2017 წლის საპარლამენტო მოხსენება
საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის ყოველწლიური საპარლამენტო მოხსენება
მოგესალმებით ბატონო პრემიერმინისტრო,
მინისტრებო,
ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ,
პატივცემულო დეპუტატებო,
ქალბატონო უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარევ,
ბატონო საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარევ,
მივესალმები აჭარის და აფხაზეთის მთავრობებს,
მივესალმები დიპკორპუსს,
მივესალმები საზოგადოებას!
გილოცავთ ხარების ბრწყინვალე დღესასწაულს!
გასული წლის ნოემბერში ახალ პარლამენტს მივმართე და მაშინ მოხსენებით შევეხე ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. მაშინ მოგახსენეთ, რომ ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის შექმნა აჩენდა ძალაუფლების კონცენტრაციის საფრთხეს, მაგრამ ამავდროულად აჩენდა თამამი რეფორმებისა და ინიციატივების შესაძლებლობებსაც.
რა მივიღეთ რეალურად ხუთი თვის თავზე?
სავარაუდო საფრთხე იქცა სერიოზულ პრობლემად, ხოლო რეფორმების დინამიკა არაა შთამბეჭდავი.
სამწუხაროა, რომ მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ პრაქტიკულად უარი თქვა დიალოგზე და ჩაიკეტა საკუთარ თავში. ამ ფონზე მივესალმები დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომ პარლამენტში ჩატარდეს დებატები.
მე არაერთხელ მითქვამს არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, რომ საქართველოს ყველა მოქალაქის სამსახურში ვარ და ყველა ამომრჩევლის პრეზიდენტი ვარ. ზუსტად ასევე - თქვენც, პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ყველას მინისტრები და მთლიანად საქართველოს პარლამენტი ხართ, და მე ველოდები იმ დროს, როდესაც გამარჯვებული ძალა დაიწყებს მოკავშირეების და არა მტრების ძებნას, რადგან მჯერა, რომ ყველაზე მაღალი ამბიცია, რაც შეიძლება პოლიტიკოსს ჰქონდეს, ეს ქვეყნისა და საზოგადოების გამთლიანებაა. ამიტომ, არაერთხელ მოგიწოდეთ დიალოგისკენ, ინსტიტუციური თანამშრომლობისკენ.
სწორედ ამ სულისკვეთებით, სულ ახლახანს მე დავიწყე კამპანია “კონსტიტუცია ყველასია”, იმისთვის, რომ ქართული საზოგადოების ფართო ფენები აქტიურად ჩაერთონ კონსტიტუციური ღირებულებების განხილვასა და თანხმობის ძირითადი პრინციპების ჩამოყალიბებაში. იმედი მაქვს, რომ ასეთი დისკუსიები უფრო გააერთიანებს ჩვენს საზოგადოებას, ხალხის ხმა კი უფრო გასაგები გახდება.
ამ შეხვედრებზე ცხადად ჩანს, რომ ჩვენს საზოგადოებას აქვს ბევრი საინტერესო მოსაზრება ქვეყნის მოწყობის ძირითად პრინციპებთან დაკავშირებით. საკონსტიტუციო კომისიის წევრებს მოგახსენებთ, რომ ხალხს უნდა მეტი დემოკრატია, თვითმმართველობის არა შესუსტება, არამედ გაძლიერება; განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაოობა; მეტი არჩევითი თანამდებობა და ამ თანამდებობის პირთა ანგარიშვალდებულების გაზრდა, საზოგადოების მხრიდან კონტროლის მექანიზმების გაძლიერება; საზოგადოებას სურს მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში და კატეგორიული ასახვა კონსტიტუციაში იმ სოციალური დაცვის შესაძლებლობების, რომლებიც ეხება მათთვის მტკივნეულ საკითხებს. არ შეიძლება ხალხს წავართვათ პრეზიდენტის პირდაპირ არჩევის უფლება. პრეზიდენტის არჩევის წესი დღევანდელი, ან ხვალინდელი პრეზიდენტის, დღევანდელი, ან ყოფილი პრემიერის სურვილებზე კი არ უნდა იყოს დამოკიდებული, არამედ ხალხის საჭიროებებზე, რეალურად დაბალანსებულ კონსტიტუციაზე!
