: მარო მაყაშვილი, ირინე ენუქიძე და ნონა გაფრინდაშვილი. რა თქმა უნდა, შეიძლება თქვან, რომ ამას მხოლოდ სიმბოლური მნიშვნელობა აქვს.
 
მაგრამ მინდა გითხრათ, რომ იმ ადამიანებს, რომლებსაც გამოყოფ, რომელთა ცხოვრების ღვაწლსაც გამოყოფ, აქვთ მნიშვნელოვანი გავლენა საზოგადოებაზე და მე იმედი მაქვს, რომ ამ სამი ადამიანის ღვაწლი, მათი ღვაწლის ხაზგასმა გავლენას მოახდენს ჩვენი საზოგადოების ღირებულებების გაღრმავებაზე.
 
ბუნებრივია ჩვენში არამხოლოდ ქალების მიმართ ხორციელდებოდა  ძალადობა. ძალადობა არსებობს საერთოდ საზოგადოებაში, მაგრამ ეს ძალადობა ერთობლივად უნდა დავთრგუნოთ.
 
იმისთვის, რომ დათრგუნო რეალური ძალადობა, რეალური აგრესია, პირველ რიგში უნდა დათრგუნო ის, რაც იწვევს ამ აგრესიას. მიუღებელი უნდა იყოს საზოგადოებისათვის არამხოლოდ აგრესია,არამედ ყველაფერი ის, რაც იწვევს მას- შეუწყნარებლობა , დისკრიმინაცია, სტიგმატირება ან გულგრილობა.
 
ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციის თითოეულ  შემთხვევაზე სათანადო რეაგირება. ამ სათანადო რეაგირებას ბუნებრივია, უნდა ახდენდნენ სამართალდამცავი სტრუქტურები, მაგრამ ამით საკითხი არ გადაწყდება.
 
აქაც საზოგადოება და სამართალდამცავი სტრუქტურები ისევე როგორც პოლიტიკური და საზოგადოებრივი ჯგუფები ერთ პოზიციაზე უნდა იდგნენ.
 
საჭიროა საზოგადოებრივი აზრის ერთობლივად შექმნა, რომ არაჰუმანური საქციელი, სხვის მიმართ დაჩაგვრის პოზიცია,  არა მარტო კულტურულად მიუღებელია, არამედ აბსოლუტურად უცხოა ჩვენი ბუნებისათვის, იმისთვის რასაც ჩვენ ჩვენს წარსულს, ჩვენს იდენტობას ვარქმევთ და ამაზე ძალიან ხმამაღლა შეგვიძლია საუბარი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ განსხვავებულთა ერთობა საქართველოს, როგორც ჩვენი საერთო სახლის შენების აუცილებელი პირობაა.
 
გასული წლის მსგავსად, მსურს კვლავ გავამახვილო ყურადღება ბავშვთა უფლებების დაცვის აუცილებლობაზე, რადგან დღეს საქართველოში ათასობით ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს.
 
უმნიშვნელოვანესია დევნილთა დასაქმება და განსახლება, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული საცხოვრებელი გარემოს შექმნა, ხანდაზმულთა და უსახლკარო პირთა უფლებების დაცვა.
 
ვეტერანების სოციალური მხარდაჭერა, ჯანმრთელობის რეაბილიტაციისა და დასაქმების საკითხები განსაკუთრებული ყურადღების ღირსია.
 
ეს მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, როგორც პოლიტიკური, ჰუმანური და ისტორიული თვალსაზრისით, იმიტომ რომ თითოეული ჩვენთაგანი ფასდება, როგორც ადამიანი, რამდენად შეძლო ამ ადამიანმა სხვა ადამიანისთვის ცხოვრების შემსუბუქება, სხვა ადამიანისთვის ყურადღების მიქცევა და ასევე ჯამურად, საზოგადოება, ქვეყანა, მისი ადგილი ცივილიზაციის რუკაზე აქედან გამომდინარე ფასდება.
 
ამ თვალსაზრისით, შემიძლია ვთქვა, რომ ქართული საზოგადოება განსაკუთრებულია, არა მარტო გაჭირვების წლებში არამედ შემდეგაც.
 
ათობით, ასობით, ათიათასობით ადამიანი, რომელსაც შეიძლება ძალიან ბევრი არ გააჩნდა უყოფდა ბოლო შესაძლებლობებს თავის მეზობლებს, მეგობრებს და ათიათასობით ადამიანი გადაარჩინა იმ მძიმე წლებში და დღესაც ეხმარება, იმისთვის რომ მათ არ დაკარგონ ღირსება, არ დაკარგონ ჯანმრთელობა და არ დაკარგონ სიცოცხლე.
 
თითოეული ასეთი, შეიძლება  უპოვარი, მაგრამ ქველმოქმედი ადამიანი ქმნის ქართული საზოგადოების სიძლიერეს. მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ  ასეთი ადამიანების გვერდით სხვა საქველმოქმედო ინიციატივების გვერდით, ყოველთვის ვიქნები პარტნიორი და ყოველთვის დავეხმარები ნებისმიერ ასეთ ინიციატივას და თანამომაწილე ვიქნები იმ უმნიშვნელოვანესი პროცესისა, რომელიც გულისხმობს ჩვენს მიერ ერთმანეთისთვის ცხოვრების შემსუბუქებისა და ცხოვრების გატანის თვალსაზრისით.
 
გზა ქვეყნის დამოუკიდებლობიდან თავისუფლებამდე თითოეული მოქალაქის თავისუფლებაზე გადის.
 
თავისუფლება თავის მხრივ არ არსებობს საკუთარი თავის, თანამოქალაქეთა და ქვეყნის წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე.
 
ეს პასუხისმგებლობა გულისხმობს მოქალაქეთა თანხმობას იმ ფუნდამენტურ ღირებულებებზე, რომლებზეც თავისუფალი და განვითარებული სახელმწიფო შენდება;
 
არის რაღაც ღირებულებები რაზეც უნდა ვიყოთ შეთანხმებული, ეს შეთანხმება არ არის იძულება, ეს შეთანხმება არის თანხმობა თავისუფალი ადამიანებისა, რომ შექმნან, გააძლიერონ და განამტკიცონ თავისი თავისუფალი სამშობლო.
 
ეს თავისუფლება გულისხმობს ზრუნვას და შრომას კეთილდღეობისა და მშვიდობისათვის, თანასწორობისა და დემოკრატიის გაძლიერებისათვის.
 
თავისუფალი სახელმწიფო ვერ შედგება აქტიური მოქალაქის გარეშე, მოქალაქის, რომელიც მონაწილეობს პოლიტიკურ პროცესებში როგორც ამომრჩეველი, როგორც ხელისუფლების,  ან როგორც საზოგადოების წევრი.
 
ეს ქვეყანა ყველა ჩვენგანს ერთნაირად გვეკუთვნის. მისი მომავალი დღეს ჩვენ უნდა შევქმნათ. ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობებს, შეცდომებსა და წარუმატებლობას ვერავის ვერ გადავაბრალებთ და ვერ ვიმართლებთ თავს ვერც დღევანდელობასთან და ვერც მომავალთან.
 
უნდა გვახსოვდეს დღეს აქ ვდგევართ და ვქმნით არა მარტო აწმყოს, არამედ მომავალსაც.
 
ღმერთი ფარავდეს საქართველოს!