გუშინ საზოგადოებასთან შეხვედრისას ნათლად დაფიქსირდა ქუთაისის მოსახლეობის სურვილი, რომ პარლამენტი დარჩეს ქუთაისში და ცხარე კამათის მიუხედავად, მე მათ დავპირდი, რომ ამ სურვილს დღეს აქ დავაფიქსირებდი.
ჩვენს საზოგადოებას სჭირდება ეროვნული ერთიანობის განცდა, თანადგომა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებაში თანამონაწილეობა.
ამიტომ, მოვუსმინოთ ხალხს!
და, თუ მოვუსმენთ, მაშინ ცხადი გახდება, რომ მოქალაქეთა რეალური და მწვავე პრობლემები კვლავ გადაუჭრელი რჩება; რომ, ჯერ კიდევ ვერ ავაშენეთ ისეთი სახელმწიფო, სადაც არცერთი ადამიანი იცხოვრებს ქუჩაში; ქუჩაში არ იცხოვრებენ და იმუშავებენ მცირეწლოვნები; სადაც ათობით ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში არ იქნება; სადაც მოხუცებს არ ექნებათ უმწეობის განცდა; სადაც არავის შია და არავის სცივა.
სამუშაო ადგილები, სიღარიბე, ფასების ზრდა, მწირი პენსიები და ლარის არასტაბილურობა - სწორედ ეს არის ის პრობლემები, რაც ყველაზე მეტად აწუხებს საზოგადოებას და, რაც ყოველგვარი კვლევის გარეშე თვალსაჩინოა.
დღეს იმედიანად აღვნიშნავთ, რომ წლის დასაწყისიდან - იანვარ-თებერვლიდან თვისობრივად გაუმჯობესებულია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი. იმედს გამოვთქვამ, რომ ეს ტენდენცია მთავრობისა და პარლამენტის, ეროვნული ბანკისა და სხვა აქტორების აქტიური ჩართულობით მომავალშიც შენარჩუნდება.
თუმცა, ეკონომიკის, ან ინვესტიციების ზრდა არაფრისმთქმელ სტატისტიკურ მონაცემად დარჩება, თუ არ მოხდება ისედაც მწირი რესურსის და დოვლათის ეფექტიანი გადანაწილება, სამუშაო ადგილების შექმნა. სამწუხარო რეალობაა, რომ საქართველოში ინვესტიციების ზრდის პირდაპირპროპორციულად არ იქმნება სამუშაო ადგილები. ხშირია შემთხვევა, როდესაც ინვესტორებს უცხოელი მუშახელი ჩამოყავთ, ადგილობრივი კადრების კვალიფიკაციის ნაკლებობის გამო.შესაბამისად, იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციებიდან მეტი სარგებელი მივიღოთ, საჭიროა ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი პროფესიული განათლება ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტად ვაქციოთ.
მუშახელის დაცულობა და უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფა, რაც აწუხებს ჩვენს მოსახლეობას, საკანონმდებლო დონეზე მოგვარებადია. არ ვგულისხმობ შრომის ბაზრის მკაცრ რეგულირებას, თუმცა შრომის უსაფრთხოების მინიმალური სტანდარტების დაწესება მართლაც აუცილებელია.
ბოლო ხანს შესამჩნევია ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციაც, რაც, მათ შორის, მთავრობისა და ეროვნული ბანკის წარმატებული ერთობლივი მუშაობის შედეგია. თუმცა, აქვე გვერდს ვერ ავუვლით მაღალ ინფლაციურ ფონს, რაც უმძიმესი ტვირთია მოსახლეობისთვის და კერძო სექტორიც ორმაგი წნეხის ქვეშაა, რადგან, ერთი მხრივ, ძვირდება წარმოება, ხოლო მეორე მხრივ, იკლებს პროდუქტის რეალიზაცია.
ამ ფონზე, ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ ეკონომიკა, მეწარმეობა, სახელმწიფოს ფუნქციონირების საფუძველია. შესაბამისად, მეწარმეებისთვის პირობების შექმნა, ხელისუფლების არა კეთილი ნება, არამედ საღი აზრის გამოვლინებაა. ხელისუფლება ბიზნესთან კონსულტაციებს, თანამშრომლობას, ხელის შეწყობას უნდა აღიქვამდეს არა როგორც პრეროგატივას, არამედ ვალდებულებას! მეტიც - უნდა აღიქვამდეს თავისივე გადარჩენისა და ფუნქციონირების წინაპირობად; და, თუ ჩვენ ეს ჭეშმარიტება კარგად გვესმის, მაშინ ეკონომიკური რეფორმების შემუშავება და დანერგვა, ბიზნესთან კონსულტაციებით უნდა მიმდინარეობდეს!
მაშინ, სამუშაო ადგილების შემქმნელი სექტორის მხარდაჭერა, სახელმწიფოს სტრატეგიული მიზანი უნდა იყოს!
მაშინ, უნდა ამუშავდეს კერძო არბიტრაჟი, როგორც ბიზნესდავების განხილვის ეფექტიანი და ალტერნატიული საშუალება!
მაშინ, კერძო და სახელმწიფო სექტორი ერთიანი ძალისხმევით უნდა მოქმედებდეს! კერძოდ კი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ბიზნესის დაჯარიმების გზით არა მის შესუსტებაზე, არამედ ბიზნესთან პარტნიორობასა და მეწარმეების მხრიდან დარღვევების თავიდან აცილებაზე უნდა იყოს ორიენტირებული.
მოუსმინოთ მათ, ვინც ქმნის ქვეყნის დოვლათს!
პარალელურად, ხაზგასასმელია სახელმწიფოს როლი ქვეყანაში კონკურენტული გარემოს შენარჩუნების კუთხით, რაც მთლიანობაში ძლიერი ეკონომიკის წინაპირობაა.
თვალი გავუსწოროთ ბოლოდროინდელ ტენდენციას, როდესაც მსხვილი ბიზნესი კიდევ უფრო მსხვილდება, შედარებით მცირე ბიზნესის შესყიდვა-შერწყმის ხარჯზე. ეს განსაკუთრებით თვალსაჩინოა საფინანსო სექტორში, სადაც არაპროფილური მიმართულების მქონე კომპანიები ჰოლდინგებში ერთიანდებიან და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში ბაზრის კონტროლისკენ მიილტვიან. ასეთ პირობებში მცირე და საშუალო ბიზნესი ვერ გაძლიერდება, ვერც უმუშევრობის პრობლემა გადაიჭრება.
ამ პირობებში, მომხმარებელთა უფლებები დაუცველია ფასწარმოქმნის ნაწილშიც. ამიტომ, საჭიროა კონკურენციის კანონის უფრო ქმედითად ფორმულირება, აღსრულება და კონკურენციის სააგენტოს უფრო გააქტიურება.
გასაგრძელებელი და გასაღრმავებელია ის პოზიტიური პროექტები, რომელიც საქართველოს მთავრობა ახორციელებს - „აწარმოე საქართველოში“, „სტარტაპ საქართველო“, „დანერგე მომავალი“ და სხვა. მათ შორის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსხვილი ინსფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც მომავალში ქვეყნის სატრანზიტო, ლოგისტიკურ და ტურისტულ პოტენციალს გაზრდის.
ვფიქრობ, ასევე თამამი ნაბიჯი იქნებოდა, კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც გრძელვადიან და ალტერნატიულ ფულად რესურსს გააჩენდა კერძო სექტორის გასაძლიერებლად. ამასთანავე, საპენსიო რეფორმის დროული განხორციელება, ამ სტრატეგიას უფრო ეფექტიანს გახდიდა.
ქვეყნისათვის გადამწყვეტია ეროვნული წარმოების მეტად სტიმულირება. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩემს მიერ დაწყებული კამპანია “მოითხოვე ქართული”, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნას და ეროვნული ვალუტის გაძლიერებას.
ამ პროექტის ფარგლებაში, ეროვნული წარმოების პოპულარიზაციის პარალელურად, ჩვენ შევქმენით დაგროვების ბარათი, რომელზეც მომხმარებელს ქულები ქართული პროდუქციის შეძენისას დაერიცხება. ამ ბარათის პირველი მფლობელები დღეს თქვენ გახდებით - ასე რომ, მოგიწოდებთ “მოითხოვეთ ქართული”!
ზემოთ ჩამოთვლილი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების მოგვარება, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის. მათი გადაწყვეტა გადაჯაჭვულია ევროპული ინტეგრაციის პროცესთან. ამ მხრივ კი, ჩვენ ნამდვილად წინ გადავდგით ნაბიჯები.
გასული წლის პირველი ივლისიდან ამოქმედდა ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები, ძალაში შევიდა შენგენის ზონაში უვიზო მოკლევადიანი მიმოსვლის რეჟიმი.
მაგრამ ჩვენ მიღწეულით არ უნდა დავკმაყოფილდეთ! საქართველოს დეკლარირებული და საბოლოო მიზანი ევროპულ სახელმწიფოთა ისტორიულ ოჯახში დაბრუნებაა. იგივეს ადგენს გასული წლის 29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის რეზოლუცია ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესახებ. მივესალმები რეზოლუციის სულისკვეთებასა და მიზნებს.
ამიტომ, უნდა დავიწყოთ აქტიური მუშაობა ევროკავშირის აპლიკანტ სახელმწიფოდ ჩამოსაყალიბებლად. ამისათვის საჭიროა დემოკრატიის გაძლიერება, ინსტიტუტების მდგრადობა, ადამიანის უფლებათა დაცვა, კანონის უზენაესობა, ეკონომიკის განვითარება და რეალურად მოქმედი ევროპული სამართლებრივი სისტემის შექმნა.
საგარეო-პოლიტიკურ ამოცანად რჩება ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის გაფართოება და ამ მიმართულებით ახალ პროექტებში მეტი სახელმწიფოს ჩართვა, რაც საქართველოს უსაფრთხოების და კეთილდღეობის გარანტიაა!
საგარეო პოლიტიკის მიზანია უზრუნველვყოთ მეგობარ ქვეყანათა მეტი ჩართულობა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში და მაქსიმალურად გამოვიყენოთ ბალტიის, სკანდინავიის, ვიშეგრადის ჯგუფისა და მეგობარ ქვეყნებთან თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი. დღეს, თეთრი სახლის ახალი ადმინისტაციის პირობებში, უმნიშვნელოვანესია ქართული პრობლემატიკის კიდევ უფრო გააქტიურება და ვაშინგტონის რადარებზე აქტიურად ასახვა.
თანამშრომლობისა და პარტნიორებთან აქტიური პოლიტიკის წარმატებული მაგალითია არაღიარების პოლიტიკა, რომელსაც ქართული სახელმწიფო და პარტნიორები წარმატებით ვახორციელებთ. ამ წარმატების საპასუხოდ, რუსეთის ფედერაცია დგამს ნაბიჯებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მიმართულებით. ამიტომ, ისევე როგორც არაღიარების პოლიტიკის შემთხვევაში, ჩვენ მეგობარ სახელმწიფოებთან აქტიური ჩართულობით უნდა შევქმნათ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანტიანექსიური პოლიტიკა და გადავდგათ შეთანხმებული ნაბიჯები ანექსიის თავიდან ასაცილებლად.
ამავე დროს, არ შეიძლება დღესვე უმწვავესი რეაქცია არ გვქონდეს ახალი გამყოფი ხაზებისა და მავთულხლართების გავლების პოლიტიკაზე, გალის რაიონის სკოლებში ქართულენოვანი სწავლების შეზღუდვაზე, ადამიანების გატაცებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე კულტურული ძეგლების ხელყოფის ფაქტებზე. ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან თემებზე ყველა ერთიანი უნდა ვიყოთ!
აქვე, მინდა მივმართო ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს - ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ბერლინის კედელი დაინგრეოდა და გაერთიანებული გერმანიის ლიდერი, აღმოსავლეთ გერმანიის მკვიდრი გახდებოდა. იმედი მაქვს, დადგება დრო, როდესაც საქართველოში ხელოვნურად აღმართული კედლებიც დაინგრევა და ერთიანი საქართველოს ლიდერი, კედლის მიღმა მცხოვრები საქართველოს მოქალაქე გახდება. დადგება დრო, როდესაც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან გახლეჩილი საზოგადოება გაერთიანდება, როდესაც ქართველები, აფხაზები, ოსები შევძლებთ ვიპოვოთ ის გამაერთიანებელი, რომლითაც დევნილები უკან უსაფრთხოდ დაბრუნდებიან.
დაცული მოქალაქე, დაცული საზოგადოება, დაცული სახელმწიფო - არის სახელმწიფოებრიობის ქვაკუთხედი! სახელმწიფოს უსაფრთხოება იწყება იმ განცდიდან, რომელიც აერთიანებს საზოგადოებას როგორც ტერიტორიის, ისე მისი ღირებულებებისა და ინტერესების, ცხოვრების წესის ირგვლივ. სწორედ ეს თანხმობა აყალიბებს უნარს შევეწინააღმდეგოთ დამპყრობელს.
თანამედროვე გამოწვევების, საფრთხეების და, ასევე რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები და მთლიანად საზოგადოება ქვეყნის უსაფრთხოების ერთიან ხედვასთან დაკავშირებით გავერთიანდეთ. სწორედ ეროვნული უსაფრთხოების ერთიანი მიდგომის ჩამოსაყალიბებელად დავავალე ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატს დაეწყო საჯარო დისკუსიები. ამ დისკუსიის შედეგად ჩვენ შევთანხმდებით ეროვნული უსაფრთხოების ერთიან მიდგომაზე, რომლის განხორციელება სახელმწიფოს, შეიარღებულ ძალებს და საზოგადოებას, ერთიან თავდაცვით სისტემად აქცევს. ეროვნული უშიშროების საბჭო არის ის კონსტიტუციური ორგანო, სადაც განვიხილავ საბჭოს აპარატის მიერ შესრულებულ დავალებას და საბჭოს წევრებთან ერთად ვითათბირებ ქვეყნის უსაფრთხოებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების შესახებ.
პარალელურად, უნდა განახლდეს ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების კონცეფცია, შემუშავდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია და დაიხვეწოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემა.
გასულ წელს ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მხარი დავუჭირე თავდაცვის სამინისტროში განსახორციელებელ რეფორმებს. რეფორმების განხორციელებაში და თავდაცვისუნარიანობის აღმშენებლობაში გვეხმარება ამერიკის შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა“ და ნატოს მიერ მხარდაჭერილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი.
ძლიერ პროფესიულ არმიასთან ერთად, ქმედუნარიანი სამხედრო რეზერვისა და მობილიზაციის სისტემა, თავდაცვისუნარიანობის მნიშვნელოვანი შემადგენელია. ჩვენ განვიხილეთ თავდაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „სამხედრო ძალების რეზერვის განვითარებისა და მართვის კონცეფცია”. მიმაჩნია, რომ კონცეფცია მხარდასაჭერია და დაიმსახურებს საზოგადოების ნდობას.
სწორედ რეზერვისა და მობილიზაციის განახლებული კონცეფციის ჭრილში ვხედავ სამხედრო სავალდებულო სამსახურის აღდგენის საკამათო საკითხის საბოლოო გადაწყვეტას. მივესალმები განახლებულ მიდგომას, როდესაც თითოეული ახალწვეული გაივლის საწყისი საბრძოლო მომზადების სამთვიან კურსს; მაგრამ მიმაჩნია, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახური მხოლოდ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას უნდა ემსახურებოდეს და, ამიტომ სხვა სახელმწიფო უწყებებმა, იმ ფუნქციების განსახორციელებლად, რომლებსაც დღეს წვევამდელები ახორციელებენ, უნდა გამონახონ ალტერნატიული რესურსები.
კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ქართველ მებრძოლებს და მათ ოჯახებს სამშობლოს სამსახურში თავდადებისთვის. ქართველი ჯარისკაცი აძლიერებს ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს და მის იმიჯს, და არის ერთიანი, ძლიერი, თავისუფალი სახელმწიფოს გარანტი. ქართველი მებრძოლის ღვაწლი შეუფასებელია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე.
ნატოს ვარშავის სამიტზე პრიორიტეტედ შენარჩუნდა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსეპქტივა, ასევე საქართველო შავი ზღვის უსაფრთხოების სტრატეგიული დიალოგის მონაწილედ მიიწვიეს. შავი ზღვის უსაფრთხოება საქართველოში იწყება. უსაფრთხო შავი ზღვა კი, რეგიონში ეკონომიკური თანამშრომლობის და გრძელვადიანი მშვიდობის წინაპირობაა. სწორად ამიტომაა აუცილებელი საქართველოს აქტიური ჩართულობა, შავ ზღვაზე უსაფრთხოების არქიტექტურის მშენებლობაში. მომავალი ბრიუსელის სამიტის ფორმატიდან გამომდინარე, საქართველო სამიტზე არ იქნება წარმოდგენილი. მივმართავ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნების ხელმძღვანელებს და მათ წარმომადგენლებს ჩვენს ქვეყანაში - პატივცემულ ელჩებს: იყავით ჩვენი ხმა ნატოს მომავალ სამიტზე - ევროპული უსაფრთხოება, მათ შორის, საქართველოს და შავი ზღვის უსაფრთხოებით განისაზღვრება!
პოლიტიკოსებს გვყავს მხარდამჭერები, მაგრამ გვყავს კრიტიკოსებიც. დემოკრატიული სახელმწიფოს აქსიომაა, რომ კრიტიკოსებს ჰქონდეთ თავიანთი შეხედულების მტკიცების უფლება როგორც საჯაროდ, ასევე სამართლებრივად. სწორედ ასე მთლიანდება საზოგადოება - სხვისი პოზიციის მოსმენის უნარით და ობიექტურ სამსჯავროზე სამართლის პოვნის იმედით.
სასამართლო სისტემა ჩემი მუდმივი ზრუნვის საგანია. მოსამართლეთა მეტი დაცულობა და დამოუკიდებლობა, სასამართლო სისტემის მეტი დემოკრატიულობა, ჩემი არა ერთი პოლიტიკური განცხადების, თუ ნაბიჯის საფუძველი გახდა. თუმცა, ამ პროცესის მთავარი აქტორები თავად მოსამართლეები უნდა იყვნენ. ბრძოლა სასამართლოს თავისუფლებისთვის უნდა მიმდინარეობდეს თითოეულ სასამართლოში, თითოეულ დარბაზში, მოსამართლის კაბინეტსა, თუ სათათბირო ოთახში; ეს ტვირთი ყველამ უნდა აიღოს საკუთარ თავზე. სამწუხაროდ, თავად მოსამართლეთა კორპუსი ამ საჭირბოროტო საკითხებზე მსჯელობისას სრული დუმილით შემოიფარგლება.
ბოლო დროს საერთო სასამართლოებში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ამ სფეროში კრიზისია.
შემოდგომაზე მე ვახსენე ამ კრიზისის გადაწყვეტაში ევროპის კავშირის ექსპერტთა მისიის ჩართულობის აუცილებლობა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - ჩვენ გვჭირდება მაღალავტორიტეტულ ევროპელ ექსპერტთა მისია, რომელიც სასამართლო კრიზისის ზუსტ მიზეზებს დაადგენს და გამოკვეთს იმ გზებს, რომლითაც ამ კრიზისიდან უნდა გამოვიდეთ.
სასამართლო სისტემის უკვე ტრადიციად ქცეული სირთულეების ფონზე, უმნიშვნელოვანესი იქნებოდა ყველაზე თამამი და არაორდინალური მოსაზრებების მოსმენა, სწორედ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში. ვფიქრობ, თუ ეს იდეები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან კოორდინაციაში ჩამოყალიბდება, რევოლუციურ გარდატეხას შეიტანდა სასამართლო სისტემის ფუნქციონირებაში.
მოქალაქე დაუცველია, თუ მას არ აქვს სამრთლიანი სასამრთლოს უფლება!
მოქალაქე დაუცველია, როდესაც ხელყოფილია მისი უფლება ილოცოს, როდესაც მას ამცირებენ ეთნიკური წარმომავლობის გამო; მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას სდევნიან მისი განსხვავებულობის გამო, როდესაც მას ჩაგრავენ სექსუალური ორიენტაციის გამო; მოქალაქე დაუცველია, როდესაც მას არასათანადოდ ეპყრობიან სამართალდამცავები, როდესაც მას დევნიან პოლიტიკური, თუ სხვა ნიშნით, როდესაც მასზე ძალადობს ის, ვისაც მისი დაცვა ევალება, როდესაც მისი პირადი ცხოვრება არ არის ხელშეუხებელი, როცა მას უკანონოდ უსმენენ.
სახელმწიფოს უსაფრთხოება დაუცველია, სანამ არ არის დაცული ქვეყნის თოთოეული მოქალაქე!
უახლოეს ხანში თქვენ ამ ტრიბუნიდან სახალხო დამცველი მოგმართავთ მოხსენებით, რომელშიც ბევრ პრობლემურ საკითხზეა გამახვილებული ყურადღება.
სახალხო დამცველი კონსტიტუციური თანამდებობაა და მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშზე ადეკვატური რეაგირება, სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. შესაბამისად სახალხო დამცველის ანგარიშის ანალიზი და გათვალისწინება ბევრ საფრთხეს აგვაცილებს. გვახსოვდეს, ერთეულ გადაცდომაზე მკაცრი რეაგირება თავიდან აგვარიდებს მახინჯი შემთხვევების სახელმწიფოებრივად საშიშ ტენდენციებად ჩამოყალიბებას. გვახსოვდეს, ასეულობით ჩვენი მოქალაქე ელოდება რეაგირებას სამართალდამცავების მხრიდან ძალის გადამეტების, უკანონო პატიმრობის, სამართლიანი სასამართლოს შეზღუდვის, ხანდაზმულების, ბავშვების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დარღვევის, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის, გარემოზე დამაზიანებელი ზემოქმედების, თუნდაც ერთეულ შემთხვევებზე. მცდარია შეხედულება, თითქოს პოლიტიკური რეაგირებისთვის აუცილებელია დანაშაულის სისტემურობა. პრევენცია, ერთეული შემთხვევაზე პრინციპული რეაგირებით იწყება.
რაც შეეხება კრიმინოგენულ ვითარებას, რაც, ასევე აღელვებს საზოგადოებას, ადრეც მითქვამს, კრიმინალთან ეფექტიანი ბრძოლისთვის გადამწყვეტია უწყებათაშორისი და ამავე დროს, საზოგადოების გამაერთიანებელი პროგრამები. ასეთი თანამშრომლობის კარგი მაგალითია ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც ერთობლივად განხორციელდა რამდენიმე სახელმწიფო უწყების მიერ და, რომელმაც მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ასეთი პროგრამების განხორციელებაში, გიდასტურებთ ჩემს მხარდჭერას.
მინდა მივმართო ქართულ მედიასაც: თქვენ ასაჯაროვებთ დემოკრატიის წყაროს - ხალხის ხმას; თქვენ აკონტროლებთ ხელისუფლებას და აკრიტიკებთ გადაცდომებს; თქვენ ქმნით საზოგადოებრივ აზრს! ეს ნიშნავს, რომ თქვენ - ქართული მედია - რეალურად ჩამოყალიბდით, როგორც მეოთხე ხელისუფლება და თქვენი - ქართული მედიის, როგორც შემდგარი ხელისუფლების შტოს, ეფექტიანი მუშაობა თავისუფალ გარემოში, აუცილებელია სახელმწიფოს სწორი ფუნქციონირებისთვის.
ჩვენ ვნახეთ, რამდენად კონსოლიდირებულნი იყავით, როდესაც რამდენიმე თქვენგანს საფრთხე შეექმნა; ჩვენ ვნახეთ, რამდენად ეფექტიანად მოახდინეთ არა მხოლოდ კოლეგების, არამედ ქართული საზოგადოების გაერთიანება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპის - სიტყვის თავისუფლების დასაცავად. მედიაში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადად გამოკვეთა, რომ თქვენი ძალა თქვენს ერთობაშია. მე ვისურვებდი, კიდევ უფრო მეტად გაძლიერდეთ... მზად ვარ დაგეხმაროთ ეფექტიანი დიალოგის გაღრმავებაში სისტემური და კომპლექსური გაძლიერებისთვის.
ამავე დროს, რაც შეეხება მედიის კუთხით არსებულ პრობლემებს ჩვენს საზოგადოებასთან ერთად, საერთაშორისო საზოგადოებაც აქტიურად ელოდება სახიფათო და გაუმჭვირვალე პროცესების დასრულებას მედიასივრცეში.
დემოკრატია, მეტი დემოკრატია არის პასუხი ყველა პრობლემაზე. ადგილობრივი პრობლემების მოგვარების ბერკეტი დეცენტრალიზაციასა და არჩევითობაშია.
მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს: ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ჩვენ გვჭირდება რეალური თვითმმართველობა; გვჭირდება საარჩევნო რეფორმა და მე ამ საკითხში მხარს ვუჭერ თქვენს კონსოლიდირებულ ძალისხმევას.
მაგრამ უმნიშვნელოვანესია, ჩვენს საზოგადოებას ახალი არჩევანი ძლიერმა პოლიტიკურმა აქტორებმა შესთავაზონ. ქართული დემოკრატიისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ძლიერი პოლიტიკური მოთამაშეების ჩამოყალიბება. მოძებნეთ გამაერთიანებელი იდეები, იპოვეთ ერთმანეთთან მისასვლელი გზები და მრავალჯერ იმედგაცრუებულ ამომრჩეველს შესთავაზეთ ძლიერი არჩევანი.
გასულ წელს მე მხარი დავუჭირე პრემიერის ოთხ ინიციატივას, მათ შორის განათლების სფეროს ფუნდამენტური რეფორმირების იდეას და 2017 წელი განათლების წლად გამოვაცხადე. ამ წლების განმავლობაში სარეზერვო ფონდიდან ჩვენ ათეულობით საგანმანათლებლო პროექტი დავაფინანსეთ და წელსაც განვაგრძობთ სხვადსხვა პროექტის დაფინანსებას. მიგულეთ თქვენს პარტნიორად საგანმანათლებლო ინიციატივებსა და რეფორმებში, რადგანაც ქვეყანაში არსებული ყველა პრობლემა, რეალურად სწორედ განათლებასთან არის დაკავშირებული.
განათლება დაცულობის გარანტიაა! ჩვენ ცოდნა გვიცავს! გვიცავს სიცრუისგან, სიყალბისგან , მანიპულირებისგან!
განათლება თავისუფლების წინაპირობაა; განათლებული და მოაზროვნე ადამიანი იაზრებს თავის არჩევანს და იცავს თავის უფლებებს; განათლებულ ადამიანს ვერც პროპაგანდა დააბნევს და ვერც ხელოვნური საფრთხობელა დააშინებს; განათლება და სახელმწიფოებრივი აზროვნება პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან. მხოლოდ მაშინ შეგიძლია დაიცვა საკუთარი და ქვეყნის თავისუფლება, როდესაც იაზრებ ღირებულებებს როგორც მოქალაქე, როგორც შენი ერის შვილი, როგორც შენი ერის მეხსიერების მატარებელი; როდესაც იცი ვინ იყავი, ფიქრობ იმაზე ვინ იქნები ხვალ და შესაბამისად, როგორ უნდა მოიქცე დღეს იმისათვის, რომ არ უღალატო საკუთარ დანიშნულებას და იყო ნამდვილად თავისუფალი.
დაბოლოს, სწორედ ჩვენი მოქალაქეების, ყველა ჩვენგანის, თქვენი თავისუფლებისთვის, კანონზე, რომელმაც ბოლო დროს ყველაზე მეტი ღელვა გამოიწვია, საზოგადოების აქტიურობიდან და ერთიანი სულისკვეთებიდან გამომდინარე, მე გადავწყვიტე ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით მხარი დავუჭირო მოქალაქეების სარჩელს და მივმართო საკონსტიტუციო სასამართლოს განსხვავებული სტატუსით - სასამართლოს მეგობრის სტატუსით, რაც მე მომცემს შესაძლებლობას დავეხმარო სასამართლოს უკეთესი გადაწყვეტილების მიღებაში.
გმადლობთ ყურადღებისთვის!